გადაწყვეტილება №24253/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2024
№ დოკუმენტი 24253/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24253/2/2024

27 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 6.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24253/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 სექტემბრის №20746 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის №081-206 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23174 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 54 712,98 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 30 363

დღგ - 8 887

საშემოსავლო გადასახადი - 21 476

ჯარიმა - 14 767

საურავი - 9 582,98

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შპს „------ -სგან“ იჯარით აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს წარმომადგენელმა არ ითანამშრომლა შემმოწმებლებთან. დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით (საბანკო ამონაწერები) და მესამე მხარეების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის (მიღებული სპეც და გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები) ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელი რეგულარულად ასრულებს გადაზიდვის მომსახურებას იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებებით. გადამხდელს მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე სრულად არ აქვს გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით, აღნიშნული ასევე დასტურდება შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციით (საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები) მიხედვით).

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის (საქონლის გადაზიდვისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემების (ავტომობილების ნომრები)) მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელს შესრულებული აქვს სულ 716 რეისი, ხოლო გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ 468 რეისზე, გადამხდელის მიერ გაწეულ დანარჩენ 248 რეისზე გავრცელდა 468 რეისის მიხედვით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშუალო ფასი და გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი სატრანსპორტო მომსახურების თანხა საგადასახადო კოდექსის 159-ე და 1601 მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 84 144 ლარის ოდენობით (გადასახადი გარეშე). ვინაიდან დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 84 144 ლარი (საშემოსავლო გადასახადი გარეშე) და ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გადასახდელი თანხის შემცირების და განაცემთა ინფორმაციის არასრულად წარმოდგენისათვის, საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის №081-129 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 13.06.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.06.2024 წლის №14394 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 1.07.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.08.2024 წლის №23410/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14394 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 23.09.2024 წლის №20746 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დირექტორის პირადი ანგარიშიდან გადახდილი მიწის საიჯარო თანხა გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20746 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა 3.10.2024 წლის გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული ჯარიმა 187 ლარი. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2024 წლის №22019 ბრძანება და №081-206 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.10.2024 წლის №23174 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საწარმოს დირექტორის, "-------"-ის პირადი ანგარიშიდან საბანკო ამონაწერი. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიწის იჯარის დანიშნულებით, ფ/პ "-------"-სთან, გადარიცხულია 29 000 ლარი, რომელიც წარმოადგენს შპს „-------- -ის “ მიერ გაწეულ საიჯარო ხარჯს. ფ/პ "-------" წარმოადგენს არამეწარმე ფიზიკურ პირს და მისთვის გადახდილი იჯარის თანხა, რომელიც "-------"-ის პირადი ანგარიშიდან იქნა გადახდილი, გადაანგარიშების ეტაპზე შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით, შედეგად, აღნიშნული თანხით შემცირდა შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, რომელიც დაბეგრილი იყო როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ასევე, საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხები, რომელიც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და მიუთითებს, რომ არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, რომ აქტში მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის დადასტურებული. კომპანია რომლებმაც ეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერა ვერ ადასტურებს, რომ შპს „--------“-ის მიერ იქნა სამუშაოების შესრულებული. გარდა ამისა არ ეთანხმება სასაქონლო ზედნადებებში ავტომანქანების სახელმწიფო ნომრების გაწერას, რაც არ ნიშნავს, რომ კომპანიის მანქანებმა შეასრულეს გადაზიდვები. აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები არ ასახავს სინამდვილეს. ასევე არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას, კერძოდ გაანგარიშებულ ხარჯებს. მის მიერ საჩივართან ერთად წარდგენილი იყო სხვადასხვა სახის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, გაწეული საწვავის ხარჯის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 35 ცალი და სასაქონლო ზედნადებები 10 ცალი, შპს „N1-სთვის “ მიწის იჯარისთვის გაწეული ხარჯი, სალაროს შემოსავლის ორდერი 1 ცალი, ავტომანქანის სავალი ნაწილების და სპეციალური საშუალებებისთვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიწის იჯარისთვის მოქალაქე "-------"-სთვის გადახდილი თანხების შესახებ ამონაწერი TBC ბანკიდან. ზემოხსენებული ხარჯები შეადგენ 64 653 ლარს. ეს ხარჯი უნდა გმოკლებოდა დარიცხულ გადასახადებს და ბათილად უნდა ცნობილიყო მათ მიერ გასაჩივრებული აქტები, რაც არ გააკეთა შემოსავლების სამსახურმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20746 ბრძანებით:

1. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დირექტორის პირადი ანგარიშიდან გადახდილი მიწის საიჯარო თანხა გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საწარმოს დირექტორის, "-------"-ის პირადი ანგარიშიდან საბანკო ამონაწერი, საიდანაც დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიწის იჯარის დანიშნულებით, ფ/პ "-------"-სთან, გადარიცხულია 29 000 ლარი, რომელიც წარმოადგენს შპს „------- -ის “ მიერ გაწეულ საიჯარო ხარჯს. ფ/პ "-------" წარმოადგენს არამეწარმე ფიზიკურ პირს და მისთვის გადახდილი იჯარის თანხა, რომელიც "-------"-ის პირადი ანგარიშიდან იქნა გადახდილი, გადაანგარიშების ეტაპზე შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით, შედეგად, აღნიშნული თანხით შემცირდა შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, რომელიც დაბეგრილი იყო როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. გადაანგარიშების შედეგად გადასახადის ნაწილში სხვაობა არ გამოვლენილა და შემცირდა მხოლოდ შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა 187 ლარი.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, არგუმენტების ან/და დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20746 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და მიუთითებს, რომ არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, რომ აქტში მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის დადასტურებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელს შესრულებული აქვს სულ 716 რეისი, ხოლო გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ 468 რეისზე, გადამხდელის მიერ გაწეულ დანარჩენ 248 რეისზე გავრცელდა 468 რეისის მიხედვით მიღებული შემოსავლის შესაბამისი საშუალო ფასი და გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი სატრანსპორტო მომსახურების თანხა დაიბეგრა დღგ-ით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი.ვინაიდან დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი, შემოწმებით დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 84 144 ლარი და ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში გადასახდელი თანხის შემცირების და განაცემთა ინფორმაციის არასრულად წარმოდგენისათვის, საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20746 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21)