გადაწყვეტილება №23595/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.09.2024
№ დოკუმენტი 23595/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23595/2/2024

17 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 31.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23595/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის მართლზომიერება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №056-67 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15190 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 104 151 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 70 765

დღგ - 25 849

საშემოსავლო გადასახადი - 44 916

ჯარიმა - 23 809

საურავი - 9 577

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო და სანტექნიკის მასალებით საცალო ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2023 წლის №19703 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.07.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა 26.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი არ აწარმოებს აღრიცხვას იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვისას გაირკვა, რომ სავაჭრო ობიექტში არ იყო განთავსებული ფასის მაჩვენებელი. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელია განისაზღვროს მომჩივნის საქმიანობის პროცესში რეალურად გამოყენებული ფასნამატი და იმავე რეგიონსა და იგივე პერიოდში, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის შესაბამისად გაიანგარიშა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №33096 ბრძანება და №056-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საჩივარი 20.03.2024 წლის №6016 ბრძანებით არ დააკმაყოფილა.

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №056-67 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6016 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 24.05.2024 წლის №22807/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 28.06.2024 წლის №15190 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე, 136-ე, 49-ე, მე-8, 61-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 79-ე, 80-ე, მე-100, 102-ე, 43-ე, მუხლებზე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებულ „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ (№10 დანართი) მეთოდურ მითითებაზე, რომლის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია ფასნამატის გამოყენების რიგითობა და განმარტავს, რომ შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გამოყენება შესაბამისობაშია აღნიშნულ მეთოდურ მითითებასთან.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რამდენიმე საქონელი გაყიდულია ზედნადებით, სადაც იკითხება ფასნამატი. ითხოვს, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული და აუდიტორთან ერთად გავლილი ფასნამატის პროცენტის წლიური საშემოსავლო გადასახადის გადახედვას და გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

დადგენილია, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას იმგვარად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა. მომჩივანთან ჩატარებულია ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სავაჭრო ობიექტში არ იყო განთავსებული ფასის მაჩვენებლები, რაზეც 18.10.2023 წელს შედგა №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ (დანართი 16) შევსებული იქნა სარეალიზაციო ფასების გარეშე. შემდგომ, 2023 წლის 22 ნოემბერს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, დადგინდა, რომ ფასის მაჩვენებლები კვლავ არ იყო გამოკრული, რაზეც შედგა 22.11.2023 წლის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

მომჩივანი განმარტავს, რომ ზოგიერთი საქონელი გაყიდულია ზედნადებით, სადაც იკითხება ფასნამატი, ასევე წარადგინა დოკუმენტაცია ფასნამატის დასადასტურებლად, რომელიც გავლილი იქნა აუდიტორთან ერთად. აღნიშნულზე წარმოდგენილია, აუდიტის დეპარტამენტის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გაიმიჯნა დოკუმენტური და არადოკუმენტური რეალიზაცია. არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენებულია იმავე რეგიონში, იგივე პერიოდში, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი (31.99%).

ამასთან, შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი შესაბამისობაშია, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებულ „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ (№10 დანართი) მეთოდურ მითითებასთან.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15190 ბრძანება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო და სანტექნიკის მასალებით საცალო ვაჭრობა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი არ აწარმოებს აღრიცხვას იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვისას გაირკვა, რომ სავაჭრო ობიექტში არ იყო განთავსებული ფასის მაჩვენებელი. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელია განისაზღვროს მომჩივნის საქმიანობის პროცესში რეალურად გამოყენებული ფასნამატი და იმავე რეგიონსა და იგივე პერიოდში, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის შესაბამისად გაიანგარიშა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6016 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 24.05.2024 წლის №22807/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 28.06.2024 წლის №15190 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.06.2024 წლის №15190 ბრძანება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 100; 102; 159