გადაწყვეტილება №20384/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20384/2/2023
27 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს ------ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „-----“-ის 25.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20384/2/2023).
დავის საგანი:
ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვის შედეგად დღგ-ის და მოგების გადასახადის დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №006-118 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14719 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 892 736 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 598 882
დღგ - 314 348
მოგების გადასახადი - 1 250 784
საშემოსავლო გადასახადი - 33 750
ჯარიმა - 729 586
საურავი - 564 268
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 24.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1996 წლის 15 ოქტომბერს, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება არ უფიქსირდება, გარდა მის მიერ 2021 წლის 31 მარტს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით (არასაცხოვრებელი)) რეალიზაციისა. საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება საბანკო ანგარიშები.
შემოწმების პროცესში საგამოძიებო სამსახურიდან (სადაც მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №092020622007 საქმეზე, საზოგადოების ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე) მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად გამოვლინდა რომ:
2021 წლის 31 მარტს მომჩივანმა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, წევრებისა და დირექტორის ოჯახის წევრებზე) 135 000 ლარად გაყიდა მის საკუთრებაში არსებული 38 321 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული 8 042 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით (არასაცხოვრებელი). აღნიშნული უძრავი ქონება შეძენის შემდგომ, შემძენი ფიზიკური პირების მიერ „უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების“ საფუძველზე გასხვისდა სს „-----“-ის (ს/ნ -----) სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთ წევრზე და ასევე, სხვა ფიზიკურ პირზე, რომელთა დაკვეთითაც 2022 წლის 26 აგვისტოს მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების შეფასება სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ და მოახდინეს შეფასების ღირებულებით ქონების მათ მიერ დაფუძნებული შპს „-----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანა. შეფასების დასკვნით 38 321 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის (მასზე დამაგრებული 8 042 კვ.მ შენობა-ნაგებობებით (არასაცხოვრებელი)) საბაზრო ღირებულებაა 2 117 000 აშშ დოლარი, მათ შორის მიწის ღირებულება შეადგენს 1 513 000 აშშ დოლარს, ხოლო შენობა ნაგებობების ღირებულება შეადგენს 604 000 აშშ დოლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლის 31 მარტს სს „-----“-ის (ს/ნ ----) მიერ 135 000 ლარად ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გაყიდული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ, ლიცენზირებული შემფასებლის დასკვნის შესაბამისად, 2021 წლის 31 მარტისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, შეადგინა 7 222 781 ლარი (მიწა 5 162 053 ლარი (1 513 000*3.4118), შენობა ნაგებობა - 2 060 727 ლარი (604 000*3.4118)).
შემოწმებით დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვა 2021 წლის 31 მარტიდან. მომჩივანს უძრავი ქონების რეალიზაციით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირება არ განუხორციელებია.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების, ასევე, 159-ე მუხლის და 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე კომპანიის მიერ რეალიზებულ უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა 7 087 781 ლარი (7 222 781ლარს-135 000ლარი) დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე რეალიზებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე 1 746 379 ლარი (2 060 727 ლარი/1.18) დაიბეგრა დღგ-ით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 4.04.2023 წლის №7231 ბრძანება და №006-118 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14719 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, უძრავი ქონების შეფასების შესახებ სსიპ ------ს 2023 წლის 27 თებერვლის №003265423 დასკვნის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14719 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-19 მუხლის პირველი ნაწილით, მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი ნაწილით, 164-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 96-ე მუხლით ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით, ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ ვინაიდან უძრავი ქონების მიწოდება მოხდა 2021 წლის 31 მარტს, ხოლო ამავე უძრავი ქონების შეფასება განხორციელდა 2022 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, საგადასახადო შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული შეფასების დასკვნის შედეგად დადგენილი საბაზრო ფასის დაბეგვრის მიზნებისთვის გამოყენება არღვევს საბაზრო ფასის დადგენის პრინციპებს. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სსიპ ------ს დასკვნა და ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას მის მიერ წარდგენილი დასკვნა.
ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, სსიპ ------ს 2023 წლის 27 თებერვლის №003265423 დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს ვინც ჩაითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირებად, არსად ჩამონათვალში მითითებული არაა, რომ ურთიერთდამოკიდებული პირის ოჯახის წევრი ან ნათესავი ითვლებოდეს კომპანიის/საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირად. ამასთან, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის მოთხოვნებზე, ხოლო საგადასახადო ორგანომ აიღო ექსპერტიზის ფასი, რომელიც განსაზღვრავდა ქონების ღირებულებას 26.08.2022 წლის მდგომარეობით, ხოლო ოპერაცია (ქონების მიწოდება), რომელიც დაიბეგრა ამ საბაზრო ფასით განხორციელდა 31.03.2021 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საბაზრო ფასის გამოყენების პრინციპები, როგორც ურთიერთდამოკიდებულების ნაწილში, ასევე საბაზრო ფასის დადგენის ნაწილში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14719 ბრძანების აღსრულების საფუძველზე, წარმოადგენს დაზუსტებულ საჩივარს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;
დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;
ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;
ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;
ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;
თ) პირები ნათესავები არიან;
ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.
3. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან:
ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა;
ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს;
5. ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:
ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;
გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის №95445-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 2021 წლის 31 მარტს საწარმომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის, წევრებისა და დირექტორის ოჯახის წევრებზე) 135 000 ლარად გაყიდა მის საკუთრებაში არსებული 38 321 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული 8 042 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით (არასაცხოვრებელი), რომლის მისამართია ქ. -----, ------ს მე-2 შესახვევი №2 (-----). აღნიშნული უძრავი ქონება შეძენის შემდგომ, შემძენი ფიზიკური პირების მიერ „უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების“ საფუძველზე გასხვისდა სს ------ის (ს/ნ -----) ერთ-ერთ სამეთვალყურეო საბჭოს წევრზე ------ზე (პ/ნ: -----) და ფ.პ. ----ზე (პ/ნ -----), რომელთა დაკვეთითაც 2022 წლის 26 აგვისტოს მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების შეფასება სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ და მოახდინეს შეფასების ღირებულებით ქონების მათ მიერ დაფუძნებული შპს ------ს (-----) საწესდებო კაპიტალში შეტანა. შეფასების დასკვნის მიხედვით, ქ. -----ში, -----ს მე-2 შესახვევი 2-ში მდებარე 38 321 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის მასზე დამაგრებული 8 042 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით (არასაცხოვრებელი) საბაზრო ღირებულებაა 2 117 000 აშშ დოლარი, მათ შორის მიწის ღირებულება შეადგენს 1 513 000 აშშ დოლარს, ხოლო შენობა ნაგებობების ღირებულება შეადგენს 604 000 აშშ დოლარს. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლის 31 მარტს სს -----ის (ს/ნ -----) მიერ 135 000 ლარად ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გაყიდული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ლიცენზირებული შემფასებლის დასკვნის შესაბამისად, 2021 წლის 31 მარტისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, შეადგენს 7 222 781 ლარს, მათ შორის მიწის ღირებულება შეადგენს 5 162 053 ლარს (1 513 000*3.4118) ხოლო შენობა ნაგებობების ღირებულება შეადგენს 2 060 727 ლარს (604 000*3.4118). აღსანიშნავია რომ, მომჩივანს უძრავი ქონების რეალიზაციით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირება არ განუხორციელებია. შემოწმებით დადგენილი გარემოებების ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2021 წლის 31 მარტიდან.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების, ასევე, 159-ე მუხლის და 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების შედეგად კომპანიის მიერ რეალიზებულ უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა 7 087 781 ლარი (7 222 781 - 135 000) დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, რეალიზებული შენობა ნაგებობების საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე 1 746 379 ლარი (2 060 727 ლარი/1.18) დაიბეგრა დღგ-ით.
საბჭო განმარტავს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს და საზოგადოებას შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერობა, რომელითაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ახდენს კონტროლს და აქვს არსებითი გავლენა საზოგადოების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, საზოგადოებასა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს (მისი ინტერესისთვის) შორის განხორციელებული ოპერაცია, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, უნდა შეფასდეს როგორც ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორიცელებული ოპერაცია.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14719 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, სსიპ -----ს 2023 წლის 27 თებერვლის №003265423 დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14719 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვის შედეგად დღგ-ის და მოგების გადასახადის დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
2021 წლის 31 მარტს მომჩივანმა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, წევრებისა და დირექტორის ოჯახის წევრებზე) 135 000 ლარად გაყიდა მის საკუთრებაში არსებული 38 321 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული 8 042 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით (არასაცხოვრებელი). აღნიშნული უძრავი ქონება შეძენის შემდგომ, შემძენი ფიზიკური პირების მიერ „უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების“ საფუძველზე გასხვისდა მომჩივნის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთ წევრზე და ასევე, სხვა ფიზიკურ პირზე, რომელთა დაკვეთითაც 2022 წლის 26 აგვისტოს მოხდა აღნიშნული უძრავი ქონების შეფასება სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ და მოახდინეს შეფასების ღირებულებით ქონების მათ მიერ დაფუძნებული შპს-ს საწესდებო კაპიტალში შეტანა. შეფასების დასკვნით 38 321 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის (მასზე დამაგრებული 8 042 კვ.მ შენობა-ნაგებობებით (არასაცხოვრებელი)) საბაზრო ღირებულებაა 2 117 000 აშშ დოლარი, მათ შორის მიწის ღირებულება შეადგენს 1 513 000 აშშ დოლარს, ხოლო შენობა ნაგებობების ღირებულება შეადგენს 604 000 აშშ დოლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ 135 000 ლარად ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გაყიდული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ, ლიცენზირებული შემფასებლის დასკვნის შესაბამისად, 2021 წლის 31 მარტისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, შეადგინა 7 222 781 ლარი (მიწა 5 162 053 ლარი (1 513 000*3.4118), შენობა ნაგებობა - 2 060 727 ლარი (604 000*3.4118)). შემოწმებით დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვა 2021 წლის 31 მარტიდან. მომჩივანს უძრავი ქონების რეალიზაციით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირება არ განუხორციელებია. შემოწმების შედეგად, კომპანიის მიერ რეალიზებულ უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა 7 087 781 ლარი (7 222 781ლარს-135 000ლარი) დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე რეალიზებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე 1 746 379 ლარი (2 060 727 ლარი/1.18) დაიბეგრა დღგ-ით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(2)(3)(11"ა"), 19, 97(1"ა"), 981(4"ა.ა"), 159(1"ა"), 163(1), 164(7).