გადაწყვეტილება №18973/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18973/2/2023
16.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 24.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18973/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1.აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2022 წლის №081-115 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1227 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 451 107,2 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 294 575
დღგ - 224 830
მოგების გადასახადი - 54 347
საშემოსავლო გადასახადი - 15 398
ჯარიმა - 147 287,5
საურავი - 9 244,7
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 25.04.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შპს ------------- გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 25.04.2019 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 22.02.2021 წლიდან, ეკონომიკური საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა, ძირითად თამბაქოს ნაწარმით. შემოწმების პროცესში გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ ბაზაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ რეალიზაცია ხორციელდება სრულად არადოკუმენტურად და გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერები საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.06.2022 წლის №14426 ბრძანებით ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით, 9.06.2022 წლისთვის კომპანიას სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის მიხედვით სააღრიცხვო დოკუმენტაცია - პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს „დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა 9.06.2022 წლის №14426 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით და გამოიყვანა 1.04.2022 წლისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი. ასევე, შემოწმების პროცესში შეძენილი სმფ-ები დაიყო კატეგორიებად, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დაანგარიშდა სალაროთი რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ფასნამატი. მიღებული სხვაობებით, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით.
ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (დებიტორ-კრედიტორების გათვალისწინებით) და დარჩენილი თანხა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის
პირველი ნაწილით და საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. აღნიშნულის შედეგად, კომპანიას დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2022 წლის №081-115 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1227 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდება სრულად არადოკუმენტურად და გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერები დადგენილი წესით და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.06.2022 წლის №14426 ბრძანებით ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 9.06.2022 წლისთვის კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.06.2022 წლის №14426 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით და გამოიყვანა 2022 წლის 1 აპრილისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი. ასევე, შემოწმების პროცესში შეძენილი სმფ-ები დაიყო კატეგორიებად, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დაანგარიშდა სალაროთი რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ფასნამატი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელი აქტიურად იყო ჩართული შემოწმების პროცესში და მასთან განხილულია როგორც საქონლის, ისე ფულის მოძრაობის ცხრილები. ამასთან, 27.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადამხდელს გაეგზავნა შეტყობინება საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი თანხის კვალიფიკაციის თაობაზე, რომლის მიხედვითაც გადამხდელი დაეთანხმა შემოწმებით დარიცხულ თანხებს და მოითხოვა შემოწმებით გამოვლენილი თანხის დივიდენდად განხილვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არც აქტით და არც თანდართული დოკუმენტებით ვერ ხერხდება დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძვლების დადგენა. აქტში მოყვანილია მხოლოდ მშრალი ციფრები, რომელთა დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მოთხოვნებს.
აქტიდან არ იკვეთება ის ფაქტი, საწარმოს ფინანსური შედეგები იძლევა თუ არა დივიდენდის გაცემის შესაძლებლობას, მაშინაც კი როცა საწარმო აგრძელებდა საქმიანობას.
უცნობია საიდან იქნა მიღებული რიცხვი 1 249 011 ლარი. ვერც აქტით და ვერც თანდართული დოკუმენტებით ვერ ხერხდება დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის დადგენა. აქტში მოყვანილია მხოლოდ მშრალი ციფრები, რომელთა დადასტურება ან უარყოფა შეუძლებელია, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მოთხოვნებს
შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ იხელმძღვანელა 9.06.2022 წლის №14426 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით და გამოიყვანა 1.04.2022 წლისთვის არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთი. ასევე, შემოწმების პროცესში შეძენილი სმფ-ები დაიყო კატეგორიებად, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დაანგარიშდა სალაროთი რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობაზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ფასნამატი. კონკრეტული გაანგარიშება კი აქტს არ ახლავს, ამდენად ბუნდოვანია 1 249 011 ლარის წარმოშობის საფუძვლები, უფრო მაშინ, როცა ინვენტარიზაციის აქტით სმფ-ის ნაშთი 9.06.2022 წლისთვის 0-ის ტოლია, ადგილზე კი საკითხი ფაქტიურად არ შეუსწავლიათ, რაც დგინდება საქონლის მოძრაობის ანალიზით.
საგადასახადო შემოწმების აქტით გადამხდელის ახსნა-განმარტებით ბარათზე დაყრდნობით ფასნამატად გამოყენებულია 8% და მეტი, რაც თამბაქოს ვაჭრობის სფეროში აბსურდული ციფრია. აღნიშნული დგინდება როგორც სხვა საწარმოებში ჩატარებული შემოწმების აქტებით, ასევე პრაქტიკაში არსებული საკონტროლო შესყიდვის მასალებიდან გამომდინარე, შესაბამისად ეტყობა გადასახადის გადამხდელი დაეყრდნო თანამშრომლებიდან მოწოდებულ მცდარ ინფორმაციას.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების დროს საგადასახადო ორგანო ეყრდნობა მათ საინფორმაციო ბაზაში არსებულ ინფორმაციას, რომელიც ხშირად სამართლებრივად გამაგრებულია, მოცემულ შემთხვევაში კი ემყარება მხოლოდ გადამხდელის ახსნა-განმარტებას სამართლებრივი მტკიცებულების გარეშე (არც საკონტროლო შესყიდვის აქტი და არც სხვა მტკიცებულება).
საკითხის ზედაპირული შესწავლითაც გამოვლინდა შემდეგი:
ა) საგადასახადო შემოწმების პერიოდი განსაზღვრული იყო 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. კომპანია კი რეგისტრირებულია 25.04.2019 წელს.
ბ) 25.04.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე კომპანიის მიერ სულ შეძენილია 2 116 487 ლარის (rs.ge-ს მონაცემები) სმფ დღგ-ის გარეშე მიღებულია და ჩათვლას ექვემდებარებოდა 380 968 ლარის გადახდილი დღგ. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დაფიქსირებულია 1 249 011 ლარი, ანუ დაზუსტების შემდეგ შეძენილი პროდუქციის მთლიანად გაყიდვის შემთხვევაშიც კი რეალიზაციამ უხეში გათვლებით შეადგინა 3 365 498 ლარი, ფასნამატი გამოდის 59%, დავების განხილვის დროს დაფიქსირდა, რომ ფასნამატად განხილულია 8% თამბაქოს ნაწარმზე.
რაიმე სხვა ინფორმაცია კომპანიისთვის ცნობილი არ არის. აქტით თანხების დაბრუნება არ ფიქსირდება. აღნიშნული დოკუმენტები არც განხილვის შემდეგ არის მიღებული .
ზემოთ მოყვანილი წარმოდგენილი საკითხებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არ დაირღვეს საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საქონლის რეალიზაცია ხორციელდება სრულად არადოკუმენტურად და გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერები საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.06.2022 წლის №14426 ბრძანებით ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით, 9.06.2022 წლისთვის კომპანიას სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის და დებიტორ-კრედიტორების გათვალისწინებით გაანგარიშებული თანხა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე დაკვალიფიცირდა გაცემულ დივიდენდად.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ გაცემულია დივიდენდი, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაცემის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.