გადაწყვეტილება №20683/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20683/2/2023
25 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ს 28.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20683/2/2023).
დავის საგანი:
1. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენა - დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება - დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №125-20 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19676 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 84 405 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 44 043
დღგ - 18 309
მიწა - არარსასოფლო - 2 103
საშემოსავლო გადასახადი - 22 430
ქონების გადასახადი - 1 201
ჯარიმა - 27 507
საურავი - 12 855
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის შეძენა და რეალიზაცია, კერძოდ, რკინიგზის შპალების, საისრე გადამყვანი ძელების, ბზარსაწინაღმდეგო სარჭების შეძენა, სპეციალური საჟღენთი ზეთით და ხსნარით მათ გაჟღენთვა და რეალიზაცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 19.04.2019 წლიდან 19.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32936 ბრძანება და 26.12.2022 წლის №125-20 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 24.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.08.2023 წლის №19676 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან (შემოწმებით განსაზღვრული მიწაზე ქონების გადასახადი, ხელფასის სახით განაცემებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი შპალის ოდენობა და აღნიშნულზე განსაზღვრული ჯარიმა) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების, მ.შ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
მე-3 სადავო საკითხთან (არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული 2010 წლის 16 ნოემბრის №2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არარეზიდენტ კომპანიაზე საქონლის ტრანსპორტირების მომსახურებისთვის გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19676 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები
1.გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენა - დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.04.2022 წლის №10508 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის ფარგლებშიც მოხდა საქონლისა და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი ნაშთების დათვლა. ინვენტარიზაციის მასალები გადაგზავნილია აუდიტის დეპარტამენტში შედეგების გამოსაყვანად. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის, პირველადი დოკუმენტაციისა და ინვენტარიზაციის მასალების ანალიზით გამოვლინდა 890 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი და 12 545 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე და აღურიცხველ საქონელზე გაანგარიშებულმა ჯარიმამ შეადგინა 6 362 ლარი. ამასთან, გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია გამოვლენილი დანაკლისი აღიაროს მიწოდებად მისი გამოვლენის მომენტში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქონლის ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილია აღურიცხველი საქონელი, კერძოდ, -------- (4,792 კილოგრამი ზედმეტობა). მოცემული საქონლის ოდენობის მაღალი სიზუსტით განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ავზები არის ძალიან დიდი მოცულობის (ჯამში 380 ტონიანი ავზი) და შიგნით არსებული სითხის მოცულობა იცვლება გარე ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად. შესაბამისად, რადგან გამოვლინდა 3%-მდე სხვაობა ინვენტარიზაციისა და ბუღალტრულ ნაშთს შორის, ლოგიკურად დასაშვებია და შეუძლებელია, რომ ექსპერტს, რომელიც ითვლიდა სითხის მოცულობას, ზუსტად განესაზღვრა ავზებში დარჩენილი ნაშთის ოდენობა. გამოვლენილი ზედმეტობა შეადგენს საერთო მოცულობის 3%-ზე ნაკლებს, გამომდინარე იქიდან რომ ზეთი ინახება დიდი მოცულობის ავზში, რთულია მისი ნაშთის კონტროლი და მისი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით 3%-იანი სხვაობა სრულიად დასაშვებია. აქვე უნდა ითქვას, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ეს სითხე არ იყიდება, მხოლოდ ის ახორციელებს მის იმპორტს და იყენებს საქმიანობაში (არ ახორციელებს პირდაპირ რეალიზაციას, იყენებს მხოლოდ წარმოებაში) და რადგან სხვა გამოყენება ამ სითხეს არ გააჩნია, ინტერესიც არ არის სხვა მხარის მიერ ამ სითხის მითვისებაზე ან სხვა მხრივ რაიმე დანიშნულებით გამოყენებაზე, შესაბამისად, არ არსებობს მიზეზი რის გამოც ნაშთები შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს.
