გადაწყვეტილება №24022/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.01.2025
№ დოკუმენტი 24022/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24022/2/2024

23 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: : შპს -------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----30.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24022/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა;

2. განკარგვადი თანხის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;

3. არაეკონომიკური ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

4. მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე, ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული ფულადი სახსრების ხელფასად კვალიფიკაცია;

5. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებულ დივიდენდსა და 2008-2017 წლებში მიღებულ წმინდა მოგებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

6. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №002-140 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 სექტემბრის №19821 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 651 100,11 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 368 331

დღგ - 87 589

მოგების გადასახადი - 24 094

საშემოსავლო გადასახადი - 256 648

ჯარიმა - 184 017

საურავი - 98 752,11

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 ივლისის №15854 ბრძანება და 5 ივლისის №002-140 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 სექტემბრის №19821 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა

ფაქტების აღწერა

საწარმომ საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოადგინა არასრულყოფილად. წარმოადგინა მხოლოდ საბანკო ანგარიშების ამონაწერები, არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. რაზეც დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მიხედვით. საბანკო ამონაწერების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული პორტალისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 569 496 ლარს, ნაცვლად საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ დეკლარაციებში მითითებული 1 161 332 ლარისა (საწარმოს სრულად არ აქვს დეკლარირებული გაწეული მომსახურების შესაბამისი თანხები).

გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, ასევე დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა და ნაცვლად დეკლარირებული 109 982 ლარისა, ჩასათვლელ თანხად განისაზღვრა 95 857 ლარი, კერძოდ, შემცირდა არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნეულ საქონელზე (სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად დაფიქსირებულ ისეთ მისამართებზე გადატანილ საქონელზე, რომლებზეც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ობიექტები არ აქვს) ჩათვლილი დღგ-ის თანხა.

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს ამ ნაწილში დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე. 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველმესამე ნაწილებსა და 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის სადავო საკითხი სრულყოფილად შესწავლილი. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს თან გაანგარიშების ცხრილები, და არც გადასახადის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი პირისათვის არ იქნა გაცნობილი შემოწმების შედეგები და გაანგარიშების ცხრილები, მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას აქტიურად თანამშრომლობდა შემოწმებასთან და მის ხელთ არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციის სრულად აწვდიდნენ.

არ ეთანხმება არც იმ პოზიციას რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტშია აღნიშნულია თითქოსდა არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. აღრიცხვა იწარმოებოდა ექსელის ცხრილებში, რაც შემოწმებას გადაუგზავნეს სრულად, ამასთანავე იმასაც აკონკრეტებს და აზუსტებს რომ ჯარიმა სსკ-ის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია დოკუმენტაციის დაგვიანებით წარდგენისთვის იქნა დაწერილი რაც გამოწვეული იყო არა მომჩივნის მიზეზით არამედ საბანკო დაწესებულების მხრიდან შესაბამისი ცნობის დაგვიანებით გაცემის გამო.

არ აქვს ინფორმაცია შემოსავლის შესახებ, არც დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში თუ რა თანხები და ოპერაციები იქნა ჩართული დამატებით, ასევე არ ახლავს საგადასახადო შემოწმების აქტს გაანგარიშების ცხრილები იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ჩათვლის დოკუმენტები იქნა ამოღებული ჩათვლებიდან და კონკრეტულად რა მიზეზით.

შემოსავლების სამსახურმა არ დაავალა აუდიტის დეპარტამენტისთვის რომ მომჩივნის მიერ მოთხოვნილი გაანგარიშების ცხრილები მოეწოდებინა და მომჩივანს დაევალა 15 კალენდარული დღის ვადაში მისი არგუმენტაციის წარდგენა.

მომჩივანმა მიმართა დამატებით წერილობით აუდიტის დეპარტამენტს 20.09.2024 წელს რომ მოეწოდებინათ გაანგარიშების ცხრილები და 25.09.2024 წელს მოწოდებულ იქნა შემმოწმებელი აუდიტორის მიერ ნაწილობრივ გაანგარიშების ცხრილები. ამ ეტაპზე მათ შესწავლას ახდენს. აღსანიშნავია რომ გაურკვეველია რიგი გამოყვანილი და დათვლილი ციფრები ვერ ხერხდება ერთმანეთთან დაკავშირება ფორმულების ნაწილობრივ არ არსებობის გამო, მათ შორის შემოსავალი და ხარჯი, არ ახლავს მოწოდებულ გაანგარიშების ცხრილებს დამუშავებული საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები, ასევე არ არის ცხრილი იმის შესახებ თუ საიდან იქნა აღებული მონაცემები ჩასათვლელი მოგების გადასახადის გამოანგარიშებისათვის, მოცემულია მხოლოდ თანხები წლების მიხედვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს, საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. გასაჩივრებულ ბრძანებაში შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვით, კომპანიას გაწეული მომსახურების თანხები რიგ შემთხვევაში არ მიუღია, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სამართლებრივი დავა. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმებას არ შეუსწავლია შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები და კომპანიისთვის უცნობია, კონკრეტულად რა მისამართებზე მიტანილი საქონელი იქნა განხილული არაეკონომიკურ ხარჯად.

შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. განკარგვადი თანხის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 852 005 ლარს დღგ-ის ჩათვლით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 თებერვლის №2500 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა შეადგენს 180 ლარს. ფულადი ნაკადების მოძრაობის შესწავლის შედეგად დარჩენილი განკარგვადი თანხების ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად (გათვალისწინებულ იქნა დამფუძნებლის შენატანი 315 ლარი). ასევე, გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული 2023 წლის თებერვლის თვეში გაცემული ხელფასი 375 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფულის გაანგარიშების ცხრილი არ ახლავს საგადასახადო შემოწმების აქტს, არ იცის თუ რა თანხა იქნა განხილული ხელფასთან გათანაბრებულ განაცემად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშების ამონაწერების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული პორტალისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით ფულადი ნაკადების მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა განკარგვადი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხულ თანხებს და განმარტავს, რომ შემოწმების აქტს არ ახლავს ფულის ნაშთის გაანგარიშების ცხრილი, შესაბამისად, მათთვის უცნობია, რა თანხები იქნა განხილული ხელფასად. ამასთან, აღნიშნავს, რომ ფულის მოძრაობაში არ არის გათვალისწინებული შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის ღირებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. არაეკონომიკური ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად უფიქსირდება ისეთი მისამართები, სადაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ობიექტები არ აქვს. გადამხდელს აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია. აღნიშნული შეძენილი საქონელი/მასალა დაიბეგრა მოგების გადასახადით, გადამხდელს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე. 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ არის მოწოდებული ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა მისამართებზე შეძენილი საქონელი იქნა განხილული მოგების გადასახადით დასაბეგრად (არ არის შესწავლილი აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები), და არც მოგების გადასახადის (თუ რა იქნა განხილული დასაბეგრად) შესაბამისი დანართი. ითხოვს შემოწმების მიერ გაანგარიშების ცხრილების მოწოდებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად; ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, სადაც გადამხდელი აცხადებს, რომ არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვით, კომპანიას გაწეული მომსახურების თანხები რიგ შემთხვევაში არ მიუღია, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სამართლებრივი დავა. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმებას არ შეუსწავლია შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები და კომპანიისთვის უცნობია, კონკრეტულად რა მისამართებზე მიტანილი საქონელი იქნა განხილული არაეკონომიკურ ხარჯად.

შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე, ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული ფულადი სახსრების ხელფასად კვალიფიკაცია

ფაქტების აღწერა

საწარმოს დაქირავებულ პირებზე გაცემული ხელფასის სახით განაცემები შეადგენს 15 375 ლარს, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 1 569 496 ლარს. გადამხდელის მიერ მოწოდებული ფულადი ნაკადების მოძრაობის ამსახველი ინფორმაციის დამუშავებით იკვეთება, რომ კომპანიას 707 600 ლარი გაცემული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების ანაზღაურების მიზნით ნაღდი ანგარიშსწორების წესით (კერძოდ, კომპანიის დირექტორზე - ------ (პ/ნ ------) 256 550 ლარის ოდენობით, დირექტორის შვილზე - ------ (პ/ნ ------) 254 250 ლარის ოდენობით და ------ (პ/ნ ------) - 196 800 ლარის ოდენობით.

აღნიშნული პირების გაწეული მომსახურება საწარმოს ძირითადი სამუშაოების შესრულებაა, აღსანიშნავია, რომ მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებმა ყოველთვიური დეკლარაციები წარმოადგინეს საგადასახადო შემოწმების დაწყების შემდგომ, 2024 წლის 31 მარტს. ამასთან, აღნიშნული პირების მიერ მცირე მეწარმის სტატუსის ქვეშ შესრულებული სამუშაოების მოცულობა მითითებული დროისა და დამატებითი შრომითი რესურსების გამოყენების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დაქირავებული მცირე მეწარმეების მიერ სამუშაოების შესრულებაში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა ვინაიდან სამუშაოები დაკავშირებულია რემონტთან და სამი პირის მიერ სამუშაოების შესრულება, მითუმეტეს, რომ საქმე ეხება სარეაბილიტაციო/გამაგრებით სამუშაოებს. საგადასახადო ორგანოს არგუმენტი არ შეიძლება გახდეს სსკ-ის 73-ე მუხლის გამოყენების საფუძველი, არც ის რომ მეწარმის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულება მოხდა დაგვიანებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას 707 600 ლარი გაცემული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების ანაზღაურების მიზნით ნაღდი ანგარიშსწორებით. აღნიშნულმა პირებმა დეკლარაციები წარმოადგინეს საგადასახადო შემოწმების დაწყების შემდგომ.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირ განხილვისას, განაცხადა, რომ შესრულებული სამუშაოების მოცულობა მითითებული დროისა და დამატებითი შრომითი რესურსების გამოყენების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ნაღდი ანგარიშსწორების სახით გაცემული ფულადი სახსრები განხილულ იქნა ხელფასად. მომჩივანს მთლიანი (თავისუფალი) თანხა გადარიცხული ჰქონდა მცირე მეწარმეებზე.

ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ხსენებული ოპერაციის შრომით ურთიერთობად, ხოლო მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ნაღდი ანგარიშსწორების სახით გაცემული ფულადი სახსრების ხელფასად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებულ დივიდენდსა და 2008-2017 წლებში მიღებულ წმინდა მოგებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებით ირკვევა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში (ასევე 2017 წლის 01 იანვრიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე) დივიდენდის სახით მიღებული აქვს 221 526 ლარი. 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი მოგების გადასახადის

ყოველწლიური დეკლარაციებიდან (2014, 2015 და 2016 წწ.) ირკვევა, რომ პირს მიღებული აქვს წმინდა მოგება 176 021 ლარი.

შემოწმების შედეგად, სხვაობა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებულ დივიდენდსა და 2008-2017 წლებში მიღებულ წმინდა მოგებას შორის (221 526 - 176 021 = 45 505) დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას შესაბამისი პერიოდების მიხედვით. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის 43-ე ნაწილზე, ამავე მუხლის მე-12 ნაწილზე, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე,ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

უცნობია შესაბამისი მოგების გამოანგარიშების ცხრილი და ამ ეტაპზე ვერ შეძლებს რაიმე პოზიციის წარმოდგენას სანამ არ იქნება კონკრეტულად გაანგარიშების ცხრილები მოწოდებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად, თუ რეზიდენტი საწარმო (გარდა ამ მუხლის 142-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

ამავე მუხლის 93-ე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ მოგების გადასახადს და აცხადებს, რომ ვინაიდან აქტს არ ახლავს გაანგარიშების ცხრილი, მათთვის გაუგებარია, რა თანხა დაიბეგრა დამატებით. ითხოვს გაანგარიშების ცხრილების შესწავლას მისი მონაწილეობით.

შემოსავლების სამსახურმა ამ ნაწილში მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/ მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №002-140 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა 184 017 ლარის ოდენობით და დაეკისრა საურავი - 98 752,11 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. ამასთანავე სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული სანქციებისაგან, ასევე დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშების შემდგომ დამატებით დასარიცხი სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა;

2. განკარგვადი თანხის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;

3. არაეკონომიკური ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

4. მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე, ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული ფულადი სახსრების ხელფასად კვალიფიკაცია;

5. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებულ დივიდენდსა და 2008-2017 წლებში მიღებულ წმინდა მოგებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

6. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია, სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით სამშენებლო სამუშაოების ჩატარება.

1.შემოწმებით დგინდებს, რომ საწარმოს სრულად არ აქვს დეკლარირებული გაწეული მომსახურების შესაბამისი თანხები. გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, ასევე დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. ამ ნაწილში დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა.

2.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელთან ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა შეადგენს 180 ლარს. ფულადი ნაკადების მოძრაობის შესწავლის შედეგად დარჩენილი განკარგვადი თანხების ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.ასევე, გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული 2023 წლის თებერვლის თვეში გაცემული ხელფასი აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა განსაზღვრული ჯარიმა.

3.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად უფიქსირდება ისეთი მისამართები, სადაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ობიექტები არ აქვს.აღნიშნული შეძენილი საქონელი/მასალა დაიბეგრა მოგების გადასახადით, გადამხდელს ასევე შეეფარდა ჯარიმა.

4.კომპანიას გაცემული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების ანაზღაურების მიზნით ნაღდი ანგარიშსწორების წესით თანხის ოდენობები,კერძოდ, კომპანიის დირექტორზე. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

5.საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებით ირკვევა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს დივიდენდი. ასევე, ყოველწლიური დეკლარაციებიდან რკვევა, რომ პირს მიღებული აქვს წმინდა მოგება.შემოწმების შედეგად, სხვაობა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებულ დივიდენდსა და 2008-2017 წლებში მიღებულ წმინდა მოგებას შორის

დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას შესაბამისი პერიოდების მიხედვით. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

6.გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, რის გამოც გამოყენებულ იქნა სანქია.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101;981;130(1);154(1);175(1);159(1);269(7)