ბრძანება N 24831
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24831
06 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---)
2023 წლის 11, 12 და 13 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს №19941/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „---“-ის (ს/ნ ---) №19392/2/2023; №63868/21 და №64958/01 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 თებერვლის №021-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, აღნიშნავს, რომ გადასახადი დარიცხულია საგადასახადო ვალდებულებების იმ ნაწილში, რომელი ნაწილიც უკვე შემოწმებულია. აცხადებს, რომ სადავო საკითხს წარმოადგენდა შემოწმების აქტის შესწავლა M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის შედეგად მიღებული შემოსავლების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის და ამის გამო, გადამხდელისათვის დღგ-ის ზედმეტად დარიცხვის ნაწილში. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ერთის მხრივ შეამცირა (გააუქმა) სადავო აქტებით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, თუმცა ამავდროულად იგივე თანხის დარიცხვა განახორციელა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია 2011-2014 წლების საანგარიშო პერიოდზე, რომელიც წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს. ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის №26395 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 5 თებერვლის №021-10 და 2017 წლის 9 თებერვლის №021-31 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით შპს „---“-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაში და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს."
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის №26395 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 15 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სალდირებულად არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 21 თებერვლის №021-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 19 მაისის №11136 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11136 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 18 აგვისტოს №19941/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11136 ბრძანება და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.07.2019 წლის №26395 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შესწავლის შედეგად დადგინდა, ვინაიდან მძღოლის მიერ მგზავრისგან მიღებული მგზავრობის ღირებულება წარმოადგენს საწარმოს შემოსავალს, შესაბამისად M2 კატეგორიის ტრანსპორტით (მიკროავტობუსებით) მგზავრთა მომსახურებისას დღგ-ით უნდა დაიბეგროს არა მძღოლის მიერ საზოგადოებისათვის გადახდილი „გეგმიური შენატანი", არამედ თითოეული მგზავრის მიერ გადახდილი მგზავრობის მომსახურების ღირებულება სრულად. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლის განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე9 ნაწილების საფუძველზე. კერძოდ, გამოკითხულ იქნა M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მათი წერილობითი ახსნა-განმარტებების მიხედვით გაანგარიშდა საშუალო წლიური შემოსავალი სამარშრუტო ხაზების მიხედვით. გაანგარიშებული ხარჯი დაკვალიფიცირდა მძღოლებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) გამოსაქვითი ხარჯები (ხელფასი), რამაც გამოიწვია მოგების გადასახადის შემცირება და საშემოსავლო გადასახადის გაზრდა. აღნიშნული გადაანგარიშების შედეგად, დღგ-ში დარიცხული გადასახადი შემცირდა 30 336 ლარით, ასევე შემცირდა მოგების გადასახადი 8 681 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა 39 016 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 7 მარტის №13279 ბრძანებით დაინიშნა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2011 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე, წლიური მოგების და ქონების გადასახადის 2011 და 2012 წლების საანგარიშო პერიოდი. აღნიშნულზე 2014 წლის 16 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 21 ივლისის №34274 ბრძანება და №21-146 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოთ დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 73 266 ლარი, მათ შორის, გადასახადი 41 020 ლარი, ჯარიმა 20 509 ლარი, საურავი 11 737 ლარი. აღსანიშნავია, რომ შემოწმების შედეგად გადამხდელს საშემოსავლო გადასახადი არ დარიცხვია. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის N26395 ბრძანებაზე, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაში და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით სადავო საკითხების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ხოლო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, საბჭომ მიიჩნია, რომ 20.11.2015 წლის №8903/2/14 გადაწყვეტილებით მძღოლის მიერ მიღებული მგზავრობის ღირებულება ჩაითვალა კომპანიის შემოსავლად, ხოლო სადავო ოპერაცია არ იქნა მიჩნეული სანებართვო უფლების გადაცემად და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტს უნდა მოეხდინა 2016 წლის 5 თებერვლის №021- 10 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული დღგ-ის კორექტირება (შემცირება), თანმდევი შედეგებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლის განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების საფუძველზე. კერძოდ, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ახსნა-განმარტებების მიხედვით გაანგარიშდა საშუალო წლიური შემოსავალი სამარშრუტო ხაზების მიხედვით. გაანგარიშებული ხარჯი დაკვალიფიცირდა მძღოლებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) გამოსაქვითი ხარჯები (ხელფასი), რამაც გამოიწვია მოგების გადასახადის შემცირება და საშემოსავლო გადასახადის გაზრდა. აღნიშნული გადაანგარიშების შედეგად, დღგ-ში დარიცხული გადასახადი შემცირდა 30 336 ლარით, ასევე შემცირდა მოგების გადასახადი 8 681 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა 39 016 ლარით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის N26395 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა მოეხდინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაში და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით სადავო საკითხების, კერძოდ, დღგ-ის ნაწილში დარიცხული გადასახადების და მხოლოდ დღგ-ის გაუქმების თანმდევი შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საკითხის შესწავლა. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები, განსახილველ შემთხვევაში, სადავო იყო მხოლოდ დღგ-ის დარიცხვის ნაწილში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღგ-ის გარდა ყველა სხვა ნაწილში ხსენებული აქტი კანონიერ ძალაში შევიდა და ძალაში იმყოფებოდა არამარტო შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის ბრძანების გამოცემის მომენტში, არამედ აქტის პირველივე გასაჩივრების მომენტიდან, რაც გამორიცხავდა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას, რომ განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების 2014 წლის 16 ივლისის აქტის რევიზირება დღგ-ს გარდა, სხვა გადასახადების ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის №26395 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულდა არამართლზომიერად, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტი გასცდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებულ დავალებას და მიუხედავად დღგ-ში დარიცხული თანხების შემცირებისა, შემცირებას დაუქვემდებარა ასევე მოგების გადასახადი სულ 8 681 ლარით, ხოლო დარიცხვა განახორციელა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 39 016 ლარის ოდენობით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის №26395 ბრძანების სათანადო წესით აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის №26395 ბრძანების სათანადო წესით აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის №26395 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 15 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სალდირებულად არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 21 თებერვლის №021-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 19 მაისის №11136 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11136 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 18 აგვისტოს №19941/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11136 ბრძანება და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ივლისის №26395 ბრძანების სათანადო წესით აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 306 (2); 73 (5); 298 (2); 255 (6).