ზემოთ მოცემული საქონლის (---------) შემთხვევაში მოეხსნას აღურიცხველი საქონლის გამო დაკისრებული სანქცია 4 552.4 ლარი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რადგან აღნიშნული ---------- არასწორად იყო დათვლილი მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე და ამ საქონლის აღურიცხველობა არცერთი კუთხით არ წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ზარალის მიყენების მიზანს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ აღურიცხველი საქონლის (----------) გამო დაკისრებული სანქციისგან, 4 552.4 ლარი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს, რადგან აღნიშნული ---------- არასწორად იყო დათვლილი მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე და ამ საქონლის აღურიცხველობა არცერთი კუთხით არ წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ზარალის მიყენების მიზანს.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება - დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის, დეკლარირებული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის დეკლარირებულ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებსა და შემოწმების შედეგად დადგენილ ჩასათვლელ თანხებს შორის.
გამოვლენილი სხვაობის ძირითადი მიზეზი მდგომარეობს შემდეგში: შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“ მიღებული და ჩათვლილი აქვს როგორც ავანსის, ისე საქონლის/მომსახურების მიღების საფუძველზე გამოწერილი „----------“ სერიის ანგარიშ-ფაქტურები (რომლებიც მოიცავს თანხის ავანსად გადახდისას გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ თანხას).
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა/შემცირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად ჩათვლილი თანხა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორმა შემოწმებისას გამოავლინა, რომ კომპანიას შპს „----------“ გადახდილი აქვს ავანსი, რაზეც გამოწერილია ავანსის ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილი აქვს 34 322.03 ლარი. ამასთან, შესაბამისი ავანსის მიწოდებების ნაწილზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, ასევე ჩათვლილია 19 222.77 ლარის დღგ (ავანსების შედარების აქტის შესაბამისად). თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიამ აღმოაჩინა დაშვებული ტექნიკური შეცდომა, 2022 წლის სექტემბრის თვეში (ტექნიკურად ვერ მოხერხდა სწორი პერიოდების მიხედვით დეკლარაციების დაზუსტება, რადგან საგადასახადო შემოწმება უკვე დაწყებული იყო) ჩათვლებიდან ამოიღო მანამდე ჩათვლილი დღგ 19 222.77 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ დარღვეულია დღგ-ის ჩათვლის პერიოდი. აღნიშნულთან დაკავშირებით მაშინვე ეცნობა საგადასახდო აუდიტორსაც, თუმცა მისი განმარტებით, რადგან 2022 წლის სექტემბრის თვე შესამოწმებელ პერიოდს არ ეკუთვნოდა, არ გაითვალისწინა კომპანიის მხრიდან დეკლარაციის დაზუსტების და გადასახადის აღდგენის ფაქტი, რის შედეგადაც, შემოწმების აქტში დააფიქსირა ზედმეტად ჩათვლილი გადასახადი და არა სხვა პერიოდში გადასახადის ჩათვლა.
კომპანიას ბუღალტრულ მომსახურებას უწევს აუთსორს კომპანია, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა მომსახურე ბუღალტერი რა დროსაც, ერთ-ერთი ცვლილებისას დაიკარგა ინფორმაცია კომპანიის მიერ გადახდილ ავანსზე ჩათვლილი დღგ-ის შესახებ (ტექნიკურად აღრიცხვა ხდებოდა პროგრამა ფინაში და რადგან შპს „----------“ ურთიერთობა მოიცავს, როგორც მათგან საქონლის შესყიდვას, ასევე მათ მიერ კომპანიის საქონლის შესყიდვას, პროგრამულად ორი ბარათი იყო გახსნილი 1410 (დებიტორები) და 3110 (კრედიტორები) რომელთა შორისაც ხდებოდა ხელით ანგარიშებს შორის გადახურვა, ყოველი შედარების დროს, რამაც გამოიწვია ის, რომ პროგრამა ფინამ სწორად ვერ აღიქვა ავანსის ოპერაცია და არ გამოყო ცალკე ანგარიშზე ავანსი, შესაბამისად ამ ორი ბარათის სრულად დეტალურად გავლის გარეშე ახალ ბუღალტერს არ უჩანდა პროგრამულად გაცემული ავანსი და მასზე ჩათვლილი დღგ), რამაც გამოიწვია აღნიშნული შეცდომა რომ გადახდილ ავანსის ნაწილზე მიმდინარედ არ ხდებოდა ძველი ავანსის თანხის გამოქვითვა ჩასათვლელი თანხიდან, თუმცა როგორც კი მოხდა შეცდომის აღმოჩენა, მაშინვე მოხდა დეკლარაციის კორექტირება (ჩათვლის ჯამურად ამოღება) მიმდინარე თვეში (2022 წლის სექტემბერი).
