გადაწყვეტილება №22971/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22971/2/2024
16 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 29.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22971/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
დარიცხული თანხა: 296 018,29 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 180 104
დღგ - 128 850
მოგების გადასახადი - 39 938
საშემოსავლო გადასახადი - 11 316
ჯარიმა - 89 757
საურავი - 26 157,29
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სურსათით და შერეული საქონლით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 10.09.2021 წლიდან 1.12.2023 წლამდე პერიოდი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 11.12.2023 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 280 485 ლარს. საწარმოს დირექტორის წერილობითი განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რადგან საწარმოს არ უფიქსირდება საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, საქონლის ფასნამატი გაანგარიშებული იქნა ამჟამად მოქმედი „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (გამოყენებული იქნა „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“ - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია).
გაანგარიშებული იქნა საქონლის ჯგუფების/კატეგორიების ფასნამატი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით (ინვენტარიზაციის დროს არსებულ საქონლის ფაქტობრივ ნაშთზე, რომელზეც დაფიქსირებული იყო საბაზრო სარეალიზაციო ფასი, დაკავშირებული იქნა შესაბამისი საქონლის უახლოესი შეძენის ფასი), შედეგად შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაყოფილი იქნა ჯგუფებად/კატეგორიებად და თითოეულ ჯგუფზე/კატეგორიაზე გავრცელებული იქნა ზემოაღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი, ხოლო საქონლის იმ ჯგუფზე/კატეგორიაზე, რომლის ფასნამატების იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა, გავრცელებული იქნა იდენტიფიცირებული კონკრეტული ჯგუფების შესაბამისად დადგენილი საშუალო ფასნამატი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი, რაც შეადგენს 1 996 334 ლარს (დღგ-ის გარეშე). შედეგად სხვაობა 715 849 ლარი (დღგ-ის გარეშე) საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით, კომპანიას ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციაზე, შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (ზედნადები/ანგარიშ-ფაქტურა), საბანკო ამონაწერებზე, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციაზე და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, შედეგად დადგინდა არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი 215 000 ლარის ოდენობით.
შემოწმების შედეგად, საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტების საფუძველზე არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი 215 000 ლარი (226 315 ლარი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) განხილული იქნა შესაბამის პერიოდში საწარმოს დამფუძნებელზე, ------- (პ/ნ -------) გაცემულ დივიდენდად, შესაბამისად გაცემული თანხა საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე, 981 და 130-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №083-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2024 წლის №9719 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 302-ე, 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 164-ე, 97-ე, 981 , 130-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს ------- შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია სასაქონლომატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას ეკონომიკური საქმიანობის პერიოდში არ ჰყოლია ბუღალტერი, საგადასახადო ვალდებულებას ასრულებდა დამოუკიდებლად, მისთვის არ ყოფილა ცნობილი იმ საგადასახადო რისკების შესახებ, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის ქმედებას.
გადამხდელის არცოდნამ საგადასახადო საკითხებთან მიმართებაში გამოიწვია პასუხისმგებლობები, რაც დაეკისრა 29.03.2024 წელს გამოცემული №083-10 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე. ფინანსურად ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია არანაირი რესურსი, რომლითაც შეიძლება მოახერხოს იმ ვალდებულების დაფარვა, რომლის დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
უნდა მოხდეს შემოწმების აქტში დასმული საკითხების კიდევ ერთხელ შესწავლა და დარიცხვის მეთოდად გამოყენებული ეგრეთწოდებული „არაპირდაპირი“ მეთოდით შეიცვალოს გადამხდელისთვის უფრო ლოიალური მიდგომით, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს შემოწმების შედეგზე.
ვინაიდან კომპანიას რეალურად არ აქვს ის ფასნამატი, რომლითაც შემოსავლების სამსახურმა შემოწმებისას იხელმძღვანელა და გაავრცელა სხვადასხვა სახეობის პროდუქტებზე, ობიექტები მდებარეობს ------- მაღალ სოფლებში შესაბამისად, იმ ფასნამატით, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ იქნა გავრცელებული შესამოწმებელ პერიოდში შეუძლებელია საქონლის რეალიზაცია სოფლის ტერიტორიაზე.
