ბრძანება N 21886-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2020
№ დოკუმენტი 21886-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 21886

30/07/2020

შპს ---------------------------

(მის.: ------------------------ )

2020 წლის 22 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 22 ივლისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს ----- ს №48884/1/2020 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №001-469 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ს დარიცხვას და მიუთითებს, რომ შემოწმების მეირ დაბეგრილი ოპერაცია შინაარსობრივად არ წარმოადგენს ქონების რეალიზაციას. ასევე, აღნიშნავს, რომ საწარმოს პირზე გაცემული ჰქონდა სესხი, რომელზეც ვალდებულება სხვა პირმა იკისრა, ამასთან, საწარმოს გააჩნია ვალდებულების (72 000 ლარზე) გადაცემასთან დაკავშირებით დამოწმებული დოკუმენტი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მითითებული თანხის რეალიზაციაში ასახვის საფუძველზე საწარმოს მოუწია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოთხოვნილია დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 19 აგვისტოს №28930 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ხოლო შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივლისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 17 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. 2019 წლის 24 დეკემბერს გამოიცა №45735 ბრძანება, ხოლო ამავე წლის 25 დეკემბერს №001-469 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 92675 ლარი, მათ შორის გადასახადი 36845 ლარი, ჯარიმა 33737 ლარი, საურავი 22093 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, აგრეთვე საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შპს ----- ს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს უძრავი ქონება, კერძოდ 2017 წლის სექტემბრის თვეში მიწა შენობა-ნაგებობით 41 458 ლარად, ხოლო 2018 წლის 20 აპრილს უძრავი ქონება 72 000 ლარად. ამასთან, პირი არ ფიქსირდება დღგ-ის გადამხდელად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულზე პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმები - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის და ამავე კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის - რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, დროებით შემოტანა.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების მიერ დადგენილია საწარმოს მიერ უძრავი ქონების რეალიზაცია, კერძოდ 2017 წლის სექტემბრის თვეში მიწა შენობა-ნაგებობით 41 458 ლარად, ხოლო 2018 წლის 20 აპრილს უძრავი ქონება 72 000 ლარად. რა დროსაც პირი არ ფიქსირდება დღგ-ის გადამხდელად. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ს დარიცხვას და აღნიშნავს, რომ საწარმოს პირზე გაცემული ჰქონდა სესხი, რომელზეც ვალდებულება სხვა პირმა იკისრა, ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ინფორმაციის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს უძრავი ქონება, კერძოდ 2017 წლის სექტემბრის თვეში მიწა შენობა-ნაგებობით 41 458 ლარად, ხოლო 2018 წლის 20 აპრილს უძრავი ქონება 72 000 ლარად. ამასთან, პირი არ ფიქსირდება დღგ-ის გადამხდელად.

სსკ-ს 157-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. აღნიშნულზე პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმები - სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 282

01.01.2021 წლამდე მომქედი: 157(1); 161(1,,ა“).