გადაწყვეტილება №24966/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.04.2025
№ დოკუმენტი 24966/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24966/2/2025

23 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----------ს 25.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №---/2/2025).

 

დავის საგანი:

1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საურავის დარიცხვის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 23.04.2021 წლის №049-3928 და 5.11.2021 წლის №049-29948 საგადასახადო მოთხოვნები;

2. მომსახურების დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №042-5119 საგადასახადო მოთხოვნა;

3. მომსახურების დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №042-5097 საგადასახადო მოთხოვნა;

4. მომსახურების დეპარტამენტის 2.11.2024 წლის №042-5079 საგადასახადო მოთხოვნა;

5. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4798 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 13,91 ლარი.

მათ შორის:

1. მომსახურების დეპარტამენტის 23.04.2021 წლის №049-3928 საგადასახადო მოთხოვნა - 2.76 ლარი;

2. მომსახურების დეპარტამენტის 5.11.2021 წლის №049-29948 საგადასახადო მოთხოვნები - 2.76 ლარი;

3. მომსახურების დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №042-5119 საგადასახადო მოთხოვნა - 2.76 ლარი;

4. მომსახურების დეპარტამენტის 3.11.2023 წლის №042-5097 საგადასახადო მოთხოვნა - 2.76 ლარი;

5. მომსახურების დეპარტამენტის 2.11.2024 წლის №042-5079 საგადასახადო მოთხოვნა - 2.76 ლარი;

6. საურავი - 0,11 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები:

მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 23 აპრილის №-----, 2021 წლის 5 ნოემბრის №----, 2022 წლის 2 ნოემბრის №----, 2023 წლის 3 ნოემბრის №-----, 2024 წლის 2 ნოემბრის №----- საგადასახადო მოთხოვნებით დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი, ჯამში 13.8 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4798 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4798 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს, ---ის მუნიციპალიტეტის სოფ. -----ში მდებარე 0.0317 ჰა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე (ს.კ. -------) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაერიცხა 2020 წლის ქონების გადასახადი, ხოლო 2021-2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში (0.0317ჰა*87) 2.76 ლარის ოდენობით თითოეულ წელზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში (NAPRWEB35) განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მომჩივნის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია -----ის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 22.03.2019 წელს გამოცემული N106 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 203-ე, 205-ე, 61-ე, 206-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში (NAPRWEB35) განთავსებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ----ის მუნიციპალიტეტის სოფ. -----ში მდებარე 0.0317 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (ს.კ. -------) მომჩივნის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია -----ის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 22.03.2019 წელს გამოცემული N106 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი ვრცელდება 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში და არა - მფლობელობაში არსებულ 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ შემთხვევით გაიგო აღნიშნული დარიცხვის შესახებ. ამბობს, რომ რომელ მიწის ნაკვეთზეც დაერიცხა გადასახადი ფლობს 2004 წლამდე, შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის მიხედვით. აღნიშნავს, რომ 1994 წელს, როდესაც შედგა მიღება ჩაბარების აქტები, არ იყო ელექტრონული აზომვითი ნახაზები და მექანიკური აზომვის დროს მოხდა შეცდომა, ზუსტ ფართთან დაკავშირებით. აღნიშნავს, რომ ნაკვეთი არის სახლის მიმდებარე ეზო და მოქცეულია ღობის შიგნით. რეალურ საკუთრებას და მიღება ჩაბარების აქტით სხვაობა 317 კვ.მ (ს/კ -------) რაზეც დაერიცხა გადასახადი საკუთრებაში აღიარა აღიარების კომისიამ. წარმოადგინა მტკიცებულება, რითაც იხელმძღვანელა აღიარების კომისიამ და რის საფუძველზეც მოხდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. სადაც მიწის ნაკვეთის უფლება დასტურდება 2004 წლამდე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.

საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია, 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 28.03.2025 წლის №-------21-11 წერილი, სადაც მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში (NAPRWEB35) განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ------ის მუნიციპალიტეტის სოფ. -----ში მდებარე 0.0317 ჰა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე (ს.კ. -----) ფ/პ გადასახადის გადამხდელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია -----ის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 22.03.2019 წელს გამოცემული N106 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, მომჩივნის არგუმენტზე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითზე მოწოდებულ ინფორმაციაზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების შინაარსზე და აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება, რომ მომჩივანს სოფ. ----ში მდებარე 0.0317 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ------) საკუთრებაში ჰქონდა 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით. შესაბამისად, მომჩივანზე ვერ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. ამდენად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საურავის დარიცხვის გაუქმება

ფაქტების აღწერა

მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნებით დაერიცხა ქონების გადასახადი და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის დაერიცხა საურავი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 53-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 64-ე მუხლებზე და მომსახურების დეპარტამენტს დაავალა, შეისწავლოს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს ბარათზე დარიცხული საურავის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირს საგადასახადო მოთხოვნა ჩაჰბარდა გადასახადის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ, საურავის დარიცხვა განხორციელდება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან.

შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4798 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საურავის დარიცხვის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 23 აპრილის , 2021 წლის 5 ნოემბრის , 2022 წლის 2 ნოემბრის , 2023 წლის 3 ნოემბრის , 2024 წლის 2 ნოემბრის საგადასახადო მოთხოვნებით დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი, ჯამში 13.8 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №4798 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადზე დარიცხული საურავის შესაბამისობა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილთან და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4798 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის №4798 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 205(13); 206(1 „ტ“); 272(1.6);