ინვენტარიზაციის აქტში ასახული ფასები კი არ ასახავს რეალობას, ვინაიდან ინვენტარიზაციის დროს, საქონლის დათვლისას და ფასების მიწოდებისას მასში რამდენიმე ადამიანი იღებდა მონაწილეობას და მათ მიერ მითითებული სარეალიზაციო ფასი არ შეესაბამება სინამდვილეს და არ გვაძლევს რეალურ სურათს ფაქტობრივად მაღაზიებში არსებულ პროდუქციის ფასნამატზე.
არაპირდაპირი მეთოდის დროს გამოყენებული აქტივების სიდიდე, საოპერაციო შემოსავლები და ხარჯები, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გამოყვანილი შედეგი არასამართლიანად მიგვაჩნია, აღნიშნულ კომპანიასთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს შემოწმების აქტში დასმული საკითხების გადაანგარიშება და დარიცხვის დროს გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული ფასნამატი გადაიანგარიშოს შემოსავლების სამსახურმა, ვინაიდან რეალურად აქტში დარიცხული გადასახადები შემმოწმებელს გამოანგარიშებული აქვს გადამხდელისთვის ძალიან მძიმე ეგრეთწოდებული არაპირდაპირი მეთოდით.
ითხოვს 29.03.2024 წელს გამოცემული №083-10 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას და 27.03.2024 წლის შემოწმების აქტში დასმული საკითხების კიდევ ერთხელ შესწავლას, ასევე არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 25.04.2024 წლის №9719 გადაწყვეტილებას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო ვალდებულია დავის განხილვისას იხელმძღვანელოს სამართლიანობის, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპით და ელოდება დავების საბჭოს სამართლიან გადაწყვეტილებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. რადგან საწარმოს არ უფიქსირდება საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, საქონლის ფასნამატი გაანგარიშებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის მასალებით განსაზღვრული ფასნამატი. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაყოფილი იქნა ჯგუფებად/კატეგორიებად და თითოეულ ჯგუფზე/კატეგორიაზე გავრცელებული იქნა ზემოაღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი, ხოლო საქონლის იმ ჯგუფზე/კატეგორიაზე, რომლის ფასნამატების იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა, გავრცელებული იქნა იდენტიფიცირებული კონკრეტული ჯგუფების შესაბამისად დადგენილი საშუალო ფასნამატი. საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზით დადგინდა არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი.
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციაზე, შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (ზედნადები/ანგარიშ-ფაქტურა), საბანკო ამონაწერებზე, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციაზე და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, შედეგად დადგინდა არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი 215 000 ლარის ოდენობით.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ განმარტებული იქნა, რომ განხილული უნდა იქნას საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ დივიდენდად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. რადგან საწარმოს არ უფიქსირდება საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, საქონლის ფასნამატი გაანგარიშებული იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის მასალებით განსაზღვრული ფასნამატი. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაყოფილი იქნა ჯგუფებად/კატეგორიებად და თითოეულ ჯგუფზე/კატეგორიაზე გავრცელებული იქნა ზემოაღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი, ხოლო საქონლის იმ ჯგუფზე/კატეგორიაზე, რომლის ფასნამატების იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა, გავრცელებული იქნა იდენტიფიცირებული კონკრეტული ჯგუფების შესაბამისად დადგენილი საშუალო ფასნამატი.
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციაზე, შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე, საბანკო ამონაწერებზე, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციაზე და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმების შედეგად დადგინდა არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც განხილული იქნა შესაბამის პერიოდში საწარმოს დამფუძნებელზე, გაცემულ დივიდენდად.
მომჩივანს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 981(1); 130; 159;