ბრძანება N 33442

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33442
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33442

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: ---------)

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----ს“ (ს/ნ ----) 2023 წლის 26 იანვრის №78560/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-660 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს მიერ -----ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ -----ს, რომელიც 2014 წელს იყო საწარმოს დირექტორი - 257 315 ლარიდან დაფარული ჰქონდა მხოლოდ 49 700 ლარი და დარჩენილი 207 615 ლარი საწარმოსთვის არ გადაუხდია. ასევე, მომჩივანი განმარტავს, რომ -----ს კომპანიამ არაერთხელ მოსთხოვა დარჩენილი თანხის გადახდა ზეპირსიტყვიერად, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, 2023 წლის 25 იანვარს საწარმომ გაუგზავნა წერილი, დარჩენილი თანხის გადახდის მოთხოვნით.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ დირექტორ ------ზე არსებული მოთხოვნის (148 765 ლარის) მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ საწარმოს ------ს მიმართ ერიცხება ვალდებულება 227 849 ლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულების ოდენობა არის სრულიად გამჭვირვალე და ეფუძნება საწარმოს საბანკო ამონაწერებს/ბუღალტრულ პროგრამას. მომჩივანი ითხოვს ურთიერთვალდებულებების გაქვითვას, რომლის შედეგად საწარმოს დარჩება 79 084 ლარის ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულება ------ს მიმართ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17446 ბრძანებისა და 22 დეკემბრის №32507 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისათვის 2022 წლის 09 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33242 ბრძანება და №006-660 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 144 466 ლარი, მათ შორის გადასახადი 89 094 ლარი, ჯარიმა 44 547 ლარი და საურავი 10 825 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 17 ივლისის №17281 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 20 ნოემბრის №20547/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17281 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ნოემბრის №20547/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა, თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მაღალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და რეალიზაცია. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. საგადასახადო შემოწმების პროცესში, შემმოწმებლებმა შეისწავლეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით, ფიზიკურ პირ - -----ს მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო შპს „------"-ის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში ------ს დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების დროს მოხდა ------თან დაკავშირება, რომლის ახსნა-განმარტების თანახმად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს, კომპანიას დირექტორ ------ზე გადაფორმებული ჰქონდა ბინა, რომლის მიხედვითაც კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა 148 765 ლარის მოთხოვნა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14371 ბრძანების საფუძველზე შპს „------“-ის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა განისაზღვრა და დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებით, საწარმოს მიმართ ------სა და -----ზე არსებული მოთხოვნები ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით, ფიზიკურ პირ - -----ს მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო შპს „------"-ის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში ------ს დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების პროცესში მოხდა ------თან დაკავშირება, რომლის ახსნა-განმარტების თანახმად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ ------ს მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს -----ს მიმართ ერიცხება ვალდებულება 227 849 ლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულების ოდენობა არის სრულიად გამჭვირვალე და ეფუძნება საწარმოს საბანკო ამონაწერებს/ბუღალტრულ პროგრამას. მომჩივანი ითხოვს ურთიერთვალდებულებების გაქვითვას, რომლის შედეგად საწარმოს დარჩება 79 084 ლარის ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულება ------ს მიმართ.

ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ შპს „-------სა“ და ------ს შორის არსებობს სესხის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება ------ს ვალდებულება შპს-ის მიმართ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, შპს „-----სა“ და -----ს შორის არსებული სასესხო ვალდებულებების დადასტურების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) შპს „------სა“ და ------ს შორის არსებული სასესხო ვალდებულებების დადასტურების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს მიერ ყოფილი დირექტორის მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ დირექტორზე არსებული მოთხოვნის (148 765 ლარის) მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მაღალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და რეალიზაცია. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. საგადასახადო შემოწმების პროცესში, შემმოწმებლებმა შეისწავლეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საწარმოს უფიქსირდებოდა მოთხოვნა 257 315 ლარის ოდენობით, ფიზიკურ პირის მიმართ, რომელიც 2014 წელს იყო მომჩივნის დირექტორი. შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ-ს დაფარული ჰქონდა 49 700 ლარი, ხოლო გადასახდელი რჩებოდა 207 615 ლარი. შემოწმების დროს მოხდა ფ/პ-თან დაკავშირება, რომლის ახსნა-განმარტების თანახმად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი საწარმოსთვის. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს, კომპანიას დირექტორზე გადაფორმებული ჰქონდა ბინა, რომლის მიხედვითაც კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა 148 765 ლარის მოთხოვნა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14371 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა განისაზღვრა და დადგინდა, რომ ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებით, საწარმოს მიმართ ფ/პ-სა და დირექტორზე არსებული მოთხოვნები ჩაითვალა მიღებულად და დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ ყოფილი დირექტორის მიმართ არსებული მოთხოვნის მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, არსებული სასესხო ვალდებულებების დადასტურების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").