გადაწყვეტილება №20651/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 02.10.2023
№ დოკუმენტი 20651/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20651/2/2023

02 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 24.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20651/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შეღავათის გამოყენების მართლზომიერება;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №081-321 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18436 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 659 654,77 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 313 841

დღგ - 291 446

მოგების გადასახადი - 3 938

საშემოსავლო გადასახადი - 10 359

ქონების გადასახადი - 8 098

ჯარიმა - 152 890

საურავი - 192 923,77

 

პროცედურული გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის ძირითადი საქმიანობაა სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება.

აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №081-321 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

 

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18436 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებს საცალოდ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მეშვეობით. ანაზღაურება ხდება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

2019 წლის საანგარიშო პერიოდში საბუღალტრო პროგრამა ორისში გადამხდელი 7211 ანგარიშზე ახდენს ყოველთვიურად გამოყენებული პროდუქციის ჩამოწერას თანხობრივად. აღნიშნულ საანგარიშო წელს გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები ბასს-ის და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, არ ხდება სმფ-ების სახეობრივი და რაოდენობრივი აღრიცხვა. გადამხდელს არ გააჩნია მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთების შესახებ მონაცემები, რითაც სრულად იქნებოდა შესაძლებელი დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. აღნიშნული აღრიცხვით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, კერძოდ სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები, ასევე სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი, შემოწმების პროცესში მოხდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის საბუღალტრო მონაცემების გამოყენება, კერძოდ 2020 წელს გადამხდელმა დანერგა ახალი საბუღალტრო პროგრამა „ფინა“, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის სრულყოფილად შესწავლა და რომელიც აკმაყოფილებს ბასს-ის და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. შესაბამისად მოხდა დეკლარირებული და ბუღალტრული მონაცემების შესწავლა, ბუღალტრული ფასნამატების გამოყვანა, რომელიც გავრცელდა გადამხდელის მიერ 2019 წელს ჩამოწერილ საქონელზე შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

გამომდინარე აქედან დადგინდა, რომ სხვადასხვა პერიოდებში გადამხდელს რეალიზებული აქვს წარმოებული პროდუქცია, თუმცა სრულად არა აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა საკვები პროდუქტის შესყიდვის აქტები, რომლებიც არ არის გატარებული ბუღალტრულ პროგრამებში, მოხდა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია და გათვალისწინება დასაბეგრ ბრუნვებში. შემოწმების შედეგად, დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი პირს არ ჰქონდა დაბეგრილი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში, დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვების პროპორციის მიხედვით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათავლისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ არ ხდება სმფ-ების სახეობრივი და რაოდენობრივი აღრიცხვა. გადამხდელს არ გააჩნია მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთების შესახებ მონაცემები, რითაც სრულად იქნებოდა შესაძლებელი დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა.

