გადაწყვეტილება №21266/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.11.2023
№ დოკუმენტი 21266/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21266/2/2023

21 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 7.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21266/2/2023).

 

დავის საგანი:

1. რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობა;

2. აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №127-30 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26237 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 137 744,48 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 35 790

დღგ - 30 947

საშემოსავლო გადასახადი - 4 843

ჯარიმა - 95 855

საურავი - 1 099,48

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იმპორტირებული საკვები პროდუქტებით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე.

შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 4 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, გამოიცა 2023 წლის 13 სექტემბრის №22353 ბრძანება და ამავე თარიღის №127-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26237 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობა

ფაქტების აღწერა

გადამხდელმა მცირე მეწარმის სტატუსი მიიღო 2022 წლის პირველი იანვრიდან, აქტიურ საქმიანობას ეწევა 2022 წლის ოქტომბრის თვიდან და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით უფიქსირდება დასაბეგრი ბრუნვა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7335 ბრძანებით და შემდეგ განმეორებით 2023 წლის 14 ივნისის №13342 ბრძანების საფუძველზე, ფაქტიური ნაშთის დადგენის მიზნით მეწარმესთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის თანახმად, 2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 434 769.45 ლარი. პირი არ აწარმოებს მარაგების უწყვეტ და სახელობით აღრიცხვას. გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს ძირითადად აღრიცხავს საკონტროლოსალარო აპარატის მეშვეობით. 2021 წლის 30 ნოემბერს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის შეეფარდა "გაფრთხილება" (საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1231972).

შემოწმების პროცესში დამუშავდა მომჩივნის მიერ განხორციელებული შეძენების, რეალიზაციების და 2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით აღწერილი ფაქტიური ნაშთის შესახებ მონაცემები. შესამოწმებელი პერიოდის შეძენები და ფაქტიური ნაშთი დასახელებებით იქნა დაკავშირებული იმპორტის დეკლარაციის თანმხლები ინვოისების დასახელებებზე. აღნიშნულ სახეობებზე გადამხდელის მიერ მოწოდებულ ფასებზე დაყრდნობით, გაანგარიშებული იქნა რეალიზაციის ოდენობა. საწყის და საბოლოო ნაშთად ჩათვლილია შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციების შედეგები, ასევე გათვალისწინებულია გადამხდელის ახსნა-განმარტებები. შედეგად, გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 171 932.43 ლარი საბაზრო ღირებულებით დღგ-ის გარეშე. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, ის შეძენილი საქონელი, რომელიც ნაშთად არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. შემოწმების შედეგად, დამატებით გამოვლენილი რეალიზებული საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი პირს არ ჰქონდა დაბეგრილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდში. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების შედეგად ასევე დგინდება, რომ მომჩივანი დისტრიბუციის ზედნადების ნაცვლად წერდა შიდა გადაზიდვის ზედნადებს და შემდგომ მიწოდებას ახდენდა სხვადასხვა რეგიონებში დოკუმენტის გარეშე. შემოწმების პერიოდში არ ფიქსირდება შიდა გადაზიდვის ზედნადების დასრულების მისამართიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უკან საწყობში ტრანსპორტირება, რაზეც გადამხდელის სიტყვიერი და წერილობითი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ყველა სასაქონლომატერიალური ფასეულობა იყიდებოდა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყობში დაბრუნება არ ხდებოდა. ამასთან, შიდა გადაზიდვის დასრულების მისამართიდან შესამოწმებელ პერიოდებში არ ფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე ქმედება ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში მიწოდებად, რომელიც გადამხდელს სრულად არ აქვს დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციებში. მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებას და შესაბამისად დამატებითი შემოსავლის გამოვლენის გაანგარიშების პროცეს არ ეთანხმება. გადამხდელმა გამოუცდელობის და საწარმოში სუსტი ბუღალტრული კვალიფიკაციის გამო ვერ შეძლო შემოწმების პროცესში ფასნამატის გადაანგარიშებისას სრულყოფილი ჩართულობა და ადეკვატური ახსნაგანმარტებების მიწოდება. დღეისათვის კომპანიას საკუთარ ინტერესების დასაცავად ჩართული ყავს კვალიფიციური საგადასახადო ექსპერტი.

