ბრძანება N 31699
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31699
15 .12. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------)
(ფაქტ. --------------------------------;
იურ. მის: ----------------------------)
2023 წლის 11 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) №84878/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №023-22 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილი მონაცემებით, მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, შესაძლებელი იყო კონტროლის განხორციელება ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობაზე და დასასრულზე. ამასთან, შემოწმების მიერ სრულად არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი ხასიათის გარემოებები. ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №023-22 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის N12304 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 11 ოქტომბრის №25303 ბრძანება და 12 ოქტომბრის №023-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 67 438 ლარი, მათ შორის, გადასახადი 39 216 ლარი, ჯარიმა 19 609 ლარი, საურავი 8 613 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
. ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო მომსახურების გაწევა. პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წელს პირველ თებერვალს, ხოლო, მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2021 წლის პირველ მარტს. 2021 თებერვლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს შემოსავალი 26 200 ლარი. პირს არ აქვს წარმოდგენილი 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე და მე-100 მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, ი/მ ---------ს დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
.ი/მ ------------ის საბანკო ანგარიშების შესწავლიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს შემოსავალი შინაარსით სარემონტო სამუშაოების ღირებულება, რომელიც არ არის ასახული შესაბამის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
. პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წელს 16 ივნისს. გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერის შესწავლით ირკვევა, რომ პირს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს შემოსავალი შინაარსით: ,,სარემონტო სამუშაოების ღირებულება“ და არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში, ასევე 2023 თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა ავ-------- თანხით 60 000 ლარი, რომელიც არ არის ასახული შესაბამის პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159 მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
. ი/მ --------ს 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე ი/მ -----------სგან (ს/ნ --------------) მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა ეა---------, სრული თანხით 65 000 ლარი, დღგ-ის თანხა 9915.25 ლარი, შინაარსით: ,,შესრულებული სამუშაოს ღირებულება“. შემოწმებით ვერ დგინდება თუ რა ტიპის სამუშაო იქნა შესრულებული, საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება თანხის გადახდა. ვერ დგინდება მომსახურება მიზნობრიობა ან გამოყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ი/მ -----------ს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეუმცირდა 9915.25 ლარით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე2 ნაწილის თანახმად.
. ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) 2021 საგადასახადო წელის შემოსავალი შეადგენს 80 102,75 ლარს. ხოლო მისი მეუღლის -----------ის (ს/ნ -----------------) შემოსავალი შეადგენს 44 025,52 ლარს. პირებს არ აქვს წარმოდგენილი 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია. ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საკუთრებაში არსებული ქონება შეფასებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან და შემფასებლის კვლევის შედეგად დადგენილი კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის საშუალო საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, ხოლო მეუღლის -----------ის (ს/ნ -----------------) ქონების შეფასება აღებული იქნა მის მიერ წარდგენილი 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციიდან. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოწმებით საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-81 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს შემოსავალი 26 200 ლარი, რაზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, მიღებული აქვს შემოსავალი შინაარსით სარემონტო სამუშაოების ღირებულება, რომელიც არ არის ასახული შესაბამის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. ამასთან, პირს 2023 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ------ თანხით 60 000 ლარი, რომელიც არ არის ასახული შესაბამის პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. აგრეთვე, 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, რომლის მიზნობრიობა და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებში გამოყენება არ დგინდება, რის საფუძველზეც ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანხმად, --------ის შემოწმების პროცესში არ იყო გამოყენებული შემოსავლების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტებით და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ წარმოუდგენია რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზეც შედგენილია შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მეთორმეტე და მეთოთხმეტე ნაწილების მიხედვით ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) და მისი მეუღლის შემოსავალი (ცალცალკე) 2021 წლის საანგარიშო პერიოდში აღემატება 40 000 ლარს, რაზეც გადამხდელს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №023-22 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N12304 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №25303 ბრძანება და №023-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 67 438 ლარი, მათ შორის, გადასახადი 39 216 ლარი, ჯარიმა 19 609 ლარი, საურავი 8 613 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს არ აქვს წარმოდგენილი 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე ,90-ედა მე-100 მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
ასევე პირს 2023 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა , რომელიც არ არის ასახული შესაბამის პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. აგრეთვე, 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, რომლის მიზნობრიობა და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებში გამოყენება არ დგინდება, რის საფუძველზეც ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა შემცირებას.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159 მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე2 ნაწილის თანახმად.შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანხმად, შემოწმების პროცესში არ იყო გამოყენებული შემოსავლების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი.
ამასთან,შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, მომჩივანის და მისი მეუღლის შემოსავალი (ცალცალკე) 2021 წლის საანგარიშო პერიოდში აღემატება 40 000 ლარს, რაზეც გადამხდელს არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:90(1); 93( 11); 100(1); 159(1 ,,ა“ ,,ბ“); 163(1,2); 164(1) ;174(1); 175(1 ,,ა“); 176(1 ,,ა“); 201(1„გ.ა“); 202(5); 275( მე-2);