ბრძანება N 3373

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.02.2024
№ დოკუმენტი 3373
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3373

19 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------ის“ (ს/ნ ----------------)

(მის.: ქ. თბილისი, --------------)

2024 წლის 11 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ ----------------) 2024 წლის 11 იანვრის №86697/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №006-636 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. ითხოვს ფასნამატის გაანგარიშების წარმოდგენის შესაძლებლობას;

2. არ ეთანხმება ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვას და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და დაერიცხა მხოლოდ 10%-იანი ჯარიმა;

3. არ ეთანხმება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული საქონლის/მომსახურებების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას;

4. არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას დუბლირებულ დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით;

5. არ ეთანხმება კომპანიის მიერ კორექტირების საფუძველზე შემცირებული დღგ-ის თანხების აღდგენას;

6.ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17784, 2023 წლის 30 აგვისტოს №21279 და 2023 წლის 16 ნოემბრის №28269 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 24 ნოემბრის 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 14 დეკემბრის №31514 ბრძანება და ამავე თარიღის №006-636 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 864 128 ლარი, მათ შორის, გადასახადი 501 583 ლარი, ჯარიმა 249 658 ლარი და საურავი 112 887 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1-2. კომპანია დაფუძნებიდან 2022 წლის მარტამდე ეწეოდა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებას, ხოლო 2022 წლის მარტიდან დაიწყო გაყინული თევზის პროდუქტების შეძენა-რეალიზაციის ოპერაციებიც. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ობიექტებში. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები შეადგენს 206 421 ლარს, ხოლო ბიუჯეტში გადახდილია 600 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22196 ბრძანებით ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ ----------------)) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა ფაქტობრივად არსებული სმფ-ების რაოდენობა - 301 074 ლარის თვითღირებულებით. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, გადამხდელისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. თუმცა გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 24.10.2023-ში შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188648 და გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირის შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შესყიდვისა და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდა საქონლის დაკავშირება ჯგუფების მიხედვით (49 სასაქონლო ჯგუფი), შესაბამისად, მთლიანი რპთ-დან განცალკევდა დოკუმენტური რეალიზაციის მონაცემები და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა თითოეული სასაქონლო ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი. აღნიშნული მეთოდით დადგენილი საერთო საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 9,15%-ს, რომელიც ასევე გავრცელდა იმ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რომლის მიკუთვნებაც ვერ მოხერხდა რომელიმე ჯგუფზე. ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლენილი სმფ-ების ნაშთები. შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 542 678 ლარით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ დაფუძნებიდან 2022 წლის მარტამდე მიღებული და ჩათვლილია ავანსისა და საქონლის/მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შინაარსში მითითებულია ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც შემოწმების მონაცემებით ვერ კავშირდება პირის ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, შპს „----ის“ მიღებული და ჩათვლილი აქვს პროდუქციის გადამუშავებასთან, იმპორტირებასთან და შენახვასთან დაკავშირებული მომსახურების ფაქტურები, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში პირს არ უფიქსირდება საქონლის შეძენა. გარდა ამისა, ზოგიერთ ფაქტურაში მითითებულია „შესრულებული სამუშაო“ და სხვა მსგავსი მომსახურებები, რომლის ზუსტი იდენტიფიცირება ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ასევე ვერ დგინდება. პირის მიერ ასევე შეძენილია აბაზანა და სახლის კინოთეატრი. ამასთან, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული და ჩათვლილია ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მოწოდებაც დღემდე არ მომხდარა, ხოლო გამომწერი მხარეები წარმოადგენენ არაკვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს. ფაქტობრივი გარემოებებიდან და შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, რადგანაც შეუძლებელია აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული საქონლის/მომსახურებების იდენტიფიცირება ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დადგენა, ასევე ვერ დგინდება გადახდილი ავანსების მიზნობრიობა, შემოწმებით აღნიშნული ოპერაციები დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შედეგად, გაუქმდა მიღებული ჩათვლები და ოპერაციები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და მოგების გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ზოგიერთ შემთხვევაში მიღებული და ჩათვლილია როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ავ----- და ავ-----), ასევე, შესაბამის შესრულებასთან დაკავშირებული ფაქტურები (ეა----- და ეა-----) რომელიც განაშთული არ არის მყიდველი მხარის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

5. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „----ის“ მიერ 2023 წლის მარტისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის დეკლარაციების მეშვიდე გრაფაში (დღგ ბრუნვის კორექტირებაზე) დაფიქსირებული აქვს თანხები 21 725 ლარის და 11 159 ლარის ოდენობით, რომლითაც შემცირებულია შესაბამის პერიოდებში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხები. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ვერ დადგინდა კორექტირების გამომწვევი გარემოებები (არ არის გამოწერილი კორექტირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, დეკლარირებულ საცალოდ რეალიზებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ - კორექტირების პერიოდის დადგომამდე არსებულ პერიოდებში უფრო მცირეა, ვიდრე კორექტირებით შემცირებული დღგ-ის თანხები). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით აღდგენას დაექვემდებარა გადამხდელის მიერ კორექტირების საფუძველზე შემცირებული დღგ-ის თანხები. პირს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22196 ბრძანებით ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ ----------------) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა ფაქტობრივად არსებული სმფ-ების რაოდენობა - 301 074 ლარის თვითღირებულებით. გადამხდელისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა არ იქნა წარმოდგენილი, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად.

არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემდეგნაირად: შესყიდვისა და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდა საქონლის დაკავშირება ჯგუფების მიხედვით (49 სასაქონლო ჯგუფი), შესაბამისად, მთლიანი რპთ-დან განცალკევდა დოკუმენტური რეალიზაციის მონაცემები და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა თითოეული სასაქონლო ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი. აღნიშნული მეთოდით დადგენილი საერთო საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 9,15%-ს, რომელიც ასევე გავრცელდა იმ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რომლის მიკუთვნებაც ვერ მოხერხდა რომელიმე ჯგუფზე. ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლენილი სმფ-ების ნაშთები. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ მიღებული და ჩათვლილია ავანსისა და საქონლის/მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შინაარსში მითითებულია ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც შემოწმების მონაცემებით, არ არის დაკავშირებული პირის ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, შპს „-----ის“ მიღებული და ჩათვლილი აქვს პროდუქციის გადამუშავებასთან, იმპორტირებასთან და შენახვასთან დაკავშირებული მომსახურების ფაქტურები, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში არ უფიქსირდება საქონლის შეძენა. გარდა ამისა, ზოგიერთ ფაქტურაში მითითებულია „შესრულებული სამუშაო“ და სხვა მსგავსი მომსახურებები, რომლის ზუსტი იდენტიფიცირება ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ასევე ვერ დგინდება. ამასთან, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული და ჩათვლილია ავანსის ანგარიშფაქტურები, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მოწოდებაც დღემდე არ მომხდარა, ხოლო გამომწერი მხარეები წარმოადგენენ არაკვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს. ვინაიდან შეუძლებელია აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული საქონლის/მომსახურებების იდენტიფიცირება ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დადგენა, ასევე, ვერ დგინდება გადახდილი ავანსების მიზნობრიობა, შემოწმებით აღნიშნული ოპერაციები დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შედეგად, გაუქმდა მიღებული ჩათვლები და ოპერაციები დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ზოგიერთ შემთხვევაში მიღებული და ჩათვლილია როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, შესაბამის შესრულებასთან დაკავშირებული ფაქტურები, რომელიც განაშთული არ არის მყიდველი მხარის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება და არ კორექტირდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის ან საქონლის დანაკარგის არსებობის შემთხვევაში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შპს „---ის“ მიერ 2023 წლის მარტისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის დეკლარაციების მეშვიდე გრაფაში (დღგ ბრუნვის კორექტირება) დაფიქსირებული აქვს თანხები 21 725 ლარის და 11 159 ლარის ოდენობით, რომლითაც შემცირებულია შესაბამის პერიოდებში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ. შემოწმების ფარგლებში ვერ დადგინდა კორექტირების გამომწვევი გარემოებები (არ არის გამოწერილი კორექტირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, დეკლარირებულ საცალოდ რეალიზებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ - კორექტირების პერიოდის დადგომამდე არსებულ პერიოდებში უფრო მცირეა, ვიდრე კორექტირებით შემცირებული დღგ-ის თანხები). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით აღდგენას დაექვემდებარა გადამხდელის მიერ კორექტირების საფუძველზე შემცირებული დღგ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „-------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. ითხოვს ფასნამატის გაანგარიშების წარმოდგენის შესაძლებლობას;

2. არ ეთანხმება ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად განხილვას და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და დაერიცხა მხოლოდ 10%-იანი ჯარიმა;

3. არ ეთანხმება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული საქონლის/მომსახურებების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას;

4. არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას დუბლირებულ დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით;

5. არ ეთანხმება კომპანიის მიერ კორექტირების საფუძველზე შემცირებული დღგ-ის თანხების აღდგენას;

ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №17784, №21279 და №28269 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 24 ნოემბრის 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №31514 ბრძანება და №006-636 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა 864 128 ლარი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №22196 ბრძანებით ჩატარდა მომჩივანის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა ფაქტობრივად არსებული სმფ-ების რაოდენობა . გადამხდელისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა არ იქნა წარმოდგენილი, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირის შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ხოლო,მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ მიღებული და ჩათვლილია ავანსისა და საქონლის/მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შინაარსში მითითებულია ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც შემოწმების მონაცემებით, არ არის დაკავშირებული პირის ეკონომიკურ საქმიანობასთან.ვინაიდან შეუძლებელია აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული საქონლის/მომსახურებების იდენტიფიცირება ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დადგენა, ასევე, ვერ დგინდება გადახდილი ავანსების მიზნობრიობა, შემოწმებით აღნიშნული ოპერაციები დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შედეგად, გაუქმდა მიღებული ჩათვლები და ოპერაციები დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ზოგიერთ შემთხვევაში მიღებული და ჩათვლილია როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, შესაბამის შესრულებასთან დაკავშირებული ფაქტურები, რომელიც განაშთული არ არის მყიდველი მხარის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩვანის მიერ 2023 წლის მარტისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის დეკლარაციების მეშვიდე გრაფაში (დღგ ბრუნვის კორექტირება) დაფიქსირებული აქვს თანხები , რომლითაც შემცირებულია შესაბამის პერიოდებში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ. შემოწმების ფარგლებში ვერ დადგინდა კორექტირების გამომწვევი გარემოებები.აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით აღდგენას დაექვემდებარა გადამხდელის მიერ კორექტირების საფუძველზე შემცირებული დღგ.პირს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან,საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“,9 „ბ“); 982 (1 „ა“ ); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 171(1); 174(1 „ა“); 174(1); 175(1 „ა“); 176(1 „ა“); 179; 269(7);