არსებული აღრიცხვით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები, ასევე სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებს საცალოდ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის მეშვეობით. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში საბუღალტრო პროგრამა ორისში გადამხდელი 7211 ანგარიშზე ახდენს ყოველთვიურად გამოყენებული პროდუქციის ჩამოწერას თანხობრივად. შემოწმებით განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის საბუღალტრო მონაცემების გამოყენება, კერძოდ 2020 წელს გადამხდელმა დანერგა ახალი საბუღალტრო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის სრულყოფილად შესწავლა, შესაბამისად მოხდა გადამხდელის დეკლარირებული და ბუღალტრული მონაცემების შესწავლა და ბუღალტრული ფასნამატების გამოყვანა, რომელიც გავრცელდა გადამხდელის მიერ 2019 წელს ჩამოწერილ საქონელზე შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გამომდინარე აქედან დადგინდა, რომ სხვადასხვა პერიოდებში გადამხდელს რეალიზებული აქვს წარმოებული პროდუქცია, თუმცა სრულად არა აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა საკვები პროდუქტის შესყიდვის აქტები, რომლებიც არ იყო გატარებული ბუღალტრულ პროგრამაში, მოხდა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია და გათვალისწინება დასაბეგრ ბრუნვებში. შემოწმების შედეგად, დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაცია პირს არ ჰქონდა დაბეგრილი, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში, დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვების პროპორციის მიხედვით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა საკმარისი საბუღალტრო მონაცემები იმისთვის, რომ ყოველთვიურად დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო გადასახადების მიზნებისთვის დადგენილიყო: კომპანიის ხარჯები, რეალიზაცია, ფასნამატი, ჩამოწერები და შესყიდვები. ეს ის მონაცემებია, რომლებიც აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოში არსებული ნებისმიერი გადასახადის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა მოხდეს პირდაპირი მეთოდით. როგორც დასკვნაშია მოცემული, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ჩამოწერა ხდება ყოველთვიურად და არა ყოველდღიურად. არ არსებობს საქართველოში გადასახადი, რომლის დეკლარირების ვადა 1 თვეზე ნაკლები იყოს. თვის ჭრილში არსებული მონაცემები აბსოლუტურად საკმარისია ყველა გადასახადით დასაბეგრი ბაზის დათვლის მიზნებისთვის. თუ შემოწმება კომპანიის მონაცემებს არ ენდობა, იგივე არგუმენტი შეეძლო ეთქვა, ყოველდღიური ჩამოწერის შემთხვევაშიც, რომ შესაძლოა ციფრები იყოს არასწორი და ა.შ.

აუდიტორი აქტში აღნიშნავს, რომ კომპანიას საბუღალტრო პროგრამა ორისში არ აქვს ანალიტიკურად რაოდენობრივ ჭრილში ნაწარმოები სმფ-ების აღრიცხვა, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ საქონლის ჩამოწერა ხდებოდა ყოველთვიურად. გაუგებარია, რას ცვლის ყოველდღიური რაოდენობრივ ჭრილში აღრიცხვის არ არსებობა საბუღალტრო პროგრამა ორისში, მაშინ როდესაც საქონლის ანალიტიკური აღრიცხვა, კალკულაციები და ყოველთვიური ინვენტარიზაციები წარმოებდა ექსელში, რის საფუძველზეც ხდებოდა ჯამური ციფრის გატარება საბუღალტრო პროგრამა ორისში. მოქმედი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდები, თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით მოქმედი საკანონმდებლო ნორმა დღეს უფრო შემსუბუქებულია, ვიდრე ეს იყო წარსულში, გარკვეული დროის განმავლობაში. კერძოდ, წარსულში საგადასახადო ორგანოს იმ შემთხვევაშიც ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების, თუ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით. ახლა კი ეს პირობა აღარ არის საკმარისი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისთვის. ანუ, თუ გადასახადის გადამხდელი კანონმდებლობის სრული დაცვით არ აწარმოებს ბუღალტერიას, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაცია არსებობს და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, მაშინ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანი არ არის გადასახადის გადამხდელის აუცილებლად დასჯა. არაპირდაპირი მეთოდი არის გამოსავალი, როცა შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის პირდაპირი განსაზღვრა და შემოწმებას უბრალოდ მეტი გზა აღარ დარჩა დაბეგვრის ობიექტების განსაზღვრისთვის. არაპირდაპირი მეთოდის რეალური მიზანი უნდა იყოს იგივე შედეგების მიღება, რაც პირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში მიიღებოდა, თუმცა ფაქტია, რომ რეალობაში ასე არ ხდება და ასეთი მეთოდი მაღალი უზუსტობით გამოირჩევა, ამიტომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ „გამოუვალ სიტუაციაში“, როცა პირდაპირი მეთოდის გამოყენების საშუალებას ბუღალტრული აღრიცხვა ან დოკუმენტაცია ვერანაირად ვერ იძლევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიას მოწოდებული აქვს ყველა მონაცემი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ პირდაპირი მეთოდით მოხდეს ყოველთვიური გადასახადის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა. გასათვალისწინებელია, რომ კომპანია არც ერთხელ არ არის დაჯარიმებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების დროს. შესაძლოა კომპანია არ ახორციელებდა აღრიცხვას კანონმდებლობის სრული დაცვით, რადგან ყოველთვიურ ჩამოწერას ახდენდა და არა ყოველდღიურს, თუმცა წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემებით არ არის შეუძლებელი დაბეგვრის ობიექტის დადგენა - ეს კი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მთავარი წინაპირობის არ არსებობაზე მიუთითებს. მხოლოდ შემმოწმებლის ეჭვი, რომ აღნიშნული მონაცემები შესაძლოა არასაიმედო იყოს, ასევე ის, რომ მათი წარმოდგენა თავიდანვე ვერ მოხერხდა, არ უნდა გახდეს არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვის საფუძველი.

