ბრძანება N 7698
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7698
13/03/2020
სს -----
(მის: ქ. -------- )
2020 წლის 21 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა სს ----- ს 020 წლის 21 იანვრის N11511/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 31 დეკემბრის N094-304 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 30 იანვარს და 05 მარტს გამართულ სხდომებზე (ოქმი N4, N13).
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად, სს ----- განხილული იქნა შვილობილი არარეზიდენტი კომპანია ----- ს საინვესტიციო-საკონსულტაციო სერვისის მიმწოდებლად (მომსახურების გამწევად), რასაც არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ბანკს არანაირი საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაცია არ აქვს უშუალოდ მის დაფუძნებულ არარეზიდენტ კომპანიასთან განხორციელებული. წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი მიუთითებს, რომ სს ----- ს გაფორმებული აქვს შრომითი ხელშეკრულება საქართველოს მოქალაქე და ამავდროულად ------- რეზიდენტ ფიზიკურ პირთან, დაქირავებული პირდაპირ ექვემდებარება ბანკის გენერალურ დირექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. ის ფაქტი, რომ დაქირავებული იმავდროულად არის სს ----- ს შვილობილ არარეზიდენტ კომპანია ---- ს გენერალური დირექტორი, არ შეიძლება გამოყენებული იქნეს შინაარსის გაუთვალისწინებლად ოპერაციის ფორმის შეცვლის საფუძვლად. ბანკის მიერ ზემოაღნიშნული შრომითი კონტრაქტის გაფორმების გადაწყვეტილება არ არის მოტივირებული გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, არამედ მას აქვს ეკონომიკურად დასაბუთებული არგუმენტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს მოგების გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 24 დეკემბრის N45721 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს -----ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 იანვრამდე პერიოდში საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის ავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების კუთხით. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 31 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 31 დეკემბერს გამოსცა N47727 ბრძანება და ამავე თარიღის N094-304 „საგადასახადო მოთხოვნა“,რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 488 660.81 ლარი, მათ შორის გადასახადი 433 370 ლარი, ჯარიმა 43 337 ლარი და საურავი 11 953.81 ლარი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციითა და შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სს ----- ს აქვს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაცია თავის შვილობილ არარეზიდენტ კომპანია - ---- -თან, კერძოდ, სს ----- ხელფასის ხარჯებს უნაზღაურებს ----- ს დირექტორს. დაქირავებული პირი არის ------- რეზიდენტი და საშემოსავლო გადასახადს იხდის ----- ში, რაზეც წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია.
გადასახადის გადამხდელის მიერ ჯამური ანაზღაურება, რომელიც აღნიშნულ დირექტორს უკავშირდება წლების მიხედვით შემდეგია:
• 2016 - 1 344 630.94 ლარი;
• 2017 - 354 312.15 ლარი.
საგადასახადო ორგანოს მიერ, სს ----- განხილული იქნა, როგორც საინვესტიციო საკონსულტაციო სერვისის მიმწოდებელი, ვინაიდან ეგთო-ს სახელმძღვანელოს მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ მხარეებს შორის ოპერაციები ისე უნდა შეფასდეს, როგორც აღნიშნული განხორციელდებოდა დამოუკიდებელ მხარეებს შორის. კომპანიის თანამშრომელი ზრდის სს ----- ს კონსოლიდირებულ მოგებას, მაგრამ ტრანსფერფრაიზინგის მიზნებისთვის, ორი კომპანიის სს ----- , ----- ში ----ის დაფუძნებული ბანკი) მომგებიანობა განიხილება ცალ-ცალკე.
ეგთო-ს სახელმძღვანელოს მიხედვით, შიდა-ჯგუფური მომსახურება არის საქმიანობა (მაგალითად ადმინისტრაციული, ტექნიკური, ფინანსური, კომერციული), რომელშიც დამოუკიდებელი მხარე გადაიხდის საფასურს, ან/და თვითონვე შეასრულებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი, შემოსავლების სამსახურს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოახდინოს დასაბეგრი მოგების კორექტირება, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ერთი ან მეტი კონტროლირებული ოპერაციის პირობა არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ზემოაღნიშნულ ოპერაციას არ განიხილავს კონტროლირებულად. შესაბამისად, გაწეულ მომსახურებას არ აღრიცხავს შემოსავალში.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბერის N423 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია და ეგთო-ს სახელმძღვანელო მითითებები მულტინაციონალური კომპანიებისა და საგადასახადო ორგანოებისთვის აკეთებს მითითებას, იმაზე, რომ ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებს, რომელთაც აქვთ შიდა ბიზნეს ტრანზაქციები, ოპერაციების ფასს უნდა განსაზღვრავდეს გაშლილი ხელის პრინციპის შესაბამისად და საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციაზე არ ჰქონდა მომზადებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა, ვინაიდან ოპერაციას არ განიხილავდა კონტროლირებულ ოპერაციად.