საგადასახადო კოდექსის 269 მუხლის მე-7 ნაწილის და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია არ აპირებდა კუთვნილი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, თვლის, რომ თუ კომპანიის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია დაშვებული შეცდომით, რომ მოქმედებდა იმ რწმენით, რომ კომპანიის ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და არ მოახდენდა კუთვნილი გადასახადებისგან თავის არიდებას, ხოლო კომპანიის მოტივაცია იყო ბიუჯეტისთვის არ მიეყენებინა ზარალი. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პირს სწამს, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და აქვს მოტივაცია სრულად მოახდინოს ბიუჯეტთან მისი კუთვნილი გადასახადების გადახდა, რაც დასტურდება კომპანიის ქმედებებში.
ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე და ამასთანავე, იმის გამო რომ ტექნიკური შეცდომის გამოვლენის შემდგომ, დაუყონებლივ, სრულად ამოღებული აქვს შესაბამისი დღგ-ის გადასახადი ჩათვლებიდან, მოეხსნას დღგ-ის ჩათვლის გამო დარიცხული გადასახადი 22 683 ლარი, ჯარიმა 10 399 ლარი და საურავი სრულად ან წინააღმდეგ შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ითხოვს ამ ოპერაციაზე გავრცელდეს პერიოდის ცვლილების სანქცია (10%), ნაცვლად შემცირებული გადასახადის სანქციისა (50%) და შესაბამისად, შემცირდეს ზედმეტად ჩათვლის გამო დარიცხული ჯარიმა 10 399 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
ვების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი განმარტავს, რომ დარღვეულია დღგ-ის ჩათვლის პერიოდი. აღნიშნულთან დაკავშირებით მაშინვე ეცნობა საგადასახდო აუდიტორსაც, თუმცა მისი განმარტებით, რადგან 2022 წლის სექტემბრის თვე შესამოწმებელ პერიოდს არ ეკუთვნოდა, არ გაითვალისწინა კომპანიის მხრიდან დეკლარაციის დაზუსტების და გადასახადის აღდგენის ფაქტი, რის შედეგადაც, შემოწმების აქტში დააფიქსირა ზედმეტად ჩათვლილი გადასახადი და არა სხვა პერიოდში გადასახადის ჩათვლა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე და იმის გამო, რომ ტექნიკური შეცდომის გამოვლენის შემდგომ, დაუყონებლივ, სრულად ამოღებული აქვს შესაბამისი დღგ-ის გადასახადი ჩათვლებიდან, მოეხსნას დღგ-ის ჩათვლის შემცირების გამო დარიცხული გადასახადი, ჯარიმა და საურავი სრულად ან წინააღმდეგ შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ითხოვს ამ ოპერაციაზე გავრცელდეს პერიოდის ცვლილების სანქცია (10%), ნაცვლად შემცირებული გადასახადის სანქციისა (50%) და შესაბამისად, შემცირდეს ზედმეტად ჩათვლის გამო დარიცხული ჯარიმა 10 399 ლარი.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
რაც შეეხება, მომჩივნის მოთხოვნას მოეხსნას დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად დარიცხული გადასახადი, აღნიშნულზე საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. შესაბამისად, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენა - დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება - დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ხე-ტყის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის შეძენა და რეალიზაცია.
შემოწმების მიერ განხორციელდა შპს-ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის ფარგლებშიც მოხდა საქონლისა და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი ნაშთების დათვლა. ინვენტარიზაციის მასალების ანალიზით, გამოვლინდა 890 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი და 12 545 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გამოვლენილ დანაკლისზე და აღურიცხველ საქონელზე გაანგარიშებულმა ჯარიმამ შეადგინა 6 362 ლარი. ამასთან, გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია გამოვლენილი დანაკლისი აღიაროს მიწოდებად მისი გამოვლენის მომენტში. ასევე, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის დეკლარირებულ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებსა და შემოწმების შედეგად დადგენილ ჩასათვლელ თანხებს შორის.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;286(4);269(7);272(2);275(1,2,21);