გადაწყვეტილება №5647/2/2018-3

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.04.2019
№ დოკუმენტი 5647/2/2018-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№5647/2/2018

03.04.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“

შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ის საჩივარზე.

 

დავის საგანი:

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯების გაზრდის მართლზომიერება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის --.--.2018 წლის №----- ბრძანება;

 

დარიცხული თანხა: 717139.74 ლარი

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 353351 ლარი.

ჯარიმა - 162820 ლარი.

საურავი - 200968,74 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების --.--.2017 წლის აქტის საფუძველზე. შემოწმებამ მოიცვა --.--.2012 წლიდან --.--.2015 წლამდე პერიოდი. აღნიშნულის თაობაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №------ ბრძანება და №----- „საგადასახადო მოთხოვნა“.

ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის --.--.2018 წლის №----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სადავო საკითხი:

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯების გაზრდის მართლზომიერება;

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის თანახმად, მომჩივნის დაზღვეულია შპს „----------“, აღნიშნული სადაზღვეო რისკი 100%-ით არის გადაზღვეული კომპანია „----------“-ში, სადაზღვევო ზარალი დადგა 2011 წელს, რაც შეფასებული იყო 15 000000 დოლარად, რაზეც შეთანხმდა ორივე მხარე, აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიას გაუჩნდა ვალდებულება შპს „----------“-ს მიმართ 15000000 დოლარზე და ამასთანავე მოთხოვნა გადამზღვეველ კომპანიასთან, 2015 წლის --------------- წერილით, მიღებული იყო 2014 წლის ---------- დეკემბერს შედგენილი დასკვნა, რომლის მიხედვითაც რეკომენდირებულია ზემოაღნიშნული ზარალი შემცირდეს 2000000 დოლარით. კომპანია ითხოვს აღნიშნული თანხით შემცირდეს 2014 წელს არსებული მოთხოვნა გადამზღვეველის მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული იყო ინფორმაცია სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან, ამასთანავე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №1 მიხედვით განსაზღვრულია, რომ „გადამზღვევლის წილი გაცხადებულ, მაგრამ დაურეგულირებელ ზარალების რეზერვში იცვლება მზღვეველის მიერ ზარალის ან მისი ნაწილის ანაზღაურების შესაბამისად.“ ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით, სადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელი პირი რეზერვებს ითვლის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, კომპანიის მიერ ზედამხედველობის სამსახურში წარდგენილი რეპორტების მიხედვით, არ განხორციელებულა გადამზღვევის წილი გაცხადებულ, მაგრამ დაურეგულირებელ ზარალების რეზერვში ცვლილება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, კომპანიის ერთობლივი შემოსავლის ცვლილება არ განხორციელებულა.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის თანახმად, იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას, უფლება აქვს, საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გაანგარიშებული იმავე საანგარიშო პერიოდის „სადაზღვევო/დამდგარი ზარალები, ნეტო“, გარდა შემოსავლის რეგრესიდან და გადარჩენილი ქონებიდან.

2. ბანკები და საკრედიტო კავშირები სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებენ კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

