გადაწყვეტილება №22602/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22602/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22602/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 18.03.2024, 19.03.2024, 26.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №22602/2/2024; №22596/2/2024; №22619/2/2024; №22965/2/2024).

 

დავის საგანი:

არარეზიდენტი კომპანიისთვის გაწეული მომსახურების დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №33080 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №040-31 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4081 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 16 925.78 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 10 357

ჯარიმა - 5 178

საურავი - 1 390.78

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქართველოს ტერიტორიიდან არარეზიდენტი პირისათვის დაქირავებით მუშაობით/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №13975 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 12.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ: შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შემოსავალი უფიქსირდება სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული შპს „---გან“, კერძოდ, ფიზიკური პირი წარმოადგენს ზემოთ ნახსენები კომპანიის სამედიცინო წარმომადგენელს და მის მოვალეობაში შედის ექიმებთან და ფარმაცევტებთან ინდივიდუალური მუშაობა, კონკრეტული პრეპარატის გაცნობის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 104-ე მუხლების მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №33080 ბრძანება და ამავე თარიღის №040-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 23.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.02.2024 წლის №4081 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-81 მუხლზე, მე-100 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 104 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-7 ნაწილზე, „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 1997 წლის 18 ნოემბრის შეთანხმების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე შეთანხმების 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების თანახმად, რეზიდენტი პირის სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს მისი შემოსავალი, შემოსავალის წარმოქმნის წყაროს მიუხედავად. შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის განმარტებას, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, ამასთან უფიქსირდება სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოსგან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მართლზომიერად მიიჩნევს მიღებული შემოსავლის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება, მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მისი შემოსავალი უკვე დაიბეგრა სომხეთის რესპუბლიკაში და აღარ ექვემდებარებოდა საქართველოში ხელახლა დაბეგვრას, მან ამ გარემოების დასადასტურებლად აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინა სომხეთის რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოს შესაბამისი ცნობა. მიუხედავად აღნიშნულისა დამატებით დაერიცხა გადასახადი.

აუდიტის დეპარტამენტი სადავო აქტების გამოცემისას დაეყრდნო საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილს, 104-ე მუხლის პირელი ნაწილის „გ.ზ“ ქვეპუნქტს, თუმცა ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ადგენს, რომ გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ. შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 18 ნოემბერს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და ქონებაზე გადასახადების მიმართ, რომლებიც დაკისრებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ -ტერიტორიული ქვედანაყოფების მიერ ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მიუხედავად მათი გადახდევინების წესისა, მათ შორის ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადზე (შეთანხმების მე-2 მუხლი).

ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: „მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული მუშაობა ხორციელდება ასეთი სახით, ამასთან დაკავშირებით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში“, იმის გათვალისწინებით, რომ მე-16, მე-18 და მე-19 მუხლები არეგულირებენ დირექტორების, ხელოვნების მუშაკების, სპორტსმენების და საჯარო მოხელეების დაბეგვრის საკითხებს, მე-15 მუხლის ანალიზიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული ნორმა საქართველოში რეზიდენტ ფიზიკურ პირს, მათ შორის მასაც, აძლევს არჩევანის უფლებას დაიბეგროს და გადასახადები გადაიხადოს სომხეთის რესპუბლიკაში.

ამავე შეთანხმების 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: 1. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს ქონებას, რომლებიც, ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს:

a) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის თანხის ტოლია;

b) ამ რეზიდენტის ქონების გადასახადიდან თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში ქონებაზე გადახდილი გადასახადის თანხის ტოლია.

ეს გამოქვითვები, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და ქონებაზე გადასახადის ნაწილს, რომელიც გამოთვლილია გამოქვითვის წარდგენამდე და მიეკუთვნება შემოსავალსა და ქონებას, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, გარემოებებიდან გამომდინარე.

შემმოწმებელს უნდა გაეთვალისწინებინა (ჩაეთვალა) მის მიერ მიღებული შემოსავლიდან სომხეთის რესპუბლიკაში გადახდილი გადასახადი და გადასახადის გაანგარიშება მოეხდინა გადახდილი გადასახადის ჩათვლის გათვალისწინებით. იმის მიუხედავად, რომ აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინა სომხეთის რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოს შესაბამისი ცნობა ამ ქვეყანაში გადასახადების გადახდის შესახებ, აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების აქტით მეორედ დაბეგრა ერთხელ უკვე დაბეგრილი გადასახადი და მთლიანად იგნორირება გაუკეთა საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკებს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას. აღსანიშნია, რომ მისი საქმიანობა როგორც შემოწმების აქტშია მითითებული წარმოადგენს კომპანიის სამედიცინო წარმომადგენს და მის მოვალეობაში შედის ექიმებთან და ფარმაცევტებთან ინდივიდუალური მუშაობა პრეპარატის გაცნობის მიზნით, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ხარჯებთან, მათ შორის როგორიც არის ტრანსპორტის, ფურშეტის, ღონისძიებების მოწყობის და სხვა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი. აღნიშნულ ხარჯზე მის მიერ წარდგენილია დოკუმენტები, თუმცა რატომღაც არ განხორციელებულა აღნიშნული ხარჯის გათვალისწინება.

საბჭოს ყურადღება გასამახვილებელია იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ ბრძანებაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის 1997 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ფორმულირება განსხვავდება სსიპ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ფორმულირებისგან, კერძოდ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ: ამ შეთანხმების მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული მუშაობა ხორციელდება ასეთი სახით, მაშინ მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში“.

