გადაწყვეტილება №21176/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.03.2024
№ დოკუმენტი 21176/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21176/2/2023

01 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------27.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21176/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხის გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება;

2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №001-249 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24559 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 368 065 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 190 338

დღგ - 127 201

მოგების გადასახადი - 25 034

საშემოსავლო გადასახადი - 38 103

ჯარიმა - 95 096

საურავი - 82 631

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 23.12.2022 წლის №32622 ბრძანება და №001-249 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24559 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხის გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

საწარმოს საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელს 2020 წლის 30 იანვარს 150 000 ლარის სესხი აღებული აქვს ---------- ბანკისგან და 1 თებერვალს 141 864 ლარი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს ფ.პ. ----------, დანიშნულებაში მითითებულია „ავეჯის შესაძენად“. თუმცა შესამოწმებელ პერიოდში ----------- ავეჯის შეძენა არ ფიქსირდება. შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ფ.პ. ---------- სესხის გაცემად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას დარიცხული თანხის ნაწილში, ვინაიდან სრულად არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის პოზიცია. როგორც აღინიშნა კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ავეჯის იმპორტი და შემდგომი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ხშირ შემთხვევაში მომწოდებელზე ფულის გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორების გზით. მოცემულ შემთხვევაში თანხის გადახდა მოხდა -----------, რათა მომხდარიყო თანხის კონვერტაცია თურქულ ლირაში. ამასთან, მის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩვარში მიუთითა, რომ ---------- მიერ იქნა საქონელი შეძენილი, რაც წარმოადგენს ტექნიკურ უზუსტობას.

ამასთან, აღნიშნული განაცემის მიზნობრიობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამავე პერიოდში განხორციელებულია იმპორტი, რაც აუდიტის დეპარტამენტისთვისაც ცნობილია. აღნიშნულის დასტურად წარმოადგენს იმპორტის დეკლარაციას და მომწოდებლის მიერ გამოწერილ ინვოისს.

გადარიცხული თანხიდან საქონელი შემოვიდა ეტაპობრივად კერძოდ, 28.01.2020, 24.02.2020, 29.02.2020 და 27.03.2020 წელბში. (იხილეთ დანართი - საბაჟო დეკლარაციები).

მომჩივანმა 28.12.2023 წელს წარმოადგინა №21732/2/2023 განცხადება, სადაც განმარტავს, რომ წარმოადგენს 27.10.2023 წლის №21176/2/2023 საჩივარზე დართვის მიზნით დამატებით დოკუმენტაციას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

შემოწმებისას საწარმოს საბანკო ამონაწერების შესწავლით გაირკვა, რომ 2020 წლის 30 იანვარს ----------- ბანკისგან აღებული აქვს 150 000 ლარის სესხი და პირველ თებერვალს 141 864 ლარი საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს ფ.პ. ----------, დანიშნულებაში მითითებულია „ავეჯის შესაძენად“. თუმცა შესამოწმებელ პერიოდში --------- ავეჯის შეძენა არ ფიქსირდება. შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ფ.პ. ----------- სესხის გაცემად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაიბეგრა მოგების გადასახადით.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოწმებისას ხარჯები გათვალისწინებულია სრულად, მათ შორის თურქეთიდან საქონლის ჩამოტანაზე გაწეული ხარჯების ჩათვლით. ფიზ. პირზე გადახდილია თანხა, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება ან უკან დაბრუნება არ დასტურდება.

მომჩივნის წარმომადგენელმა ზოგადად ისაუბრა და ვერ შეძლო დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხის მიზნობრივ დანიშნულებაში გამოყენება არ დასტურდება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღნიშნული ოპერაციის ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირების და მოგების გადასახადით დაბეგვრის შესახებ მართებულია.

 