ითხოვს ხელახლა მოხდეს საქონლის მოძრაობის გადაანგარიშება გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო კონსულტანტის ჩართულობით და აქტით დარიცხული თანხები შემცირდეს სამართლიანად გადაანგარიშებულ ციფრებამდე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

შემოწმებით დადგენილია, რომ ფაქტიური ნაშთის დადგენის მიზნით მეწარმესთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. პირი არ აწარმოებს მარაგების უწყვეტ და სახელობით აღრიცხვას. გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს ძირითადად აღრიცხავს საკონტროლოსალარო აპარატის მეშვეობით. შესწავლილი იქნა გადამხდელის შეძენები, რეალიზაციები და 2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით აღწერილი ფაქტიური ნაშთი.

აღსანიშნავია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე სარეალიზაციო და შეძენის ფასები მითითებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის შედეგების დანართ №16- ში, რომლის კორექტირება არ მომხდარა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დამატებით გამოვლენილი რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციაში, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ასევე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლად დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

2. აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა

ფაქტების აღწერა

მოწოდებული მასალებითა და გადამხდელის ახსნა-განმარტებების შესწავლით დადგინდა 2023 წლის 5 აპრილის ინვენტარიზაციის ფაქტობრივ ნაშთებსა და 2023 წლის 14 ივნისის ფაქტობრივ ნაშთს შორის პერიოდში შეძენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გათვალისწინებით განსხვავებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, როგორც შეფუთვის ზომებით, ასევე დასახელებებით. ვინაიდან მომჩივანს აღნიშნული საქონელი არ ჰქონდა აღრიცხული, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შიდა გადაზიდვის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის იმავდროულად რეალიზაციაში ჩართვას და მითუმეტეს უსაბუთო საქონლის გამოვლენას და სსკ-ის 268,4 მუხლით სანქციის დარიცხვას არ ეთანხმება.

მიაჩნია რომ შიდა გადაზიდვის ზედნადებით ხდება საქონლის გადაადგილება და ის არ ნიშნავს უპირობოდ აღნიშნული საქონლის იმავდროულად რეალიზაციას. საქონლის ის სახეობა, რაც დაფიქსირებულია შიდა გადაზიდვის ზედნადებებში და შემმოწმებლებმა ჩათვალეს დოკუმენტის გარეშე შეძენილად შესაძლებელია ყოფილიყო იმპორტის ინვოისებში. ვინაიდან შემმოწმებლებმა ვერ მიიღეს სრულყოფილი ახსნა განმარტება მეწარმისგან, სავარაუდოდ უსამართლოდ ჩათვალეს აღურიცხავ საქონლად და ასევე უსამართლოდ დაერიცხა სსკ-ის 268.4 მუხლით 50% იანი ჯარიმა.

ითხოვს გაუქმდეს შიდა გადაზიდვის ზედნადებით დამატებით გამოვლენილი შემოსავლები. შემმოწმებელ აუდიტორებს მიეცეთ მითითება მეწარმის წარმომადგენელის ჩართულობით დადგინდეს შეძენილი და რეალიზებული საქონლის სახეობები და სამართლიანად გამოვლენილი ფასნამატით რეალიზაციაში ჩაითალოს შეძენილი საქონლის გაყიდვა. რეალიზაციის დადგენისას არ იქნეს მიწოდებაში უპირობოდ ჩართული შიდა გადაზიდვებში დაფიქსირებული საქონელი. გადაანგარიშდეს და შემცირდეს სსკ-ის 268.4 მუხლით დარიცხული სანქცია

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

2023 წლის 5 აპრილის №7335 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა სასაქონლომატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგები გამოიყვანა მონიტორინგის დეპარტამენტმა. ინვენტარიზაციით გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რომელმაც საბაზრო ფასით შეადგინა 426 289 ლარი და 1000 ლარამდე ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაზეც შეადგინა სამართალდარღვევის ოქმები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საბოლოო შედეგების გამოსაყვანად აუდიტის დეპარტამენტში გადაიგზავნა 2023 წლის 14 ივნისის №13342 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები.

