ბრძანება N 7161

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.04.2024
№ დოკუმენტი 7161
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7161

02 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 13 აპრილისა და 13 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის №20720/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) №65386/21 და №81640/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №007-52 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „----------“ მიწის ნაკვეთის შეძენის ოპერაციაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ოქტომბრის №27202 და 6 დეკემბრის №30711 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 24 ივნისიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 14 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 17 მარტის №5273 ბრძანება და ამავე თარიღის №007–52 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 070 194 ლარი, მათ შორის გადასახადი 661 095 ლარი, ჯარიმა 329 447 ლარი და საურავი 79 652 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 11 აგვისტოს №19957 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 15 თებერვლის №20720/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი მეორე დავის საგნის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო განმარტავს, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, შესწავლას საჭიროებს მომჩივანზე მიწოდებული უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ დღგ-ით დაბეგვრის, შესაბამისი დეკლარირების და დღგ-ის გადახდის საკითხი. აღნიშნულის არსებობის პირობებში, შესასწავლია დასახელებული უძრავი ქონების შეძენაზე მომჩივნის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

2021 წლის 12 ოქტომბერს შპს „----------“ და შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშერულება. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლით განსაზღვრული იყო ხელშეკრულების საგანი, რომლის მიხედვითაც: „წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მხარეებს შორის დაიდო წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება („ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება“), რის საფუძველზეც გამყიდველმა გადასცა და მყიდველმა მიიღო საკუთრებაში ამ ხელშეკრულების მეორე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი“. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შემდეგი უძრავი ქონება: „გამყიდველი ფლობს საკუთრებაში მიწის ნაკვეთს ---------- 100 933 მ2 ; მისამართი: ----------; მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) ს/კ: ----------; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – დაზუსტებული ფართობი: 100 933 მ2 . ნაკვეთის ზონა ---------- , სექტორი: ---------- , კვარტალი ----------, ნაკვეთი ----------, განცხადების რეგისტრაციის ნომერი: №----------, ამონაწერის მომზადების თარიღი: 29/03/2020 18:14:03 (შემდეგში შეიძლება იწოდებოდეს როგორც „ნასყიდობის საგანი“). აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, 2021 წლის 12 ოქტომბერს შპს „----------“ შპს „----------“ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----------) მთლიანი თანხით 2 116 666 ლარი (მ.შ. დღგ 322 881 ლარი), რომლის საფუძველზეც შპს „----------“ მიიღო დღგ-ის ჩათვლა 2021 წლის ოქტომბრის თვეში. აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საქონლის/მომსახურების დასახელების გრაფაში მითითებულია „მიწა და მასზე არსებული უძრავი ქონება (მშენებარე ობიექტი) ---------- ს/კ: ----------“. შემოწმებისათვის არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან (ამასთანავე, ვერც გადამხდელის მხრიდან იქნა დამატებით მოწოდებული შესაბამისი დოკუმენტაცია) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების (ამონაწერებით და არსებული დოკუმენტაციით) მიხედვით ვერ დადგინდა, რომ აღნიშნულ მიწაზე არსებობდა/განთავსებული იყო მშენებარე ობიექტი. შესაბამისად, შემოწმებისათვის არსებული ყველა ზემოაღნიშნული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ შპს „----------“ შპს „----------“ გადასცა მხოლოდ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია მიწის ნაკვეთის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „----------“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა შპს „----------“. მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ კომპანიამ მიიღო სამშენებლო ნებართვები ---------- მერიისგან და მალევე დაიწყო მშენებლობა. 2021 წლის 12 ოქტომბრამდე შპს „----------“ უკვე დაწყებული ჰქონდა 9 ერთეული ვილის ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა დასრულებული იყო. აღნიშნულს ადასტურებს „----------“- ის მიერ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოც (მიწის ნაკვეთის შპს „----------“ რეალიზაციამდეა გადაღებული). დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ შპს „----------“ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, დასტურდება კომპანიის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების მონაცემებით. აცხადებს, რომ, როგორც მისთვის ცნობილია, აუდიტის დეპარტამენტმა შეამოწმა შპს „----------“ ეკონომიკური საქმიანობა და შემოწმებით არ გაუქმებულა 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც ამ ოპერაციასთან დაკავშირებით ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხები შეუმცირებია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უძრავი ქონების შეძენაზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უძრავი ქონების შეძენაზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწის ნაკვეთის შეძენის ოპერაციაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2019 წლის 10 დეკემბერს კომპანიასა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა კომპანია. მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ კომპანიამ მიიღო სამშენებლო ნებართვები მერიისგან და მალევე დაიწყო მშენებლობა. 2021 წლის 12 ოქტომბრამდე კომპანიას უკვე დაწყებული ჰქონდა 9 ერთეული ვილის ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა დასრულებული იყო. აღნიშნულს ადასტურებს თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოც (მიწის ნაკვეთის მომჩივანზე რეალიზაციამდეა გადაღებული). დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ კომპანიამ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, დასტურდება კომპანიის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების მონაცემებით. აცხადებს, რომ, როგორც მისთვის ცნობილია, აუდიტის დეპარტამენტმა შეამოწმა კომპანიის ეკონომიკური საქმიანობა და შემოწმებით არ გაუქმებულა 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არც ამ ოპერაციასთან დაკავშირებით ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხები შეუმცირებია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უძრავი ქონების შეძენაზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5205 ბრძანებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 171(1„გ“); 275.