ბრძანება N 639
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 639
17/01/2019
შპს -----
(მის: -------)
2018 წლის 27 და 28 დეკემბრის
საჩივრების არ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 11 იანვარს (ოქმი N01) განიხილა შპს ----- ს საჩივარი, რომელიც 2018 წლის 27 დეკემბერს წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმებოდა მის მიმართ გავრცელებულ უზრუნველყოფის ღონისძიებებს საინკასო დავალებასა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შეტყობინებას. გადამხდელმა 2018 წლის 28 დეკემბერს წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი და მოითხოვა 2018 წლის 04 დეკემბრის N011-2018-190385 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების გაუქმება.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს ----- ს 2018 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება ერიცხებოდა 302187,71 ლარის ოდენობით. ნაერთი ინფორმაციის მიხედვით საგადასახადო დავალიანება ირიცხებოდა დღგ და საშემოსავლო გადასახადებში, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელში. კომპიუტერულ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2018 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით 395093,36 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილია წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული თანხების გადაუხდელობით. საგადასახადო დავალიანება 2018 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით აღიარებულია მთლიანად 302187,71 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ნაერთი ინფორმაციის მიხედვით 2018 წლის 03 დეკემბრის მდგომარეობით გადამხდელის საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 398481,19 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, შპს ----- ს ქონების მიმართ 2018 წლის 03 დეკემბერს (შეტყობინება N094-4557) წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2018 წლის 03 დეკემბრის მდგომარეობით შპს ----- ს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 398481,19 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 2018 წლის 04 დრკემბერს გამოცემულია N011-2018-190385 ბრძანება შპს ----- ს საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ, აღნიშნული გადამხდელს ელექტრონულად გაეგზავნა 2018 წლის 04 დეკემბერს და გაეცნო 2018 წლის 05 დეკემბერს.
გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, არ ეთანხმება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებას და ითხოვს მის გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.“
სსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.“
სსკ-ის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: „საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.“ დადგენილი.“ ასევე, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება 241-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სსკ-ის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.“
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების და იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 03 დეკემბრის მდგომარეობით შპს ----- ს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება (რომელიც წარმოშობილია გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე) შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ 2018 წლის 04 დეკემბრის N011-2018-190385 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.