ბრძანება N 22800

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 22800
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22800

18 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2023 წლის 1 თებერვლის და 2 თებერვლის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 1 თებერვლის №78784/1/2023 და 2 თებერვლის №19020/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-277 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე ფიქსირდება ყველა სახის ოპერაცია, რაც განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან, მიღებული პირველადი დოკუმენტაცია/ინფორმაციის და ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზით, აუდიტორის მიერ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი მძიმე ტექნიკის იჯარიდან და ინერტული მასალების მიწოდებიდან გამოყვანილი სხვაობა არის 1 526 122 ლარი დღგ-ის გარეშე, რასაც არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მის მიერ სრულად იქნა გავლილი აღნიშნული პერიოდის რეალიზაციის და მომსახურების თანხები, ასევე ფიზიკურ პირებზე რეალიზებული პროდუქტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, დეკლარაციებში ასახულ თანხებში არის მცირე სხვაობა, თუმცა ერთობლიობაში სხვაობა 6 740 ლარით ნაკლებია დეკლარაციაში ასახულ თანხაზე.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აღნიშნულ მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სხვადასხვა დანიშნულებით 98 387 ლარის პროდუქცია, ასევე საწვავი-268 313 ლარი, მომსახურება-1 212 793 ლარი, საბაჟოზე სხვადასხვა პერიოდში შემოტანილია საჭირო მექანიზმი ღირებულებით 22 261 ლარი, ამასთან, შესაძლებელია მოხერხდეს ფაქტურაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება, დასაბეგრ ოპერაციასთან გამოყენებული კავშირი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება, ასევე შემოწმების შედეგად აღნიშნულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის იდენტიფიცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №42012 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----ს“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 5 ივნისიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 ივნისის №21185 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33744 ბრძანება და ამავე თარიღის №001-277 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 674 333 ლარი, მათ შორის, გადასახადი 377 372 ლარი, ჯარიმა 188 686 ლარი და საურავი 108 275 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 5 ივნისიდან, ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მძიმე ტექნიკით მომსახურების გაწევა, ასევე უფიქსირდება მძიმე ტექნიკით მომსახურების შეძენა და ბალასტის, ქვიშახრეშის, ღორღის შეძენა და რეალიზაცია, გადამხდელს არ უფიქსირდება ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია. შემოწმების პროცესში პირი არ თანამშრომლობდა შემმოწმებლებთან, შესაბამისად არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია, ასევე ბანკის ცნობები და ამონაწერები, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პირველადი დოკუმენტაცია და გადამხდელის ახსნა-განმარტებები დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების, ასევე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის თაობაზე. საწარმოს არ უფიქსირდება მძიმე ტექნიკის საკუთრებაში ფლობა, შემოწმების პროცესში განხორციელდა მესამე პირებისაგან ინფორმაციის გამოთხოვა შპს „------ს“ მიერ მიღებულ და გაწეულ მომსახურებებთან დაკავშირებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის №092181121004 საქმეზე საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიერ ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (მათ შორის საბანკო ამონაწერები), ასევე მიღებული პირველადი დოკუმენტაციის/ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მძიმე ტექნიკით მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 225 512 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) და ქვიშა-ხრეშის და ბალასტის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 545 312 (დღგ-ის ჩათვლით) ლარს, შედეგად ჯამში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 526 122 ლარი ((225 512+1 545 312)/1.18), ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ჯამში შეადგენს 1 489 021 ლარს. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად დამატებით დღგით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 37 101 ლარი. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მძიმე ტექნიკით მომსახურებაზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჯამში 1 102 619 ლარის (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც შესაბამის პერიოდებში განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა ჯამში 168 196 ლარის ოდენობით. რაც შეეხება შემოსავალს, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მძიმე ტექნიკით მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 225 512 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). შემოწმების პროცესში გადამხდელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მათ შორის ხელშეკრულებები, ფორმა 2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული მომსახურების იდენტიფიცირება, დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებასთან კავშირი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება, შემოწმების შედეგად აღნიშნულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და შესაბამის პერიოდში მოქმედი 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, გაუქმებას დაექვემდებარა ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა. პირს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია, ასევე ბანკის ცნობები და ამონაწერები, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პირველადი დოკუმენტაცია და გადამხდელის ახსნა-განმარტებები დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების, ასევე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის თაობაზე. საწარმოს არ უფიქსირდება მძიმე ტექნიკის საკუთრებაში ფლობა. შემოწმების მიერ მესამე პირებისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (მათ შორის საბანკო ამონაწერები), ასევე პირველადი დოკუმენტაციის/ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მძიმე ტექნიკით მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 225 512 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) და ქვიშა-ხრეშის და ბალასტის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 545 312 (დღგ-ის ჩათვლით) ლარს, შედეგად ჯამში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 526 122 ლარი, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ჯამში შეადგენს 1 489 021 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით გამოვლენილი სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერად განხორციელდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მძიმე ტექნიკით მომსახურებაზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჯამში 1 102 619 ლარის (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც შესაბამის პერიოდებში განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა ჯამში 168 196 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მძიმე ტექნიკით მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 225 512 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მათ შორის ხელშეკრულებები, ფორმა 2-ები და მიღება-ჩაბარების აქტები). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, ხოლო გადახდილი თანხა განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აღნიშნულ მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მძიმე ტექნიკით მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 225 512 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) და ქვიშა-ხრეშის და ბალასტის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 545 312 (დღგ-ის ჩათვლით) ლარს, შედეგად ჯამში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 526 122 ლარი ((225 512+1 545 312)/1.18), ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ჯამში შეადგენს 1 489 021 ლარს. შემოწმების შედეგად დამატებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 37 101 ლარი. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მძიმე ტექნიკით მომსახურებაზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ჯამში 1 102 619 ლარის (დღგ-ის ჩათვლით), რაზეც შესაბამის პერიოდებში განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა ჯამში 168 196 ლარის ოდენობით. რაც შეეხება შემოსავალს, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მძიმე ტექნიკით მომსახურებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 225 512 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). შემოწმების პროცესში გადამხდელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული მომსახურების იდენტიფიცირება, დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებასთან კავშირი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება, შემოწმების შედეგად აღნიშნულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაუქმებას დაექვემდებარა ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა. პირს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 43(4), 73(9"ბ"), 97(1"ბ"), 982(1"ბ"), 174(1), 175(1"ა").

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა"), 173(1)(2"ა"), 174(1"ა")(2"ა.ა").