3. სალიზინგო კომპანიას უფლება აქვს, საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ მოთხოვნებზე რეზერვების ხარჯები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანების მიხედვით გადამზღვევის წილი გაცხადებულ, მაგრამ დაურეგულირებელ ზარალების რეზერვში იცვლება მზღვეველის მიერ ზარალის ან მისი წილის ნაწილის ანაზღაურების შესაბამისად, აღნიშნულს ასევე ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლი. კომპანიის მიერ არ განხორციელებულა გადამზღვევლის წილის გაცხადებულ, მაგრამ დაურეგულირებელ ზარალების რეზერვში ცვლილება, როგორც ამას მოითხოვს კანონმდებლობა. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართებულად არ განხორციელდა ერთობლივი შემოსავლის ცვლილება. ასევე გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლის შემცირების საფუძვლები არ არსებობს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის მიერ დაზღვეულია შპს „----------“-ს აღნიშნული სადაზღვეო რისკი 100%-ით არის გადაზღვეული კომპანია შპს „----------“-ში, სადაზღვეო ზარალი დადგა 2011 წელს, რაც შეფასებული იყო 15000000 აშშ დოლარად, რაზედაც შეთანხმდა ორივე მხარე. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიას გაუჩნდა ვალდებულება შპს„----------“-ს მიმართ 15000000 აშშ დოლარი და ამასთანავე მოთხოვნა გადაზღვეულ კომპანიასთან. 2015 წლის 17 თებერვლის წერილით, მიღებული იყო 2014 წლის -- დეკემბერს შედგენილი დასკვნა, რომლის მიხედვითაც რეკომენდირებულია ზემოაღნიშნული ზარალი შემცირდეს 2000000 აშშ დოლარით, კომპანია ითხოვს აღნიშნული თანხით შემცირდეს 2014 წლის არსებული მოთხოვნა გადამზღვევლის მიმართ. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №1 მიხედვით განსაზღვრულია, რომ „გადამზღვევლის წილი გაცხადებულ, მაგრამ დაურეგულირებელ ზარალების რეზერვში იცვლება მზღვეველის მიერ ზარალის ან მისი ნაწილის ანაზღაურების შესაბამისად“. ასევე აღსანიშნავის, რომ საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით, სადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელი პირი რეზერვებს ითვლის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, კომპანიის მიერ ზედამხედველობის სამსახურში წარდგენილი რეპორტების მიხედვით, არ განხორციელებულა გადამზღვეველის წილი გაცხადებულ, მაგრამ დაურეგულირებელ ზარალების რეზერვში ცვლილება. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად არ განხორციელდა შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაზრდა. იმ შემთხვევაში თუ მომჩივნის მოთხოვნა გამოსაქვითი ხარჯების გაზრდაზე არ იქნება დაკმაყოფილებული, მაშინ ითხოვს დაკორექტირდეს დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და შესაბამისი ანაზღაურების აღიარების პერიოდში განხორციელდეს ერთობლივ შემოსავალზე დამატება, რა დროსაც გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წინა პერიოდებში კომპანიის მიერ უკვე ერთხელ აღიარებულია გადამზღვევის წილი ერთობლივ შემოსავალში, რაც დადასტურებულია შემოწმების მიერ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის თანახმად:

1.იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა ლიცენზირებულ სადაზღვევო საქმიანობას, უფლება აქვს, საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გაანგარიშებული იმავე საანგარიშო პერიოდის „სადაზღვევო/დამდგარი ზარალები, ნეტო“, გარდა შემოსავლისა რეგრესიდან და გადარჩენილი ქონებიდან.

2.ბანკები და საკრედიტო კავშირები სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებენ კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

3.სალიზინგო კომპანიას უფლება აქვს, საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს ლიზინგიდან წარმოშობილ ვადაგადაცილებულ მოთხოვნებზე რეზერვების ხარჯები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

„სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის -- დეკემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გადამზღვევლის წილი განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვში გამოითვლება თითოეული განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალისათვის, მასთან დაკავშირებული გადაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. გადამზღვევლის წილი განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვში იცვლება მზღვეველის მიერ ზარალის ან მისი ნაწილის ანაზღაურების შესაბამისად. მზღვეველის მიერ ზარალის სრული ოდენობით ანაზღაურების შემთხვევაში, ამ ზარალთან დაკავშირებული გადამზღვევლის წილი განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვში უდრის ნულს.

აუდიტის დეპარტამენტის --.--.2018 წლის №------ წერილით წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, მომჩივნის მიერ დაზღვეულია შპს „----------““, აღნიშნული სადაზღვევო რისკი 100%-ით არის გადაზღვეული კომპანია შპს „----------“-ში, სადაზღვეო ზარალი დადგა 2011 წელს, რაც შეფასებული იყო 15000000 აშშ დოლარად, რაზედაც შეთანხმდა ორივე მხარე. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიას გაუჩნდა ვალდებულება შპს „----------“-ს მიმართ 15000000 აშშ დოლარი და ამასთანავე მოთხოვნა გადაზღვეველ კომპანიასთან. 2015 წლის 17 თებერვალს წერილით, მიღებული იყო 2014 წლის 30 დეკემბერს შედგენილი დასკვნა, რომლის მიხედვითაც რეკომენდირებულია ზემოაღნიშნული ზარალი შემცირდეს 2000000 აშშ დოლარით. კომპანია ითხოვს აღნიშნული თანხით შემცირდეს 2014 წელს არსებული მოთხოვნა გადამზღვევლის მიმართ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად არ განხორციელდა შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაზრდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულება გადამზღვევლის წილის გაცხადებულ, მაგრამ დაურეგულირებელ ზარალების რეზერვში ცვლილების განხორციელების თაობაზე კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 27.12.2018 წლის კანონის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით:

„2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

3.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5.საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში, სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ამ ცვლილებებით სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას შემსუბუქებულია, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს შეფარდებული სანქციების სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

 

1.საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.სადავო საკითხის ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის --.--.2018 წლის №----- ბრძანება;

3.მომჩივანს ეთხოვოს უზრუნველყოს დავის საგანთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტში;

4.აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება;

5.აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული სანქციების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

6.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.