ბრძანება N 17333
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17333
24 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, --------)
2024 წლის 10 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 ივლისის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2024 წლის 10 ივლისის №90659/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №001-140 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება ძვლის ხარჯის საქონლის რეალიზაციად განხილვას და მიუთითებს, რომ აღნიშნული რეალურად წარმოადგენს ხორცის ხარჯს და არა თეორიულად მისაღებ შემოსავალს. ამასთან, გადამხდელი აცხადებს, რომ თუკი მაინც ჩაითვლება აღნიშნული ძვლის ხარჯი საქონლის რეალიზაციად, მასზე უნდა გავრცელდეს ძვლის სარეალიზაციო საბაზრო ღირებულება (1კგ.-2ლ), რომლის შედეგად ძვლის ხარჯის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი იქნება 5 658 ლარი და არა შემოწმებით განსაზღვრული 41 137 ლარი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მაისის №11660 და 28 ივნისის №15347 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 7 თებერვლიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 17 აპრილის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 5 ივლისის №15925 ბრძანება და ამავე თარიღის №001- 140 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 18 287 ლარი, მათ შორის გადასახადი 11 511 ლარი, ჯარიმა 5 756 ლარი და საურავი 1 020.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
საწარმოს საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე საქონლისა და ღორის ხორცის ნაჭრებად შეძენა და რეალიზაცია, როგორც საკონტროლო-სალარო აპარატით, ასევე, ტერმინალის საშუალებით. ამასთან, კომპანია ახორციელებს დოკუმენტურ რეალიზაციას სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით. საწარმოს ქალაქ თბილისში იჯარით აღებული ფართში უფიქსირდება ხორცის მაღაზია. საწარმოს დამატებით გააჩნია საკუთარი წარმოების კუპატი და ფარში (ფარშს მზა სახითაც ყიდულობს). შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარდა სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა, დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი და სარეალიზაციო ღირებულებები. გადამხდელის მონაწილეობით განისაზღვრა აღნიშნული პროდუქციის თვითღირებულება და ფასნამატი განისაზღვრა 30%-ით. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარადგინა საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტება და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (ორისი), საიდანაც დადგინდა შეძენილი საქონელი სრულყოფილად (სახეობები და რაოდენობები), ხოლო ჩამოწერა ხორციელდებოდა თვის ჭრილში ჯამურად. შემოწმებამ შეისწავლა დოკუმენტური შეძენა/რეალიზაცია, ასევე, განხორციელებული ჩამოწერები, რომლის შედეგად დადგინდა დეკლარირებული ფასნამატი 15%- ის ოდენობით. საწარმოს მიერ წარდგენილი ბუღალტერიისა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების დამუშავებით გაანგარიშდა რეალიზებული ღორისა და საქონლის ხორცის რაოდენობები, რაც განსხვავდებოდა ბუღალტრული/დეკლარირებული მონაცემებისაგან. დათვლილი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი ჩაითვალა ბუღალტრულ ნაშთად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ხელთარსებული ინფორმაციით გაანგარიშდა საწარმოს მიღებული შემოსავლები. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში საქონლის ხორცი 105 კგ, ხოლო ღორის ხორცი 85 კგ რეალიზებულ იქნა დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასით (საქონელი - 23ლ, ღორი -15ლ). შედეგად, გაიზარდა შემოსავალი ჯამურად 4 110 ლარით. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ ბუღალტრულად ჩამოწერილი იყო 2023 წელზე ჯამურად შეძენილი საქონლის ხორცის 4% ძვლის ხარჯად, 2024 წელზე თვეების მიხედვით -9%, ხოლო ღორის ხორციდან 2023 წელს - 11% და 2024 წელს - 10%. აღნიშნული ძვლის ხარჯის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია, სმფ-ების ინვენტარიზაციისას არ გამოვლენილა ცალკე ძვლის არსებობა, რეალიზაციაში გადამხდელის მიერ არ ყოფილა აღიარებული ძვლის რეალიზაცია. გადამხდელის წარდგენილი ახსნა-განმატების თანახმად, საწარმო ძვლის რეალიზაციას არ ახორციელებდა. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს დოკუმენტურ რეალიზაციაში უფიქსირდებოდა ძვლიანი ხორცის გაყიდვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით ზემოხსენებული ძვლის ხარჯად აღიარებული კილოგრამები ჩაითვალა საქონლის (ღორის და საქონლის ხორცი) რეალიზაციად, 2023 წელს გავრცელდა ღორის მინიმალური დოკუმენტური ფასი 10 ლარი, 2024 წელს -13 ლარი, ხოლო საქონლის ხორცზე 2023 წელს - 20 ლარი და 2024 წელს - 23 ლარი. შედეგად, პირს გაეზარდა მიღებული შემოსავალი ჯამურად 42 000 ლარის ოდენობით. შემოწმებით გაანგარიშებული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადაახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ ძვლის ხარჯად ბუღალტრულად ჩამოწერილი იყო 2023 წელზე ჯამურად შეძენილი საქონლის ხორცის 4%, 2024 წელზე თვეების მიხედვით -9%, ხოლო ღორის ხორციდან 2023 წელს - 11% და 2024 წელს - 10%. აღნიშნული ძვლის ხარჯის ჩამოწერის დამადატურებელი დოკუმენტაცია გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია. სმფ-ების ინვენტარიზაციისას არ გამოვლენილა ცალკე ძვლის არსებობა, რეალიზაციაში გადამხდელის მიერ არ იყო აღიარებული ძვლის რეალიზაცია და გადამხდელი წარდგენილი ახსნა-განმატებით, ძვლის რეალიზაციას არ ახორციელებდა. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს დოკუმენტურ რეალიზაციაში უფიქსირდებოდა ძვლიანი ხორცის გაყიდვა.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით გადამხდელის მიერ ძვლის ხარჯად აღიარებული კილოგრამების ღორის და საქონლის ხორცის რეალიზაციად მიჩნევა და 2023-2024 წლებზე ღორისა და საქონლის მინიმალური დოკუმენტური ფასის გავრცელება, რამაც გამოიწვია მიღებული შემოსავლის გაზრდა მართლზომიერია. ასევე, შემოწმებით გაანგარიშებული თანხები ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა კანონმდებლობის შესაბამისია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება ძვლის ხარჯის საქონლის რეალიზაციად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე საქონლისა და ღორის ხორცის ნაჭრებად შეძენა და რეალიზაცია, როგორც საკონტროლო-სალარო აპარატით, ასევე, ტერმინალის საშუალებით. საწარმოს დამატებით გააჩნია საკუთარი წარმოების კუპატი და ფარში. შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარდა სმფ-ების ფაქტობრივი აღრიცხვა, დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი და სარეალიზაციო ღირებულებები. შემოწმებამ შეისწავლა დოკუმენტური შეძენა/რეალიზაცია, განხორციელებული ჩამოწერები, საწარმოს მიერ წარდგენილი ბუღალტერიისა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების დამუშავებით გაანგარიშდა რეალიზებული ღორისა და საქონლის ხორცის რაოდენობები, რაც განსხვავდებოდა ბუღალტრული/დეკლარირებული მონაცემებისაგან. დათვლილი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი ჩაითვალა ბუღალტრულ ნაშთად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშდა საწარმოს მიღებული შემოსავლები. შედეგად, გაიზარდა შემოსავალი.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ სრულლად არ არის წარმოდგენილი ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც შემოწმების მიერ აღიარებული იქნა რეალიზაციად. პირს გაეზარდა მიღებული შემოსავალი. შემოწმებით გაანგარიშებული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადაახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154