გადაწყვეტილება №21314/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 21314/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21314/2/2023

30 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 14.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21314/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2023 წლის №001-189 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26243 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 84 567 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 46 174

ჯარიმა - 23 087

საურავი - 15 306

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზების და ავტობანების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის ივლისისა და 2023 წლის მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 1.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 14.08.2023 წლის №20051 ბრძანება და №001-189 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26243 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის უფიქსირდება მომსახურების შესრულებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თუმცა სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი ნაწილით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, 2021 წლის ივლისის თვეში გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შემდგომ აგვისტოს თვეში მოხდა მისი დაკორექტირება, რამაც ბუღალტერი შეიყვანა შეცდომაში და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა დადეკლარირდა აგვისტოს თვეში. ასევე, უთითებს, რომ 2023 წლის მარტის თვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ბუღალტრის საქართველოში არ ყოფნის გამო ვერ დადეკლარირდა. ითხოვს, აღნიშნულის გათვალისწინებას და მითითებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების დეკლარირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდებოდა მომსახურების შესრულებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თუმცა სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ადასტურებს, რომ 2023 წლის მარტის თვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ბუღალტრის საქართველოში არ ყოფნის გამო ვერ დადეკლარირდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს უფიქსირდებოდა მომსახურების შესრულებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომელზეც სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ში დამატებითი თანხების დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2023 წლის №001-189 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 23 087 ლარი და საურავი - 15 306 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველის ნაწილით, 275-ე მუხლით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს სანქციების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს უფიქსირდებოდა მომსახურების შესრულებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, თუმცა სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ. მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ადასტურებს, რომ 2023 წლის მარტის თვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ბუღალტრის საქართველოში არ ყოფნის გამო ვერ დადეკლარირდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს უფიქსირდებოდა მომსახურების შესრულებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომელზეც სრულყოფილად არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ში დამატებითი თანხების დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა,ბ“); 163(1); 164(1); 275.