გადაწყვეტილება №18714/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 18714/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18714/2/2023

2.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 24.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18714/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 ოქტომბრის №002-183 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №33509 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 108 311 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 57 145

დღგ - 21 539

საშემოსავლო გადასახადი - 35 606

ჯარიმა - 29 064

საურავი - 22 102

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება. კომპანია ტენდერებში მონაწილეობის გზით ახორციელებს საჯარო სკოლებისა და სხვადასხვა დაწესებულების რემონტს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20385 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 7 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას არასრულად აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები პერიოდების შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- გადასახადი გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ სისტემატიურად ხდება თანხის განაღდება ანგარიშვალდებული პირის მიერ, ხოლო საწარმოს არ აქვს აღნიშნული თანხა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმების პროცესში ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი და დადგინდა განკარგვადი თანხა, რომლის გახარჯვაც არ დასტურდება. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანის პერიოდების პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 ოქტომბრის №27080 ბრძანება და №002-183 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 108 311 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 29 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 29 დეკემბრის №33509 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესაბამისი დარღვევების გამო დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა-საურავი. პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

მომჩივანი სადავოდ არ ხდის დარიცხვის მართლზომიერებას და პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის გათვალისწინებით ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.