ბრძანება N 14148
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14148
07/06/2018
შპს ------
(მის: ქ. --------)
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 16 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N41) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 დეკემბრის N002-334 საგადასახადო მოთხოვნას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
არ ეთანხმება ქონების გადასახადში დარიცხულ თანხებს და აცხადებს, რომ კომპანიის ქონება არასამედიცინო საქმიანობისთვის არ გამოიყენება, შესაბამისად ის გათავისუფლებულია სსკ-ის 206-ე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად;აცხადებს,რომ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 14 ნოემბრის №30308 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2017 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2017 წლის 26 დეკემბრის N35328 ბრძანება და ამავე თარიღის N002-334 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 145825,11 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 84971 ლარი, ჯარიმა 42344 ლარი და საურავი 18510,11 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო საკითხთან დაკავშირებით დგინდება, რომ საწარმოს მიერ 2014-2016 წლებში წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განთავისუფლებულია სსკ-ის 206-ე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში აქვს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო საქმიანობა (კლინიკური კვლევები, იჯარა). სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტით: ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისთვის გამოყენებული ქონება“. შესაბამისად, შემოწმებით სსკ-ის 202-ე მუხლით ქონების გადასახადი გაანგარიშებული იქნა არასამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ქონების პროპორციულად.
საწარმოს 2014-2017 წლებში მიწაზე ქონების გადასახადი გათავისუფლებული აქვს სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჭ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში აქვს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო საქმიანობა (კლინიკური კვლევები, იჯარა). სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჭ“ ქვეპუნქტით: „ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისთვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, შესაბამისად, შემოწმებით სსკ-ის 203-ე მუხლით მიწაზე ქონების გადასახადი გაანგარიშებული იქნა არასამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ქონების პროპორციულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად:
„შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული" . ამავე მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტის თანახმად: „შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები.“
სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად: „1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით“.
დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად:
„საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით“.
დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია,რომ შპს ----- სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს 2014-2016 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სსკ-ის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს 2018 წლის 24 იანვრის საჩივარი სადავო საკითხებთან დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს ----- სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს 2014-2016 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სსკ-ის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან.
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება;
4 დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში დარიცხულ თანხებს, და სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტით დგინდება, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გათავისუფლებულია სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საწარმოს ასევე მიწაზე ქონების გადასახადი გათავისუფლებული აქვს სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჭ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში აქვს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო საქმიანობა (კლინიკური კვლევები, იჯარა). შემოწმებით სსკ-ის 202-ე მუხლით ქონების გადასახადი გაანგარიშებული იქნა არასამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ქონების პროპორციულად, ხოლო სსკ-ის 203-ე მუხლით მიწაზე ქონების გადასახადი გაანგარიშებული იქნა არასამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული ქონების პროპორციულად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს ქონების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის სსკ-ის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 202; 206(1,,წ“); 206(1,,ჭ“); 269(7); 275