ბრძანება N 21427
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21427
06 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.:----- )
2025 წლის 18 სექტემბრის საჩივრის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 82) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 98053/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 აგვისტოს N 006-316 საგადასახადო მოთხოვნას, ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს N 011-3494 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 2025 წლის 25 აგვისტოს N 011-2025-134443 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და 2025 წლის 17 სექტემბრის N CB1805335 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტებისა და არაღიარებული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-----” (ს/ნ -----) 2025 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 49 918.38 ლარი, საურავი 3 307.55 ლარი. აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 65 438.40 ლარი.
აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „-----” (ს/ნ -----) მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 26 აგვისტოს N 011-3494 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „-----” (ს/ნ -----) საკუთრებაში რიცხულ ქონებას.
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც გაეცნო 2025 წლის პირველ სექტემბერს.
ზემოაღნიშნული ბრძანების მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა - ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღე.
ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია შპს „-----” (ს/ნ -----) მიერ არ იქნა წარმოდგენილი დადგენილ ვადაში, აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2025 წლის 17 სექტემბრის N CB1805335 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279- ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად 2025 წლის 18 სექტემბერს.
ვალის მართვის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, მოთხოვნილი ინფორმაცია შპს „-----” (ს/ნ -----) მიერ 2025 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით წარმოდგენილი არ არის.
ასევე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-----” (ს/ნ -----) მიმართ 2025 წლის 25 აგვისტოს გამოცემულ იქნა საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ N 011-2025-134443 ბრძანება. აღნიშნულ ბრძანებას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად 2025 წლის 25 აგვისტოს.
ამასთან, შპს „-----” (ს/ნ -----) საბანკო ანგარიშებიდან 2025 წლის 25 აგვისტოს N ----- საინკასო დავალების საფუძველზე ჩამოწერილი იქნა 0.78 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-----” (ს/ნ -----) 2025 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 93 735.99 ლარი, ჯარიმა 20 435.3 ლარი, საურავი 8 869.42 ლარი და არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 400 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს N 011-3494 ბრძანების, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2025 წლის 25 აგვისტოს N 011-2025-134443 ბრძანებისა და 2025 წლის 17 სექტემბრის N CB1805335 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს N 011-3494 ბრძანებასთან და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2025 წლის 25 აგვისტოს N 011-2025-134443 ბრძანებასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, გაუქმება ხდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „-----“ (ს/ნ -----) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2025 წლის 25 და 26 აგვისტოს მდგომარეობით, ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 17 სექტემბრის N CB1805335 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა. ამავე მუხლის მე5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა, იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება და ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 აგვისტოს N 006-316 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 6 აგვისტოს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 18 სექტემბერს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 26 აგვისტოს N 011-3494 ბრძანების, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2025 წლის 25 აგვისტოს N 011-2025-134443 ბრძანებისა და 2025 წლის 17 სექტემბრის N CB1805335 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 აგვისტოს N 006- 316 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტებისა და არაღიარებული თანხის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანის მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო კომპანიის საკუთრებაში რიცხულ ქონებას. გადამხდელს განესაზღვრა ვადა მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - რაც გადამხდელის მხრიდან არ განხორციელებულა. ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279- ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 279;.