ბრძანება N 11151
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11151
14 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 15 აპრილის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „----ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 15 აპრილის №89091/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 აპრილის №012-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ უნდა დასაბუთებულიყო ფასნამატის გამოყენების აუცილებლობა და მისი ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანია ახორციელებს მხოლოდ ვარდების იმპორტს და ზოგადად ყვავილების ფასნამატის გამოყენება არასწორია. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ინფორმაცია დაზიანებული ვარდების, ასევე, დებიტორული დავალიანების შესახებ.
2. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრისთვის 2023 წლის ოქტომბერში არსებული საქონლის ნაშთის გათვალისწინებას და აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა 2023 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაცია და დაბეგრილ იქნა 15 ოქტომბრის შემდეგ შემოტანილი საქონელი, ხოლო შემოწმებით მოხდა ორმაგად დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 დეკემბრის №30839 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 11 აპრილის №8170 ბრძანება და ამავე თარიღის №012-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით 14 მაისი 2024 N 11151 გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 178 437 ლარი, მათ შორის, გადასახადი 104 345 ლარი, ჯარიმა 52 173 ლარი და საურავი 21 919 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული ვარდებით საბითუმო ვაჭრობა. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია (შემოწმების მიერ შერჩეულ 5 პირზე დებიტორული დავალიანების შესახებ მეორე მხარის მიერ დადასტურებული და ხელმოწერილი ცნობები), ასევე, ინფორმაცია დაზიანებული ვარდების შესახებ ფოტომასალის სახით. შემოწმებით, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი (ყვავილებით მოვაჭრე) გადასახადის გადამხდელების ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემები და ფასნამატმა შეადგინა 25,5%. შემოწმებამ არ გაითვალისწინა ფოტომასალის სახით წარმოდგენილი ინფორმაცია დაზიანებული ვარდების შესახებ, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია საქონლის ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. შემოწმებისას დადგინდა, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს №20352 ბრძანების საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია კამერალური თემატური შემოწმება, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანიას შემცირებული აქვს ტრანსპორტირების ღირებულებები სხვადასხვა საანგარიშო პერიოდებში. შემცირებულმა ღირებულებამ შეადგინა სულ ჯამში 185 688 ლარი. შემოწმების მიერ აღნიშნული ღირებულება გათვალისწინებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრისას. აგრეთვე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დარიცხული დღგ-ის თანხები შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში. ფასნამატის გამოყენების შედეგად დადგენილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა მხოლოდ საბანკო ამონაწერები, დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა დაზიანებული ვარდების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა შემდეგნაირად: გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი (ყვავილებით მოვაჭრე) გადასახადის გადამხდელების ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემები და ფასნამატმა შეადგინა 25,5%. აღნიშნულიდან გამომდინარე გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ფოტომასალის სახით წარდგენილი ინფორმაცია დაზიანებული ვარდების შესახებ, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია საქონლის ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ხოლო რაც შეეხება დებიტორული დავალიანების შესახებ წარდგენილ ინფორმაციას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა ზოგადად ყვავილების რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირების ფასნამატი (25,5%), რაც არამართლზომიერია, ვინაიდან კომპანიას აქვს მხოლოდ ვარდების იმპორტი და რეალიზაცია, ფასნამატი კი 12-15%-ს შორის მერყეობს. ითხოვს გამოყენებულ იქნას მხოლოდ ვარდის რეალიზაციის ფასნამატი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ვარდის რეალიზაციის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 დეკემბრის №30839 ბრძანებით განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ვარდის რეალიზაციის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს.
2. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრისთვის 2023 წლის ოქტომბერში არსებული საქონლის ნაშთის გათვალისწინებას და აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა 2023 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ს დეკლარაცია და დაბეგრილ იქნა 15 ოქტომბრის შემდეგ შემოტანილი საქონელი, ხოლო შემოწმებით მოხდა ორმაგად დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 11 აპრილის №8170 ბრძანება და ამავე თარიღის №012-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 178 437 ლარი, მათ შორის, გადასახადი 104 345 ლარი, ჯარიმა 52 173 ლარი და საურავი 21 919 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 145; 69.