გადაწყვეტილება №25297/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.06.2025
№ დოკუმენტი 25297/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25297/2/2025

25 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 12.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25297/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №006-82 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2025 წლის №10576 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 79 150,83 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 51 124,4

ჯარიმა - 25 562

საურავი - 2 464,43

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზის აღდგენისა და შენობების დემონტაჟის სამუშაოები. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 18.02.2025 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვის 99% შედგება დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისაგან. საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილმა ფულის ნაშთმა შეადგინა 101 667 ლარი. აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს 2022 წელს შპს „---ვის“ (ს/ნ ---) მიწოდებული აქვს საქონელი (აგური). ბუღალტრულ პროგრამაში აღნიშნულ ოპერაციაზე ფიქსირდება 102 800 ლარის დებიტორული დავალიანების მოთხოვნა.

შემოწმების პროცესში შპს „---გან“ (ს/ნ ---) გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ აღნიშნულია თანხა გადახდილია და დავალიანება არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული თანხა (102 800 ლარი) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №006-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.05.2025 წლის №10576 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 270-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირველ საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს აღნიშნული თანხები დივიდენდად დაბეგრილი აქვს 2025 წლის თებერვლის თვეში და გადახდილი აქვს ბიუჯეტში მოგების და საშემოსავლო გადასახადი, კომპანიის მიზანს არ წარმოადგენს გადასახადისაგან თავის არიდება და 2025 წლის თებერვლის თვეში შესრულებული აქვს საგადასახადო ვალდებულება და სალაროს ნაშთი დაბეგრილია და გადახდილია თანხა ბიუჯეტში, კომპანიისათვის პერიოდის შეცვლა და სსკ-275 მუხლით ჯარიმის 12 710 ლარის დარიცხვა წარმოადგენს მძიმე ტვირთს მომავალი საქმიანობის გაგრძელებისათვის. შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. დღგ-ის, მოგების და ქონების გადასახადში არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლენილა, რადგანაც საწარმო დროულად ახდენდა კუთვნილი თანხების დეკლარირებას და ბიუჯეტში გადახდას. მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვის 99% შედგება დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისაგან. საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილმა ფულის ნაშთმა შეადგინა 101 667 ლარი. აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

საწარმოს 2022 წელს მიწოდებული აქვს საქონელი (აგური). ბუღალტრულ პროგრამაში აღნიშნულ ოპერაციაზე ფიქსირდება 102 800 ლარის დებიტორული დავალიანების მოთხოვნა. შემოწმების პროცესში გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ აღნიშნულია თანხა გადახდილია და დავალიანება არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული თანხა (102 800 ლარი) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7).