გადაწყვეტილება №21504/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21504/2/2023
10 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 5.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21504/2/2023).
დავის საგანი:
1. შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით გაწეული მომსახურების ღირებულების განსაზღვრა;
2. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება დოკუმენტების სიყალბის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №002-135 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26242 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 238 184,87 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 80 860
დღგ - 65 307
საშემოსავლო გადასახადი - 15 553
ჯარიმა - 137 907
საურავი - 19 417,87
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №002-135 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26242 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით გაწეული მომსახურების ღირებულების განსაზღვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის სამშენებლო პროდუქცია. შემოწმების პროცესში, მიღებული ელექტრონული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, განხორციელდა ხარჯების იდენტიფიცირება პროექტების მიხედვით. გადამხდელს მასალების ნაწილი რეალიზებული აქვს ელ. დოკუმენტაციით, ხოლო მასალების ნაშთი, რომლის მიკუთვნება ვერ მოხერხდა კონკრეტულ პროექტებზე, გადამხდელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, განხილულ იქნა მიწოდებულ მომსახურებად, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა მეწარმის დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით (139%) და დაემატა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. ასევე, გაიზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი. შედეგად, მეწარმეს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 91-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 90-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 93-ე მუხლის 11 ნაწილზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ, ელექტრონული დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელდა ხარჯების იდენტიფიცირება პროექტების მიხედვით, ხოლო მასალების ნაშთი, რომლის მიკუთვნება ვერ მოხერხდა კონკრეტულ პროექტებზე, გადამხდელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, განხილულ იქნა მიწოდებულ მომსახურებად, მეწარმის დოკუმენტური ფასნამატით (139%), რის შედეგადაც პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმე ახდენს სამშენებლო მასალების მცირე ნაწილის რეალიზაციას, ხოლო უმრავლესობა გამოყენებულია მის მიერვე შესრულებულ სამშენებლო პროექტებზე, რისი შესრულების დოკუმენტაციაც შემოწმების პროცესშიც მიეწოდათ აუდიტორებს და ამჯერადაც წარმოდგენილია დანართების სახით.
შესყიდული საქონლის მცირე ნაწილი რეალიზებულია სასაქონლო ზედნადებით, დანარჩენი მასალა გამოყენებულია შესრულებულ სამშენებლო პროექტებზე.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება სამშენებლო პროდუქციის შეძენა. ხარჯების პროექტების მიხედვით, იდენტიფიცირებით დადგინდა მასალების ნაშთი, რომლის მიკუთვნება ვერ მოხერხდა კონკრეტულ პროექტებზე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიუთითებს, რომ მიწოდებული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები განისაზღვრა მომჩივნის ახსნა-განმარტებისა და მისივე დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით, ხოლო მომჩივნის მიერ წარდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება დოკუმენტების სიყალბის გამო
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 26.07.2022 წლის №"-------" წერილი და დადგენილება. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს "-------"-სგან (ს/ნ "------") და შპს N2-სგან (ს/ნ "------"), ჯამში დღგ-ის თანხით 48 715 ლარი. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი და მეწარმის მიერ არ შესრულებულა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული მომსახურებები.
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა/შეუმცირდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლა, რაც დაერიცხა გადასახადის სახით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 280-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, რის საფუძველზეც საგადასახადო შემოწმებით გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ, დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაურკვეველია ჩათვლის გაუქმების შედეგად დარიცხული უზომოდ დიდი ოდენობის გადასახადები, რჩება წარმოდგენა, რომ აუდიტორების მიერ არ მოხდა შემოწმების პროცესში მიწოდებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, შპს N1-სგან (ს/ნ "------") და შპს N2-სგან (ს/ნ "-------") მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ჯამში დღგ-ის თანხით 48 715 ლარი) არის ყალბი.
ვინაიდან მომჩივნის მიერ მიღებულია დღგ-ის ჩათვლა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით არის ყალბი, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ჩათვლის გაუქმება მართლზომიერია, მომჩივნისთვის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მეწარმე ახდენს სამშენებლო მასალების მცირე ნაწილის რეალიზაციას, ხოლო უმრავლესობა გამოყენებულია მის მიერვე შესრულებულ სამშენებლო პროექტებზე, რისი შესრულების დოკუმენტაციაც შემოწმების პროცესშიც მიეწოდათ აუდიტორებს და ამჯერადაც წარმოდგენილია დანართების სახით.
შესყიდული საქონლის მცირე ნაწილი რეალიზებულია სასაქონლო ზედნადებით, დანარჩენი მასალა გამოყენებულია შესრულებულ სამშენებლო პროექტებზე.
2.მომჩივანისთვის გაურკვეველია ჩათვლის გაუქმების შედეგად დარიცხული დიდი ოდენობის გადასახადები.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მომჩივანს ზედნადებების მიხედვით შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის სამშენებლო პროდუქცია. შემოწმების პროცესში, მიღებული ელექტრონული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, განხორციელდა ხარჯების იდენტიფიცირება პროექტების მიხედვით.გადამხდელს მასალების ნაწილი რეალიზებული აქვს ელ. დოკუმენტაციით, ხოლო მასალების ნაშთი, რომლის მიკუთვნება ვერ მოხერხდა კონკრეტულ პროექტებზე,აღნიშნული განხილულ იქნა მიწოდებულ მომსახურებად, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა მეწარმის დოკუმენტური ფასნამატის მიხედვით და დაემატა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. ასევე, გაიზარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი. შედეგად, მეწარმეს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა
2. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი და მეწარმის მიერ არ შესრულებულა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული მომსახურებები.მომჩივანს გაუუქმდა/შეუმცირდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლა, რაც დაერიცხა გადასახადის სახით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმები.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ჩათვლის გაუქმება მართლზომიერია, მომჩივნისთვის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),90,101,102,174,176,178,280.