სატრანსფერო ფასწარმოქმნის განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ ფასნამატის მეთოდი შერჩეულ იქნა, როგორც ყველაზე საიმედო მეთოდი, შესაბამისად, ფასნამატი (mark up) დაედო სს ----- ს მიერ დაქირავებულ პირზე, გაწეულ ხარჯებს კონტროლირებულ ოპერაციაში.
მეთოდის გამოსაყენებლად შესრულებულ იქნა შედარებითობის და „ბენჩმარკ“ ანალიზი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მსგავს სექტორში მოქმედი, დამოუკიდებელი, საკონსულტაციო კომპანიების.
შერჩეული ქვეყნები, დანარჩენ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საკრედიტო რეიტინგით და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობით ყველაზე ახლოს არიან საქართველოსთან. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ ამ ქვეყნებში მოქმედი კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები და საქართველოში მოქმედი კომპანიის ხარჯებიდან ამონაგები (მომგებიანობა) მეტ-ნაკლებად ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს.
ძიების შედეგად გამოვლენილი იქნა 147 პოტენციური შესადარებელი კომპანია. შესაბამისი საიტების შემოწმების შემდეგ გამოიკვეთა 10 შესადარებელი კომპანია, თუმცა შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ მათი დიდი ნაწილის (7) პროფილი სხვა მომსახურებებს აერთიანებდა ან სხვა პროფილით მუშაობდა. საბოლოო შესადარებლად გამოყენებულ იქნა 3 კომპანია.
შესაბამისი ფასნამატის გამოთვლის შედეგად, 2016, 2017 და 2018 წლების საშუალო ფასნამატის მაჩვენებელი გამოყენებულ იქნა ბიზნეს და ეკონომიკური ციკლების გავლენების შესამცირებლად.
შემოწმებით, ზემოაღნიშნული მეთოდით დადგენილი ფასნამატი (mark up) დაედო სს ------ს მიერ დაქირავებულ პირზე, გაწეულ ხარჯებს კონტროლირებულ ოპერაციაში და განისაზღვრა საინვესტიციო საკონსულტაციო სერვისის მიწოდებით მიღებული შემოსავლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაზრდილი იქნა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ორი პირი ურთიერთდამოკიდებულია, თუ ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში.
ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
ეგთო-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელოს მიხედვით:
1.64: ....მართებულია და ლეგიტიმურია, რომ საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინოს გადამხდელის მიერ გაკონტროლებულ ტრანზაქციაში გამოყენებული სტრუქტურა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრანზაქციის ეკონომიკური შინაარსი განსხვავდება, მისი ფორმისგან. ასეთ დროს, საგადასახადო ადმინისტრაციას შეუძლია არ გაითვალისწინოს ტრანზაქციის მხარეების მიერ მოცემული დახასიათება და შინაარსის მიხედვით გადააწყოს ის.
1.65: ....თუმცა, არსებობს ორი შემთხვევა, როდესაც გამონაკლისის სახით, მართებული და ლეგიტიმურია, რომ საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ კონტროლირებულ ოპერაციაში გამოყენებული სტრუქტურა. მეორე შემთხვევაა, როდესაც ტრანზაქციის ფორმა და შინაარსი ერთმანეთს შეესაბამება, მაგრამ ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით დადებული გარიგება, მთლიანობაში განსხვავდება გარიგებისგან, რომელსაც დადებდა კომერციულად რაციონალურად მოქმედი დამოუკიდებელი კომპანია და რეალური სტრუქტურა პრაქტიკულად ხელს უშლის საგადასახადო ორგანოს სათანადო სატრანსფერო ფასის დადგენაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთით, ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი – ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა: საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ, როგორც საჩივარში, ასევე საკითხის ზეპირი განხილვისას მითითებულ არგუმენტებზე, კერძოდ, სს ----- ბანკს გაფორმებული აქვს შრომითი კონტრაქტი საქართველოს მოქალაქე და ამავდროულად -------- რეზიდენტ ფიზიკურ პირთან (შემდგომში დაქირავებული). დაქირავებული პირი პირდაპირ ექვემდებარება ბანკის გენერალურ დირექტორს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, დაქირავებული ვალდებულია:
• სს ----- ს ყოველდღიურ რეჟიმში მიაწოდოს ბანკის შვილობილ კომპანიაში, ------- რეზიდენტ იურიდიულ პირ ------ Bank-ში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია.
• გარკვეული პერიოდულობით და ბანკთან შეთანხმებული ფორმით მიაწოდოს ბანკს ფინანსური ინფორმაცია.
ბანკს არანაირი ოპერაცია არ აქვს უშუალოდ არარეზიდენტ კომპანიასთან, როგორც ამას აღნიშნავს შემმოწმებელი, შემოწმების აქტის დანართში.
