ბრძანება N 11863

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2026
№ დოკუმენტი 11863
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11863

29 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 30 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 30 აპრილის №71128/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №081-67 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტითაც დგინდება, რომ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა შემმოწმებლის მიერ განხორციელებულია კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონებების უზრუნველყოფის სახით კრედიტორისთვის, ბანკისთვის გადაცემის საფუძვლით. აღნიშნული საფუძვლით დაბეგვრას არ ეთანხმება და მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლზე. მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემისას დღგ-ის გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს, ხოლო თუ კრედიტორი წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელ პირს, მას სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუწველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საკუთრებაში მიღებისას დღგ-ის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება და ითვლება, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა. გადამხდელი განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდშივე კომპანიის მიერ ბანკისგან გამოსყიდული იქნა რამდენიმე ბინა, რომელიც ბანკის მიერ დაბეგრილია დღგ-ით და შესამოწმებელ პერიოდშივე კომპანიის მიერ განხორციელდა აღნიშნულ ბინებზე სს „-------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად, შემოწმებისთვის აღნიშნული გარემოებები ცნობილი იყო.

გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით არ დგინდება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, შედეგად ვალდებულებები განისაზღვრა იმდაგვარად, რომ ოპერაცია შეფასდა თითქოს აღნიშნული წარმოადგენდა კომპანიისთვის სტანდარტულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, მაშინ როდესაც შემმოწმებელი თავად უთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომ ქონებების გადაცემა ბანკისთვის განხორციელებულია 2025 წლის 17 დეკემბრის და 2025 წლის 28 მაისის „იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების საფუძელზე.

გადამხდელი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოებებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა მხოლოდ 2025 წლის 28 მაისის და 2025 წლის 17 დეკემბრის „იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების საფუძელზე ბანკის მიერ ქონების დასაკუთრების ოპერაციაზე, თუმცა საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის ბრძანების დანართის, ამონაკრების მიხედვით დღგ-ში ვალდებულებები დარიცხულია, ასევე, 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე, 60 189 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც საგადასახადო აქტი არ შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას აღნიშნული ვალდებულების განსაზღვრის თაობაზე. შესაბამისად, გადამხდელისთვის გაურკვეველია რა საფუძვლით განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე.

გადამხდელი ითხოვს სადავო აქტებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 თებერვლის №2334 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 აპრილის №7819 ბრძანება და ამავე თარიღის №081-67 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 787 435 ლარი, მათ შორის, გადასახადი 493 069 ლარი, ჯარიმა 246 534 ლარი და საურავი 47 832 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს „-------“ საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების შეძენარეალიზაციას. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია ------- (-------). გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 4 440 097 ლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები შპს „-------" შემდეგ მისამართზე: -------, -------. გადამხდელს შეძენილი აქვს 51 საცხოვრებელი ფართი და 5 ავტოსადგომი. საცხოვრებელი ფართების ნაწილი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე და კომპანიებზე, ხოლო დანარჩენი ფართები შპს „-------“ ------- საკუთრებაშია გადასული 2025 წლის 17 დეკემბრის და 2025 წლის 28 მაისის „იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების საფუძელზე. შეთანხმების საფუძველზე მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გადამხდელმა გადასცა კრედიტორს (სს „-------" (ს/კ -------)) იპოთეკით დატვირთული ფართები. აღნიშნული ფართები გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/ მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნისთვის საგადასახადო აგენტად განიხილება, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − პირი (კრედიტორი), რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში იღებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (საქონელს).

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე, დღგ-ის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ:

√ შპს „-------" საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების შეძენარეალიზაცია. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, შპს „-------" (ს/ნ -------) შეძენილი აქვს 51 საცხოვრებელი ფართი და 5 ავტოსადგომი (ბინის საშუალო ფასი 850 აშშ დოლარი) მისამართზე: -------, -------. აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა სრულად.

√ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას, საცხოვრებელი ფართების მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს რეალიზებული, ხოლო დარჩენილი ბინებიდან 6 ბინა 2025 წლის 28 მაისით დათარიღებული - „იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემული აქვს სს ------- (კვადრატულის ღირებულება 500 აშშ დოლარად), ხოლო 2025 წლის ივნისში კომპანია სს „-------“ იღებს 952 737 აშშ დოლარის ოდენობით სესხს, თუმცა აღნიშნული ოპერაციიდან მალევე - 2025 წლის სექტემბერში, ბანკისთვის გადაცემული ბინების ნაწილს (3 ბინას) ისევ კომპანია იძენს სს „-------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რაზეც იღებს დღგ-ის ჩათვლას, ხოლო 2025 წლის 17 დეკემბრით დათარიღებული „იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიას სს ------- ისევ გადაცემული აქვს 29 ბინა და 5 ავტოსადგომი (ბინის საშუალო ფასი 600 აშშ დოლარი).

√ აღსანიშნავია რომ ზემოაღნიშნული ოპერაციების შედეგად კომპანიას ბიუჯეტიდან სალდირებულად დაბრუნებული აქვს 437 071 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე300 მუხლზე, რომლის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემას ადგილი აქვს, როცა:

- სახეზეა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების გაჭიანურება, რაც გულისხმობს, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა უნდა იყოს ვადამოსული;

- საკუთრების დარეგისტრირებისათვის მესაკუთრე და იპოთეკარი მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენენ ერთობლივ განცხადებას, სადაც მიეთითება საკუთრებაში გადასვლის საფუძველი.

ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ დასტურდება უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების გაჭიანურების ფაქტი (ვადამოსული მოთხოვნის არსებობა), ასევე, არ დგინდება საკუთრების დარეგისტრირებისათვის მესაკუთრისა და იპოთეკარის ერთობლივი განცხადების წარდგენის შესახებ.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობები და, შესაბამისად, მოცემული უძრავი ქონების (ფართების) მიწოდება არ განიხილება სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემად. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, კომპანიის მიერ სს „-------“ ქონების (ფართების) მიწოდება წარმოადგენს შპს „-------“ მიერ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას უკუდაბეგვრის წესით.

რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2023 წლის დეკემბრის თვეში გადამხდელს ფიზიკურ პირზე რეალიზებული აქვს ერთი საცხოვრებელი ფართი, თუმცა აღნიშნული ოპერაცია არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციაში, რაც შემოწმებით დაექვემდებარა დამატებით დაბეგვრას დამატებული ღირებულების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების შეძენარეალიზაციას. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს შეძენილი აქვს 51 საცხოვრებელი ფართი და 5 ავტოსადგომი. საცხოვრებელი ფართების ნაწილი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე და კომპანიებზე, ხოლო დანარჩენი ფართები გადამხდელის საკუთრებაშია გადასული 2025 წლის 17 დეკემბრის და 2025 წლის 28 მაისის „იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების საფუძელზე. შეთანხმების საფუძველზე მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გადამხდელმა გადასცა კრედიტორს იპოთეკით დატვირთული ფართები. აღნიშნული ფართები გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 161; 163; 164