2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა შემოწმების მიერ მოთხოვნილი სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, არ გააჩნია საქონლის მოძრაობის აღრიცხვა. წარმოადგინა 2019-2021 წლების ბრუნვითი უწყისები, სადაც ფიქსირდება საწყისი და საბოლოო სმფ-ების მზარდი ნაშთები. საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისის №15688 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი ფაქტიური ნაშთი, რომლის თვითღირებულებამ შეადგინა 220 020 ლარი, მაშინ როცა გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ ჩანაწერებში 2022 წლის სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყის ნაშთად 550 578 ლარს აფიქსირებდა, ინვენტარიზაციის ჩატარებამდე გადამხდელს შეძენილი ჰქონდა 73 271 ლარის სმფ-ები და დღგ-ის დეკლარაციებში აფიქსირებდა 125 391 ლარის შემოსავალს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადამხდელის შეძენა/რეალიზაციის და ფაქტიური სასაქონლო ნაშთების საფუძველზე დადგენილ იქნა გაყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასნამატით იქნა რეალიზებული. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე (2021 წლამდე მოქმედი 161-ე) მუხლების თანახმად, შემოწმებით დადგენილი შემოსავლები დაბეგრილ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს დააკლდა ის ხარჯები, რაც გადამხდელის მიერ იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში. შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას ვინაიდან, არასწორად მოხდა ფასნამატის გაანგარიშება, ვინაიდან რეალიზაციის თითქმის 50% ხდება საბანკო განვადების საშუალებით, შესაბამისად აღნიშნული წარმოადგენს დადასტურებულ ფასს, რაზეც დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება სწორად არ მიაჩნია. (იხილეთ დანართი - ბანკის განვადებები).

შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ იქნა პოზიცია, რომ საბანკო განვადებების მხოლოდ 0,5%-ს შეადგენს მთლიანი ბრუნვის. აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკურ უზუსტობას აუდიტის დეპარტამენტის მიერ ვინაიდან კომპანიის ბრუნვის ნახევარზე მეტს შეადგენს საბანკო განვადებები. იხილეთ დანართი.

ასევე, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ ფასნამატის განსაზღვრის პრინციპს, ვინაიდან დოკუმენტური რეალიზაცია ძალიან მცირეა და შეუძლებელია ისეთ სახეობების საქონელზე, რომელზეც დოკუმენტური რეალიზაცია არ არსებობს გავრცელდეს სხვა კატეგორიის საქონლის ფასნამატი.

საკითხის უკეთ გარკვევის მიზნით წარმოადგენს მის მიერ გაანგარიშებულ ფასნამატის ცხრილებს, რომელიც ასახავს რეალიზებული პროდუქციის ზუსტ ღირებულებას, სახეობების და კატეგორიების მიხედვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით. კერძოდ, გადამხდელის შეძენა/რეალიზაციის და ფაქტიური სასაქონლო ნაშთების საფუძველზე დადგინდა გაყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასნამატით იქნა რეალიზებული. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე (2021 წლამდე მოქმედი 161-ე) მუხლების თანახმად, შემოწმებით დადგენილი შემოსავლები დაბეგრილ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს დააკლდა ის ხარჯები, რაც გადამხდელის მიერ იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში. შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბანკო განვადებები შეისწავლა და იდენტიფიცირება არ ხდება. ინვოისში დაფიქსირებული ღირებულება შეუპირისპირა თითოეულ კონკრეტულ საქონელს, აღნიშნულის შედეგად განსაზღვრა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რაც გავლილია კომპანიის ბუღალტერთან, თვითონ ბუღალტერი აიდენტიფიცირებდა საბაჟო დეკლარაციებსა და ინვოისებს, ფასნამატის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა იმ საქონელზე, რომელსაც მომჩივანი უკეთებდა რესტავრაციას (აღდგენას).

მომჩივანმა ვერ შეძლო შესაბამისი არგუმენტების/მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მოპასუხე ორგანოს მიერ დასახელებულ არგუმენტებს გააბათილებდა და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №001-249 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 95 096 ლარი და საურავი - 82 631 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ დარიცხვა გამოწვეულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რომლითაც ზუსტი შედეგის გამოყვანა შეუძლებელია, შესაბამისად, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს სანქციებისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხის გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება;

2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით;

3. სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმებისას საწარმოს საბანკო ამონაწერების შესწავლით გაირკვა, რომ მომჩივანს,ბანკისგან აღებული აქვს 150 000 ლარის სესხი და ანგარიშიდან გადარიცხული აქვს ფ.პ. სიზ.პირისთვის, დანიშნულებაში მითითებულია „ავეჯის შესაძენად“. თუმცა შესამოწმებელ პერიოდში ფიზ.პირის მიერ, ავეჯის შეძენა არ ფიქსირდება. შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ფ.პ. სესხის გაცემად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

2.გადამხდელის შეძენა/რეალიზაციის და ფაქტიური სასაქონლო ნაშთების საფუძველზე დადგინდა გაყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულება, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასნამატით იქნა რეალიზებული.

შემოწმებით დადგენილი შემოსავლები დაბეგრილ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს დააკლდა ის ხარჯები, რაც გადამხდელის მიერ იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში.. შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დარჩენილი თანხა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

97(1);982(3ზ),73(5);61(3);158;159;160;161;269(7)