გადამხდელის წარმომადგენელმა საკითხის ზეპირი განხილვისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკის მიერ პირის დაქირავება მის საკუთრებაში არსებული ინვესტიციის ეფექტურად სამართავად, მის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და გაწეული დანახარჯებია და არა მესამე პირისთვის მომსახურების გაწევა, როგორც ამას მიიჩნევს შემმოწმებელი. შინაარსობრივადაც, საინვესტიციო-საკონსულტაციო მომსახურების ბენეფიციარი არის ინვესტორი, ამ შემთხვევაში თავად სს ----- ბანკი სწორედ აქციონერს (ინვესტორს) სჭირდება საფუძვლიანი და სრულყოფილი ინფორმაცია მისი ინვესტიციის მართვის პროცესში, რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად. ბანკი, დაქირავებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ანალიზის საფუძველზე, ახორციელებს სრულფასოვნად მისი, როგორც აქციონერის ფუნქციას. რომ არა განხორციელებული ინვესტიცია და კონკრეტულ ინვესტიციასთან დაკავშირებული ეკონომიკური ინტერესი, ბანკი ამ მომსახურებას არ გაწევდა მესამე/დამოუკიდებელ პირზე, რადგან აღნიშნული არ არის საბანკო საქმიანობა და ბანკის ინტერესის სფერო. მხოლოდ ის გარემოება, რომ დაქირავებული პირი იმავდროულად არის სს ----- ს შვილობილი არარეზიდენტი კომპანია ---- ს გენერალური დირექტორი, საგადასახადო ორგანოს მხრიდან არ უნდა იწვევდეს მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას.
ამასთანავე, სს ----- ს პირდაპირი ინვესტიციის ოდენობა შვილობილი არარეზიდენტ კომპანია - ----- ში შეადგენს დაახლოებით 67 მილიონ ლარს და ის დანახარჯები, რაც ბანკს აღნიშნულ თანამშრომელთან მიმართებაში აქვს გაწეული, სავსებით გონივრულია ინვესტიციის ოდენობასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მხრიდან აპელირება, შრომითი კონტრაქტის ფარგლებში დაქირავებულისთვის ანაზღაურებული თანხების მოცულობაზე, საფუძველს მოკლებულია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ხოლო, ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე, ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას.
საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვადებულების განსაზღვრის შესახებ.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით, ეგთო-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე და 127-ე მუხლების გათვალისწინებით, განსახილველ სადავო შემთხვევაში, არ იკვეთება სს ----- სა და მის დაფუძნებულ შვილობილ არარეზიდენტ კომპანია ---- ს შორის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის განხორციელების ფაქტი. კერძოდ, არ დგინდება ბანკის მიერ საინვესტიციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ფაქტი, რამდენადაც განსახილველი ოპერაცია არ შეიცავს მომსახურების გაწევის კომპონენტს და აღნიშნული ბანკის მიერ მის საკუთრებაში არსებული ინვესტიციის ეფექტურად სამართავად, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაა.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და საკითხის ზეპირი განხილვისას მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით, სს ----- ბანკის (თავის შვილობილ არარეზიდენტ კომპანია - სს -----ს ------სთან) განხილვა საინვესტიციო-საკონსულტაციო სერვისის მიმწოდებლად და აღნიშნულის დაბეგვრა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში დაუსაბუთებელია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს ზემოაღნიშნულის საფუძველით დარიცხული თანხების შემცირება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს სს ----- ის (თავის შვილობილ არარეზიდენტ კომპანია -----თან) საინვესტიციო-საკონსულტაციო სერვისის მიმწოდებლად განხილვის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად მისი, როგორც შვილობილი არარეზიდენტი კომპანიის საინვესტიციო-საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელი ხელფასის ხარჯებს უნაზღაურებს შვილობილი არარეზიდენტო კომპანიის დირექტორს, რომელიც არის ---- რეზიდენტი. საგადასახადო ორგანოს მიერ, გადამხდელი განხილული იქნა, როგორც საინვესტიციო საკონსულტაციო სერვისის მიმწოდებელი ეგთო-ს სახელმძღვანელოს მიხედვით. გადამხდელი ზემოაღნიშნულ ოპერაციას არ განიხილავს კონტროლირებულად. შესაბამისად, გაწეულ მომსახურებას არ აღრიცხავს შემოსავალში.
საგადასახადო ორგანოს მიერ ფასნამატი (mark up) დაედო გადამხდელის მიერ დაქირავებულ პირზე გაწეულ ხარჯებს კონტროლირებულ ოპერაციაში და განისაზღვრა საინვესტიციო საკონსულტაციო სერვისის მიწოდებით მიღებული შემოსავლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაზრდილი იქნა ერთობლივი შემოსავალი და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ეგთო-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებებისა და სსკ-ს 126-ე და 127-ე მუხლების გათვალისწინებით, არ იკვეთება გადამხდელსა და მის დაფუძნებულ შვილობილ არარეზიდენტ კომპანიას შორის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის განხორციელების ფაქტი. გადამხდელის განხილვა საინვესტიციო-საკონსულტაციო სერვისის მიმწოდებლად და აღნიშნულის დაბეგვრა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში დაუსაბუთებელია. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა უზრუნველყოს ზემოაღნიშნულის საფუძველით დარიცხული თანხების შემცირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 126(1,,ა“); 127(1); 127(3); 134(1); 154(1,,გ“)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბერის №423 ბრძანება