გადაწყვეტილება №18801/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2023
№ დოკუმენტი 18801/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18801/2/2023

10.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 6.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18801/2/2023).

 

დავის საგანი:

სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №024-42 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 იანვრის №527 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 590 142 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 316 983

დღგ - 587

მოგების გადასახადი - 231 747

საშემოსავლო გადასახადი - 84 669

ქონების გადასახადი - (-20)

ჯარიმა - 183 967

საურავი - 89 192

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 მარტის №6770 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული აქვს სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს. გონივრულ ფულად ნაშთად მიჩნეულია კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10% დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხები ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაბეგვრის მიზნებისთვის არაგონივრული ნაშთი მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ან მცირდება (ითვლება შესაბამისი პირის მიერ შესაბამის სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად.

ამდენად, უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ არაგონივრულ ნაშთთან დაკავშირებით კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით. მომჩივანს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №19140 ბრძანება და №024-42 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 590 142 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 12 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 იანვრის №527 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 97-ე, 982 , 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, სალაროს ინვენტარიზაციის პერიოდში თანხების ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია. აგრეთვე, საკითხის ზეპირ მოსმენაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ განმარტებულ იქნა, რომ გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ მომჩივნის მიერ გაცემული დივიდენდის ოდენობა გათვალისწინებულ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელს აქვს ორი შენიშვნა და ითხოვს ერთ-ერთის გათვალისწინებას:

- ითხოვს თანხების ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რა დროსაც არ გამოვლინდა ფულადი სახსრების არსებობა. მიუთითებს, მეთოდურ მითითებაზე, რომლის მიხედვითაც, თუ არ გამოვლინდება სალაროში ფულის ნაშთი, იგი ხელფასად უნდა იქნეს განხილული. მიუთითებს თანხის იმ ოდენობაზე, რომლის დარიცხვაც უნდა მომხდარიყო შემოწმების აქტით. ასევე, მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ითხოვს, რომ სადავო თანხები სალაროს ინვენტარიზაციის პერიოდში, გამოვლენის მომენტში, ჩაითვალოს ხელფასად და აღნიშნულის მიხედვით დაიბეგროს.

- ითხოვს გონივრული ნაშთის მისი არგუმენტაციის შესაბამისად განსაზღვრას. კერძოდ, მომჩივნისთვის გაუგებარია სოლიდური დივიდენდის გაცემის და შესაბამისი გადახდისთვის თანხის დაგროვება რატომ არ უნდა ჩაითვალოს გონივრულ ნაშთად. მითუმეტეს, რომ ეს ოპერაცია დადასტურებულია დოკუმენტალურად. აცხადებს, რომ 2022 წლის 2 მარტს გაიცა 400 000 ლარი დივიდენდი. ასევე, დივიდენდის გაცემა არ იყო დაკავშირებული შემოწმების დანიშვნის და საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის ბრძანებებთან და მათგან გამომდინარე შესაძლო გადასახადებისგან თავის არიდებასთან. აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულით დასტურდება თანხის ნაწილის განთავსება-შენახვის საჭიროება კონკრეტული მიზნისთვის. შესაბამისად, 500 000 ლარი (დივიდენდი და შესაბამისი გადასახადის თანხა) გათვალისწინებულ უნდა იქნას გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული აქვს სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს. შესაბამისად, დაბეგვრის მიზნებისთვის, არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა, როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ან მცირდება (ითვლება შესაბამისი პირის მიერ შესაბამის სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ საკითხი შესწავლილია და დარიცხვა განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.