აუდიტორის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით 2019 წელს კომპანიის შემოსავალი გაზრდილია 1 599 244 ლარით, შესაბამისად გადასახადის გადამხდელზე დამატებით დარიცხულია დღგ. აუდიტორის გაანგარიშებით კომპანიის ფასნამატი (დღგ-ის გარეშე თანხიდან) შეადგენს 345%-ს, რაც ბუნებაში და სარესტორნო ბიზნესში წარმოუდგენელია, შესაბამისად კატეგორიულად მიუღებელია აუდიტორის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება.

რესტორანი არ წარმოადგენს ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს ქვეშ ფუნქციონირებადი რესტორნის კლასს. თუნდაც ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს ქვეშ არსებულ რესტორანშიც კი არ აქვს 345%-იანი ფასნამატი დღგ-ის გარეშე თანხიდან. რესტორანი წარმოადგენს საბანკეტო და სადღესასწაულო რესტორანს, რომელიც მუშაობს საღამოს საათებში, რომლის მომხმარებლებიც არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, ხოლო ზაფხულის სეზონზე ამას ემატება დაბალბიუჯეტიანი ტურისტები, შესაბამისად მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, გათვლილია ამ სეგმენტზე, რაც არ გვაძლევს საშუალებას მაღალი ფასნამატით მოვახდინოთ კერძების რეალიზაცია.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული რესტორანი შეძენილია 2017 წლის ოქტომბერში, ხოლო ოპერირება დაწყებულია 2018 წელს. ძველ რესტორანს ჰქონდა ძალიან ცუდი რეპუტაცია, რესტორანს მომხმარებლები საერთოდ არ ჰყავდა, რის გამოც ძველმა მფლობელმა გაყიდა. კლიენტების მოზიდვისა და რეპუტაციის ამაღლების მიზნით კომპანიის ხელმძღვანელობა იძულებული იყო მომხმარებლებისათვის შეეთავაზებინა ადეკვატური ფასები და მაღალი ხარისხი, რაც გამოიხატებოდა კერძების ხარისხის ამაღლებითა და საბოლოო მომხმარებლების კმაყოფილებით. ამასთანავე, რადგანაც რესტორანი ახალი გახსნილი იყო, სატესტო რეჟიმში ხდებოდა კერძების მოდიფიცირება, გამოცდა, დამზადება, რაც ასევე დანახარჯებთან იყო დაკავშირებული და რომელი დანახარჯების საკმაოდ დიდი წილი ზის თვითღირებულებაში, თუმცა მიუხედავად ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა წარმოდგენილი საბუღალტრო მონაცემებით ფასნამატი შეადგენდა 195%-ს, რაც ადეკვატურია ასეთი ტიპის რესტორნისათვის.

შემმოწმებლის პრეტენზიები არის ის, რომ გადამხდელმა ვერ წარმოადგინა შეკვეთების ორდერები და შესაბამისი პერიოდის მენიუ, ასევე შემოწმების მიერ გამოყენებული იყო 2020 წელს გაცხადებული ფასები.

შესამოწმებელი პერიოდი 2019 წელს მოიცავდა მხოლოდ, შესაბამისად 2020 წლის გაცხადებული ფასების გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა მოცემულ შემთხვევაში.