მიწოდებული მასალებითა და გადამხდელის ახსნა-განმარტებების შესწავლით დადგინდა 2023 წლის 5 აპრილის ინვენტარიზაციის ფაქტობრივ ნაშთებსა და 2023 წლის 14 ივნისის ფაქტობრივ ნაშთს შორის პერიოდში შეძენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გათვალისწინებით განსხვავებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, როგორც შეფუთვის ზომებით, ასევე დასახელებებით.

გადამხდელის ახსნა-განმარტებების და მასალებზე დაყრდნობით შემოწმებამ მოახდინა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ბრუნვის ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გარკვეული დასახელების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე პირს დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი საქონელი სრულად ჰქონდა რეალიზებული და ამავდროულად ფაქტობრივ ნაშთში იქნა აღწერილი. ასევე, ფაქტიურად აღწერილ იქნა სასაქონლო- მატერიალური ფასეულობები, რომლებზეც შეძენის დოკუმენტები არ ფიქსირდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ჯარიმის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობა;

2. აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. ფაქტიური ნაშთის დადგენის მიზნით მეწარმესთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. პირი არ აწარმოებს მარაგების უწყვეტ და სახელობით აღრიცხვას. გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს ძირითადად აღრიცხავს საკონტროლოსალარო აპარატის მეშვეობით. შესწავლილი იქნა გადამხდელის შეძენები, რეალიზაციები და 2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით აღწერილი ფაქტიური ნაშთი. აღსანიშნავია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე სარეალიზაციო და შეძენის ფასები მითითებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის შედეგების დანართ №16- ში, რომლის კორექტირება არ მომხდარა.

2. 2023 წლის 5 აპრილის №7335 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა სასაქონლომატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგები გამოიყვანა მონიტორინგის დეპარტამენტმა. ინვენტარიზაციით გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რომელმაც საბაზრო ფასით შეადგინა 426 289 ლარი და 1000 ლარამდე ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაზეც შეადგინა სამართალდარღვევის ოქმები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საბოლოო შედეგების გამოსაყვანად აუდიტის დეპარტამენტში გადაიგზავნა 2023 წლის 14 ივნისის №13342 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები. მიწოდებული მასალებითა და გადამხდელის ახსნა-განმარტებების შესწავლით დადგინდა 2023 წლის 5 აპრილის ინვენტარიზაციის ფაქტობრივ ნაშთებსა და 2023 წლის 14 ივნისის ფაქტობრივ ნაშთს შორის პერიოდში შეძენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გათვალისწინებით განსხვავებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, როგორც შეფუთვის ზომებით, ასევე დასახელებებით. გადამხდელის ახსნა-განმარტებების და მასალებზე დაყრდნობით შემოწმებამ მოახდინა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ბრუნვის ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გარკვეული დასახელების სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე პირს დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი საქონელი სრულად ჰქონდა რეალიზებული და ამავდროულად ფაქტობრივ ნაშთში იქნა აღწერილი. ასევე, ფაქტიურად აღწერილ იქნა სასაქონლო- მატერიალური ფასეულობები, რომლებზეც შეძენის დოკუმენტები არ ფიქსირდება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებით დამატებით გამოვლენილი რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი და ასახული შესაბამის დეკლარაციაში, შემოწმების მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ასევე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლად დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ჯარიმის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 159(ა,ბ); 275; 286(4).