ბრძანება N 24385
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24385
03 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“-ის (ს/ნ "-----" )
(იურ. მის.: "-----" )
2022 წლის 13 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 2 დეკემბრის №17389/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“-ის (ს/ნ "-----") 2022 წლის 13 იანვრის №66496/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 9 დეკემბრის №086-72 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ბინების რეალიზებულად მიჩნევას გაწეული კომუნალური ხარჯების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 19 მაისის №15237 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“- ის (ს/ნ "-----") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 18 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 8 დეკემბრის №37876 ბრძანება და 2021 წლის 9 დეკემბრის №086-72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 775 532 ლარი, მათ შორის, გადასახადი 392 024 ლარი, ჯარიმა 182 446 ლარი, საურავი 201 062 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 13 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18442 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 2 დეკემბრის №17389/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 ივლისის №18442 ბრძანება და საჩივარი, მე-3 დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 2 დეკემბრის №17389/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია:
„საბჭო განმარტავს, რომ ფართების ნაწილზე გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ფართების შემძენების უმეტესობას ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული აქვს, თუმცა გარკვეული ნაწილის მიერ არ არის თანხა გადახდილი, ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია, რაც საჯარო რეესტრში ასახული მონაცემებითაც დასტურდება, ვინაიდან შემძენების მიერ არ არის საკუთრება რეგისტრირებული. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, უძრავი ქონების მიწოდებისას დღგ-ით დაბეგვრის ფაქტის დადგომა დამოკიდებულია მხარის (მხარეების) მიერ ყველა პირობის შესრულებაზე.
მხარეთა არგუმენტების გაანალიზების, წარმოდგენილი მასალების შეფასების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში შესაფასებელია ფართების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესაბამისობა შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილთან, გამომდინარე აქედან, საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. შედეგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით: შემოწმების მსვლელობისას გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით, კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით და საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებით ფიქსირდება, რომ კომპანიას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ნაწილზე გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც კლიენტების მიერ ნაკისრი ვალდებულებები თითქმის სრულადაა შესრულებული. თუმცა გადამხდელის მიერ აღნიშნული ფართების რეალიზაცია (გადაფორმება) არ ფიქსირდება და შესაბამისი პერიოდების მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში არ აისახება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ენერგო-პრო ჯორჯიასაგან და "-----"-ის წყალისაგან, საიდანაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ფიქსირდება ელ. ენერგიისა და წყლის ხარჯვა, რაც ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართები ფაქტობრივად გადაცემულია ბინის მესაკუთრეების მფლობელობასა და სარგებლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და აღნიშნული სამეურნეო ოპერაციები შინაარსის ფორმაზე აღმატებულების პრინციპიდან გამომდინარე დაკვალიფიცირდა მიწოდებად. კერძოდ, სახელშეკრულებო ღირებულებებით რეალიზებულად ჩაითვალა ზემოხსენებული საცხოვრებელი ფართები. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, კომპანია ვალდებულია საცხოვრებელ ფართებამდე მიიყვანოს წყალი და ელექტრო გაყვანილობები, ასევე, დაამონტაჟოს შესაბამისი მრიცხველები. აცხადებს, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ მყიდველებს გადაეცემათ ფართები შავი კარკასის მდგომარეობაში. ასევე, გადასცემენ შესასვლელი ლითონის კარის გასაღებებს. განმარტავს, რომ ფართების მომავალი მესაკუთრეები თავად აწარმოებენ ფართების სარემონტო სამუშაოებს, რომლის დროსაც იყენებენ ელ. ენერგიას და წყალსაც. ხოლო, ამ პროცესს კომპანია ვერ აკონტროლებს, რადგან მომავალი მესაკუთრეები თავად იხდიან გახარჯული რესურსების ღირებულებას. მიუთითებს ხელშეკრულების იმ პუნქტებზე, რომელთა თანახმად, მყიდველისთვის საცხოვრებელ ფართზე ძირითადი საკუთრების უფლების გადაცემა მოხდება საცხოვრებელი სახლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებამდე მიყვანისთანავე. ასევე, გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2018-2020 წლებში გაწეული ხარჯები ადასტურებს, რომ კომპანიას ამ პერიოდში არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლის ლიფტების, სადარბაზოების და ფასადის სამუშაოები დასრულებული. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებამდე არ იყო მიყვანილი ბინები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან დადგენილია და სადავო არ არის, რომ გადამხდელს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ნაწილზე გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ არის შესრულებული, ასევე, აღნიშნული ფართების საკუთების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება, სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ კომუნალური ხარჯების გათვალისწინებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და ბინების რეალიზებულად განხილვა დაუსაბუთებელია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ფართების მიწოდებად განხილვის საფუძვლით შემოწმებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ფართების მიწოდებად განხილვის საფუძვლით შემოწმებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ბინების რეალიზებულად მიჩნევას გაწეული კომუნალური ხარჯების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ნაწილზე გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც კლიენტების მიერ ნაკისრი ვალდებულებები თითქმის სრულადაა შესრულებული. თუმცა გადამხდელის მიერ აღნიშნული ფართების რეალიზაცია არ ფიქსირდება და შესაბამისი პერიოდების მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში არ აისახება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, საიდანაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ფიქსირდება ელ. ენერგიისა და წყლის ხარჯვა, რაც ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ აღნიშნული ფართები ფაქტობრივად გადაცემულია ბინის მესაკუთრეების მფლობელობასა და სარგებლობაში.კერძოდ, სახელშეკრულებო ღირებულებებით რეალიზებულად ჩაითვალა ზემოხსენებული საცხოვრებელი ფართები. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ კომუნალური ხარჯების გათვალისწინებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და ბინების რეალიზებულად განხილვა დაუსაბუთებელია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ფართების მიწოდებად განხილვის საფუძვლით შემოწმებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),161(8).