შეკვეთების ორდერებს და მენიუს რაც შეეხება, შესამოწმებელ პერიოდზე კომპანიამ აუდიტორს წარუდგინა რესტორნის რეალიზაციის ყოველთვიური ანალიტიკური ცხრილები, სადაც მოცემული იყო დეტალური ინფორმაცია, კერძოდ თითოეული კერძის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის სარეალიზაციო ფასი და სულ გამომუშავებული შემოსავალი, ასევე თითოეული კერძის კალკულაციის ბარათები, რომელიც საშუალებას აძლევდა აუდიტორს დაენახა სრული სურათი მარაგის მოძრაობის ნაწილში, შესაბამისად არ არის განმარტებული მეტი სხვა რა ინფორმაცია უნდა ყოფილიყო მიწოდებული იმისათვის, რომ მოეხდინა შემოსავლების დათვლა პირდაპირი მეთოდით, აუდიტორს იმდენად დეტალური ინფორმაცია მიეწოდა, პირდაპირი მეთოდით უფრო მარტივად შეეძლო გაანგარიშების გაკეთება, ვიდრე არაპირდაპირი მეთოდით, ამიტომ ამის საფუძველი არ ჰქონია, თუმცა არ გაითვალისწინა, არ გაიზიარა ის ინფორმაცია, რაც იქნა მიწოდებული, რისი საფუძველიც ფიზიკურად არ ჰქონდა. აუდიტორს რომ გაეზიარებინა წარდგენილი ინფორმაცია, ისედაც ვლინდებოდა სხვაობა დასაბეგრი ბრუნვის ნაწილში, კერძოდ კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებსა და საანგარიშგებო წლის ბოლოს აუდიტორისათვის წარდგენილი, ფაქტობრივად არსებული მარაგის ნაშთები არ მოდიოდა შესაბამისობაში ანალიტიკური მარაგების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ნაშთის რაოდენობებსა და თვითღირებულებასთან, შესაბამისად, რაც თვალსაჩინო იყო იქიდან უნდა მოეხდინა გადასახადის დაანგარიშება და დარიცხვა, რასაც გადასახადის გადამხდელი არ უარყოფს.

ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები არასწორია. სადავო დარიცხვები ძირითადში ფასნამატის ცვლილებით არის გამოწვეული და გადასახადის გადამხდელის არაკეთილსინდისიერებას ადგილი არ აქვს.

საქმის გარემოებათა სრულყოფილად შეუსწავლელობამ გამოიწვია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად სადავოა საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის არა მხოლოდ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, არამედ ამ მეთოდის სწორად გამოუყენებლობაც. ფასნამატის ცვლილების მიზანშეწონილობა და აუცილებლობა დასაბუთებული არ არის. ამასთან, rs.ge საიტზე განთავსებულია სათანადო დოკუმენტაცია საქონლის შეძენის თაობაზე. შესაბამისად, გამოთვლადი და დადგენადია რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. აქედან გამომდინარე, ჯერ ერთი, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ არ უნდა გამოყენებულიყო გაზრდილი ფასნამატი და მეორეც გამოყენების შემთხვევაში კი ათვლა უნდა მომხდარიყო შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ რეალიზაციებზე ფასნამატის სწორი მისადაგებით, საქონლის თვითღირებულების გათვალისწინებით. დასახელებული არგუმენტების პასუხად კი შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საბუღალტრო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოების გამო შემოწმებამ გამოიყენა 2020 წლის გაცხადებული ფასები და 2019 წელში საკონტროლო შესყიდვის დროს დაფიქსირებული ალკოჰოლური/არაალკოჰოლური სასმელების, სიგარეტის ფასნამატი, რაც აღმოჩნდა გაცილებით მეტი, ვიდრე გადასახადის გადამხდელს ჰქონდა მითითებული, თუმცა შემოწმებით დადგენილი ფასის გავრცელება მოხდა მთელ გასულ პერიოდზე საქონლის არაიდენტიფიცირებულ რეალიზაციებზე, რაც არასწორია.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების ჩატარება შემოსავლების სამსახურის დიკსრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აუდიტორის უფლება, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს მას თვითნებური შეფასების უფლებამოსილება გააჩნდეს. აუდიტორის გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე. თუ გადასახადის გადამხდელს ეფექტური სააღრიცხვო სისტემა გააჩნია თანმხლები დოკუმენტაციით, თუმცა დოკუმენტები სრულად არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ეს არ უნდა იყოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულ ჩანაწერებში ცალკეული ოპერაციების გამოტოვება არ შეიძლება უპირობოდ სააღრიცხვო სისტემის არასანდოობაზე დასკვნის საფუძველი გახდეს. შესაბამისად, ამ ფაქტორის გამო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაც არ იქნება გამართლებული.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო დარიცხვები არასწორია და შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ვალდებულებების დადგენა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. გასაჩივრებული აქტები ნაჩქარევად, საქმის სათანადო შესწავლის და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