რაც შეეხება, გამოქვეყნებულ ვერსიას აქ ხსენებული ნორმა ფორმულირებულია შემდეგი სახით: „ამ შეთანხმების მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული მუშაობა ხორციელდება ასეთი სახით, ამასთან დაკავშირებით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში“, როგორც უკვე აღნიშნა ამგვარი ფორმულირებით აღნიშნული ნორმა საქართველოში რეზიდენტ ფიზიკურ პირს აძლევს არჩევანის უფლებას დაიბეგროს და გადასახადები გადაიხადოს მეორე სახელმწიფოში, ამ შემთხვევაში სომხეთის რესპუბლიკაში. მომჩივანი მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ კანონის პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-7 მუხლზე, 22-ე მუხლზე, 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე და იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინა სომხეთის რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოს შესაბამისი ცნობა ამ ქვეყანაში გადასახადების გადახდის შესახებ მიაჩნია, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მათი გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, რაც აღნიშული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისა მათი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. 3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:

ა) საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი;

გ) საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ:

გ.ა) მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე;

გ.ზ) მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევი საქართველოს რეზიდენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების 5 გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველოსი) გასწია მომსახურება.

საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

„საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული მუშაობა ხორციელდება ასეთი სახით, ამასთან დაკავშირებით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

ამავე შეთანხმების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არიან მოხსენებული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოქმნის წყაროს მიუხედავად ექვემდებარებიან დაბეგვრას მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში მისი შემოსავლები იბეგრებოდა სომხეთის რესპუბლიკაში დამსაქმებლის მიერ, რაც დასტურდება აღნიშნული გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით და რის გამოც იგი აღარ ახორციელებდა საშემოსავლო გადასახადის გადახდას საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ანაზღაურების გადახდა დასაქმებულისთვის ხდებოდა სომხეთის რეზიდენტი კომპანიის მიერ, რომელიც შესაბამის თანხებს ბეგრავდა სომხეთში, ამდენად, აღნიშნულ შემოსავლებზე გადახდილია სათანადო გადასახადები სომხეთის რესპუბლიკაში. აღსანიშნავია ისიც, რომ შრომითი ხელშეკრულების მიხედვით (5.2.3) დასაქმებულის ვალდებულებას წარმოადგენდა დასაქმებულის სასარგებლოდ გადაეხადა ყველა სავალდებულო გადასახადი. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს, რომ შემოწმების მიერ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის სრული იგნორირება და მას არ მიეცა შეფასება. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მიერ ჩარიცხული თანხები სრულად არ წარმოადგენდა ანაზღაურებას და მისი ნაწილი წარმოადგენდა წარმომადგენლობითი ხარჯის გასაწევად გადმორიცხულ თანხას, რაზეც დამსაქმებელს ეგზავნებოდა შესაბამისი ქვითრები. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრული იყო მივლინებები და შვებულებები, ვინაიდან მომჩივნის მიერ საქმიანობა სრულდებოდა საქართველოს ტერიტორიიდან და იყო საქართველოს რეზიდენტი პირი, ჩაითვალა რომ წყარო იყო საქართველო, ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა. ასევე, მომჩივანმა აღნიშნა, რომ სხვა შემოსავლებიც დაიბეგრა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მომჩივანმა სომხეთის საგადასახადო ორგანოდან წარადგინა ინფორმაცია მიღებული ხელფასის და მასთან გათანაბრებული შემოსავლების შესახებ, რომელიც მითითებული იყო სომხურ დრამში და აღნიშნული ეროვნული კურსით აისახა ერთობლივ შემოსავალში.

ასევე, წარდგენილია ცნობა შემოსავლების შესახებ, მასზედ რომ 18.03.2022 წლიდან დღემდე მუშაობს კომპანიის წარმომადგენლობაში სომხეთის რესპუბლიკაში სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე და წარმოდგენილია ცხრილი თვიური შემოსავლის, დამატებითი დარიცხვების და ბონუსის შესახებ. რაც შეეხება, მომჩივნის მიერ გაწეულ ხარჯის ამსახველ დოკუმენტაციას, შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილია საკონტროლო-სალარო აპარატის ქვითრები და ასევე, ინვოისები სადაც მყიდველი (ხარჯის გამწევი) არ არის მომჩივანი, შესაბამისად, შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული ხარჯები.

ამდენად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს, ამასთან უფიქსირდება სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოსგან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების თანახმად, რეზიდენტი პირის სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს მისი შემოსავალი, შემოსავალის წარმოქმნის წყაროს მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომელიც მართლზომიერად მიიჩნევს მიღებული შემოსავლის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრას და ასევე, მიუთითებს „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებაზე და მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

არარეზიდენტი კომპანიისთვის გაწეული მომსახურების დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ტერიტორიიდან არარეზიდენტი პირისათვის დაქირავებით მუშაობით/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა რომ: შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შემოსავალი უფიქსირდება სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული საწარმოსგან, კერძოდ, ფიზიკური პირი წარმოადგენს ზემოთ ნახსენები კომპანიის სამედიცინო წარმომადგენელს და მის მოვალეობაში შედის ექიმებთან და ფარმაცევტებთან ინდივიდუალური მუშაობა, კონკრეტული პრეპარატის გაცნობის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 104-ე მუხლების მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.02.2024 წლის №4081 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომელიც მართლზომიერად მიიჩნევს მიღებული შემოსავლის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრას და მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100; 104; 153; 2 (7).