გადაწყვეტილება №26957/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2026
№ დოკუმენტი 26957/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26957/2/2026

11 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 20.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26957/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა ბინების რეალიზაციის ნაწილში;

2. სახელფასო განაცემებში გამოვლენილ სხვაობაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა;

3. სამშენებლო პროექტის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და მოგების გადასახადის დარიცხვა;

4. საწარმოს ბალანსზე არსებულ ძირითად საშუალებაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება;

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №006-569 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2026 წლის №4683 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 584 463,2 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 323 312,97

დღგ - 309 898,77

მოგების გადასახადი - 6 198,23

საშემოსავლო გადასახადი - 3 763,67

ქონების გადასახადი - 3 452,3

ჯარიმა - 157 451,7

საურავი - 103 698,53

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის გასვლითი საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №006-569 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2026 წლის №4683 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა ბინების რეალიზაციის ნაწილში

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიას აშენებული აქვს 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი -----ის ქ. --ში (ს/კ -----). შესამოწმებელ პერიოდში ბინები (სულ - ბინა) რეალიზებულია სრულად, ხოლო ავტოფარეხების რეალიზაცია ფიქსირდება ნაწილობრივ. მშენებლობა დაიწყო 2021 წელს, ხოლო 2023 წლისთვის საცხოვრებელი კორპუსი შევიდა ექსპლუატაციაში. შესამოწმებელ პერიოდში, 2022-2025 წლების საანგარიშო პერიოდში, ფიქსირდება საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვა სულ შეადგენს 4 500 236 ლარს.

შემოწმების შედეგად დადგენილ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა. საჯარო რეესტრისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, ფიქსირდება ბინებისა და ავტოფარეხების რეალიზაცია ფიზიკურ პირებზე. გადასახადის გადამხდელის მიერ სულად არ არის დეკლარირებული რეალიზებული ბინები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და განისაზღვრა 6 191 795 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 26 თებერვალს -:- საათზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რაზეც გადამხდელს ეცნობა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

შემოსავლებისა სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 52-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 267-ე მუხლზე, 268-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა სრულად შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმების აქტში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. ასევე, შემოწმების აქტში მითითებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა და შემოწმების აქტი შეიცავს ყველა იმ რეკვიზიტს, რაც გათვალისწინებულია საგადასახადო კანონმდებლობით.

ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ასევე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ გადასახადის გადამხდელი დაბარებული იყო საქმის ზეპირ განხილვაზე, რათა კონკრეტულად დაეფიქსირებინა პოზიცია თუ რა ნაწილში არ ეთანხმებოდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს, თუმცა მომჩივანი საქმის ზეპირ განხილვას არ დაესწრო და სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა მის გარეშე საჩივრის განხილვაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებსა და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას. გაუგებარია კონკრეტულად რამ გამოიწვია ამ ოდენობის გადასახადის დარიცხვა, გაუგებარია რა ფორმით გამოიანგარიშა აუდიტის დეპარტამენტმა დარიცხული გადასახადები, კონკრეტულად რომელი ოპერაციები მიიჩნია დასაბეგრად და სხვა რელევანტური გარემოებები. შემოწმების აქტში ასახულია მხოლოდ დარიცხვასთან დაკავშირებული ზოგადი პოზიცია, სათანადო კონკრეტიკის გარეშე. შესაბამისად, ვერ ახერხებს დააიდენტიფიციროს კონკრეტულად რა დაბეგრა აუდიტორმა.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 6.02.2024 წლის გადაწყვეტილება, საქმე №ბს-534(კ-22)). „ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე №ბს534(კ-22)).

შემოსავლების სამსახური 27.02.2026 წლის №4683 ბრძანებაში უთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა სრულად შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამ საკითხთან დაკავშირებით სურს აღნიშნოს, რომ ფაქტობრივი გარემოებები არის დაუდგენელი, მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა საქმეში არსებული დოკუმენტაციის საშუალებით დაადგინოს კონკრეტულად რომელმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვია ამ მოცულობის გადასახადების დარიცხვა. შესაბამისად, შემოწმების აქტში ხსენებული ფაქტობრივი გარემოებები არის სადავო და მათი დადგენის პრეროგატივა სასამართლოს ეკუთვნის.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას, თუმცა დამატებით არ არის რაიმე სახის დასაბუთება და ახსნა თუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე უთითებს საგადასახადო ორგანო. მოცემული გადაწყვეტილებით არ იკვეთება შემოსავლების სამსახურის, როგორც მაკონტროლებელი ფუნქციით აღჭურვილი ორგანოს, მიერ გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, ჩანს, რომ მაკონტროლებელი ორგანო სრულად ეყრდნობა სადავო აქტებში მოცემულ ინფორმაციას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით „აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის „ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების“ მოთხოვნებიდან - მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება - განახორციელონ ქვემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებების კანონიერებაზე კონტროლი, გულისხმობს მათ მიუკერძოებლად, ობიექტურად და კანონიერებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით განხილვა-გადაწყვეტის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, როცა ქვემდგომ ორგანოს დამაჯერებლად არ გამოუკვლევია აქტის გამოცემისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და მათი შეფასება-დადგენის საფუძველზე კანონიერად გადაწყვიტოს დავა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.05.2018 წლის გადაწყვეტილება, საქმე №ბს-1037-1031(კ-17)).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას;

გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადისა და ჯარიმის გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართების შინაარსი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს მშენებლობა, აშენებული აქვს საცხოვრებელი კორპუსი, შესამოწმებელ პერიოდში ბინები რეალიზებულია სრულად, ხოლო ავტოფარეხის რეალიზაცია ფიქსირდება ნაწილობრივ. კომპანიამ მშენებლობა დაიწყო 2021 წელს, ხოლო 2023 წლისთვის საცხოვრებელი კორპუსი შევიდა ექსპლუატაციაში. საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია ფიქსირდება შესამოწმებელ პერიოდში. დეკლარირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ 4 500 236 ლარი. გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მონაცემებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შემოწმებით დასაბეგრი ბრუნვა და განისაზღვრა 6 191 795 ლარით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ განხორციელებულია უძრავი ქონების რეალიზაცია, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით და გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების დროს წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, ხოლო შემოწმების შედეგად გამოვლენილია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არასრულად არის დეკლარირებული.

საბჭო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

2. სახელფასო განაცემებში გამოვლენილ სხვაობაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი ხელფასებს გასცემს როგორც დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე, აგრეთვე უფიქსირდება არადაქირავებულ (გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე) ფიზიკურ პირებზე განაცემები. შესამოწმებელ პერიოდში ხელფასების გაცემა ხდებოდა საბანკო ანგარიშიდან.

გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმების შედეგებს შორის. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და პროგრამის დამუშავების შედეგად დგინდება დეკლარირებულისაგან განსხვავებული მონაცემები. კერძოდ 2022 წლის ივლისის თვეში ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები. აღნიშნული სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შინაარსი მითითებული პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას გასცემს ხელფასებს და უფიქსირდება არადაქირავებულ (გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე) ფიზიკურ პირებზე განაცემები. შესამოწმებელ პერიოდში ხელფასების გაცემა ხდებოდა საბანკო ანგარიშიდან. შემოწმების მონაცემებით, 2022 წლის ივლისის თვეში ფიქსირდება დეკლარირებულისგან განსხვავებული მონაცემები.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ განხორციელებულია ისეთი გადახდები, რომელთან მიმართებით საწარმო ვალდებულია დააკავოს გადასახადი გადახდის წყაროსთან, ხოლო გადასახადი დაკავებული და დეკლარირებულია არასრულად, საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

3. სამშენებლო პროექტის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და მოგების გადასახადის დარიცხვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საზოგადოებას მიღებული აქვს ისეთი სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც დაფიქსირებულია ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ისეთი მისამართები, სადაც არ ახორციელებდა პროექტებს. შესაბამისად შემოწმების მიერ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები თვითღირებულებით მიჩნეულ იქნა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახად, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შინაარსი მითითებული პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

შემოწმების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს მიღებული აქვს ისეთი სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც დაფიქსირებულია ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ისეთი მისამართები, სადაც არ ახორციელებდა პროექტებს.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ განხორციელებულია საქონელის შეძენა სასაქონლო ზედნადებებით, რომელიც ტრანსპორტირებულია საწარმოს მიერ განხორციელებული მშენებლობის პროექტის მისამართისგან განსხვავებულ მისამართებზე, არ დასტურდება აღნიშნული საქონელის მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება და აღნიშნულ შეძენებთან დაკავშირებული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად ჩათვლა მართლზომიერია.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

4. საწარმოს ბალანსზე არსებულ ძირითად საშუალებაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბალანსზეა ძირითადი საშუალებები, რომლებიც სრულად არ არის ასახული ქონების გადასახადის დეკლარაციებში.

ქონების გადასახადის მიზნებისთვის კომპანიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებები სრულად ჩაირთო ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-200 და 201-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შინაარსი მითითებული პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს ბალანსზე აღრიცხული აქვს ძირითადი საშუალებები, რომლებიც სრულად არ არის ასახული ქონების გადასახადის დეკლარაციებში.

საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან საწარმოს ქონების გადასახადის გადამხდელია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, ხოლო აღნიშნული ვალდებულება მომჩივნის მიერ შესრულებული არ არის, შემოწმებით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია მართლზომიერად.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 157 451,7 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №006- 569 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 103 698,53 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო ჩათვლის, რომ საჩივარში ზემოთ მითითებული მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, საბჭომ უნდა გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2-22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა ბინების რეალიზაციის ნაწილში;

2. სახელფასო განაცემებში გამოვლენილ სხვაობაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა;

3. სამშენებლო პროექტის მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული თანხის არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და მოგების გადასახადის დარიცხვა;

4. საწარმოს ბალანსზე არსებულ ძირითად საშუალებაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება;

5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-569 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №4683 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისადდა არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 101; 154; 159(1 „ა“); 161; 163(1.2.6 „ბ“); 164(1); 201; 205(1); 269(7); 275;