სადავო აქტები ვერ აქარწყლებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებს. დავის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე შემოწმებამ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ გასაჩივრებული აქტების მიღების დროს მათ მიერ დაცული იყო არსებული რეგულაციები და სადავო აქტები თავის დროზე კანონშესაბამისად იქნა მიღებული. ასეთი არგუმენტები გასაჩივრებულ აქტებში არ არის მოცემული. შესაბამისად, უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გადასახადის გადამხდელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

განსახილველ შემთხვევაში შემმოწმებელს პასუხისმგებელი პირებისგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ინფორმაციების გამოთხოვის გზით უნდა გაერკვია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ გარემოების გარკვევას და დასაბუთებას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს გადასახადის გადამხდელთან მიმართებაში ადგილი ხომ არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის (უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე) იმპერატიული დანაწესის დარღვევას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს/კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტის მიღწევას, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლაგამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოება გამოკვლევას, რომ კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებას და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს ამ თუ იმ გადაწყვეტილებამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა სამართლის ნორმისა და ადმინისტრაციული ორგანოს, შესაბამისად სახელმწიფოსადმი ნდობის პირნციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე მითითებით გასაჩივრებული აქტების მიღების უფლებამოსილება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს შემმოწმებელს თვითნებური შეფასების უფლებამოსილება გააჩნდეს. ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები შემოწმების მასალების გამართლების მცდელობას უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე ნეიტრალური პოზიციიდან სადავო საკითხის სათანადო შესწავლის/გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასაბუთებულ/არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას.

ზემოთ აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის მიერ. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც. მიზანშეწონილობა კი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული აქტები/სადავო დარიცხვები არასწორია და შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების დადგენა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა ისე, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.

გადასახადის გადამხდელის და სახელმწიფოს ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულებიდან (ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში შემმოწმებელს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზემოთ აღნიშნული დარღვევების არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 2019 წლის საანგარიშო პერიოდში საბუღალტრო პროგრამა ორისში გადამხდელი 7211 ანგარიშზე ახდენს ყოველთვიურად გამოყენებული პროდუქციის ჩამოწერას თანხობრივად. აღნიშნულ პერიოდში არ ხდება სმფ-ების სახეობრივი და რაოდენობრივი აღრიცხვა. გადამხდელს არ გააჩნია მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთების შესახებ მონაცემები, რითაც სრულად იქნებოდა შესაძლებელი დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის 2020 წლის საბუღალტრო მონაცემების გამოყენებით შესწავლილი იქნა დეკლარირებული და ბუღალტრული მონაცემები, გამოყვანილი იქნა ბუღალტრული ფასნამატები და გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წელს ჩამოწერილ საქონელზე შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა საკვები პროდუქტის შესყიდვის აქტები, რომლებიც არ არის გატარებული ბუღალტრულ პროგრამებში, მოხდა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია და გათვალისწინება დასაბეგრ ბრუნვებში.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო შემოწმება საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა დრო იმისთვის, რომ წარმოედგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც არ იქნა წარმოდგენილი. გადასახადის გადამხდელმა ახსნაგანმარტებაში მიუთითა, რომ დაეტბორა საწყობი, სადაც იყო ძველი პერიოდის ჩეკები, აღრიცხვა, შეკვეთის ორდერები, შესაბამისად, ფიზიკურად არ არსებობდა და ვერ წარმოადგენდა. 2020 წელს გადასახადის გადამხდელს დეტალურად აქვს აღრიცხვა და ფასნამატის ნაწილში დაახლოებით ემთხვევა გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლი ღონისძიების ფარგლებში დაფიქსირებულ ფასნამატებს. ასევე, წარმოდგენილია 2020 წლის შეკვეთის ორდერებიც.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის საფუძველზე შეუძლებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შეღავათის გამოყენების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს წარდგენილი აქვს 2019-2020 წლების საშემოსავლო გადახდის ყოველთვიური დეკლარაციები. დეკლარაციების, საბანკო ანგარიშების და საბუღალალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობა საშემოსავლო გადასახადის ანგარიშში. სხვაობები გამოწვეულია იმითაც, რომ გადასახადის გადამხდელი რიგ ფიზიკურ პირებს ათავისუფლებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულებისგან, შემოწმებისათვის აღნიშნულ ფიზიკურ პირთა შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი ცნობა წარმოდგენილი არ არის. მომჩივანს გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.

მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა სადავო არ არის და არგუმენტებს არ წარმოადგენს.

ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 152 790 ლარი და საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით 100 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №081-321 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 659 654,77 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოცემულ შემთხვევაში კომპანიაზე სანქცია დაკისრებული იქნა იმის გამო, რომ სრულად არ/ვერ ხდება ხარჯების დოკუმენტურად დადასტურება. შემმოწმებლის მხრიდან არ ხდება ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი) გაანგარიშება. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით (შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატით) დაუსაბუთებლად იქნა გაზრდილი დაბეგვრის ობიექტი. მოცემულ შემთხვევაში გადასახადებისთვის თავის არიდების მცდელობას (არაკეთილსინდისიერებას) ადგილი არ ჰქონია. საყურადღებოა ის, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მხრიდან რაიმე სახის საგადასახადო სამართალდარღვევა არ ფიქსირდება.

კომპანიის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი შეღავათი და უნდა გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციისაგან (საურავისგან).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2-22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1.საჩივარი მე-2 დავის საგნის ნაწილში (საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო შეღავათის გამოყენების მართლზომიერება) დარჩეს განუხილველი;

2.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ სადავო დარიცხვები არასწორია.გასაჩივრებული აქტები ნაჩქარევად, საქმის სათანადო შესწავლის და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

3.კომპანიის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი შეღავათი და უნდა გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციისაგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.სხვადასხვა პერიოდებში გადამხდელს რეალიზებული აქვს წარმოებული პროდუქცია, თუმცა სრულად არა აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. ასევე, შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა საკვები პროდუქტის შესყიდვის აქტები, რომლებიც არ არის გატარებული ბუღალტრულ პროგრამებში, მოხდა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია და გათვალისწინება დასაბეგრ ბრუნვებში. დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი პირს არ ჰქონდა დაბეგრილი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში, დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვების პროპორციის მიხედვით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2.მომჩივანს წარდგენილი აქვს 2019-2020 წლების საშემოსავლო გადახდის ყოველთვიური დეკლარაციები.გამოვლინდა სხვაობა საშემოსავლო გადასახადის ანგარიშში.სხვაობები გამოწვეულია იმითაც, რომ გადასახადის გადამხდელი ფიზიკურ პირებს ათავისუფლებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულებისგან, შემოწმებისათვის აღნიშნულ ფიზიკურ პირთა შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი ცნობა წარმოდგენილი არ არის. მომჩივანს გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

3.გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით და საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით 100 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2. საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

7395),136(3),161,275,291.