გადწყვეტილება №79304/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№79304/1/2023
16.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 28.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №79304/1/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.09.2022წლის №16876/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-28 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 7 774,79 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 4 364
ჯარიმა - 2 182
საურავი - 1 228,79
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 15.12.2021 წლის აქტით, შემოწმებულია 14.11.2019 წლიდან 1.06.2021 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივნის ძირითად საქმიანობას წამოადგენს კომპიუტერული დაპროგრამება. კომპანია უცხოეთში (გერმანიაში) უწევს მომსახურებას ორგანიზაციას და აქედან იღებს შემოსავალს. -------------- არის დამფუძნებელი, დირექტორი და რეალურად ამ მომსახურების გამწევიც. შემოსავლის ნაწილი, რომელიც აქვს მიღებული დაბეგრილია, როგორც დივიდენდის სახით 5%-ით.
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილის და 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნებისათვის არსებითია ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ტერიტორიაზე ქმნიდეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს და მის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით იღებდეს შემოსავალს. აღნიშნული მიზნებისათვის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ ვირტუალური ზონის იურიდიული პირი საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაქმნელად არსებითად იყენებდეს საქართველოში შესაბამისი პროფილური დაქირავებული ფიზიკური პირების შრომას. ამასთან, დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შინაარსობრივად შეიძლება ჩაითვალოს მომსახურების გაწევით ან დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებაროს საშემოსავლო გადასახადით - 20 %-იანი განაკვეთით დაბეგვრას. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს ფინანსური შემოსავლის ფორმირებაში არსებითი ადგილი უკავია ხელფასის სახით გაწეულ ხარჯებს, ითვლება რომ ვირტუალური ზონის იურიდიული პირი საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაქმნელად არსებითად იყენებს საქართველოში შესაბამისი პროფილური განხრით დაქირავებული ფიზიკური პირების შრომას.
ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, ვინაიდან მომჩივანი ფინანსური შემოსავლის ფორმირებაში არსებითად იყენებს საქართველოში შესაბამისი პროფილური განხრით დაქირავებული ფიზიკური პირის ------------ დირექტორის შრომას, შემოწმების მიერ დივიდენდის სახით დეკლარირებული შემოსავლის ნაწილი ჩაითვალა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, ხოლო ნაწილი განხილულ იქნა როგორც დივიდენდის განაწილება. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადასახადის გადამხდელის პირველადი (ელექტრონული) დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ 2019-2021 წლებში საწარმოს არ უფიქსირდება შესაბამისი პროფილით დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები. პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებას მთლიანად ახორციელებს საწარმოს დირექტორი, რომელიც ამავდროულად არის დამფუძნებელი. ვირტუალური ზონის საწარმოს შემთხვევაში, იმისათვის, რომ პროდუქტი ჩაითვალოს საქართველოში შექმნილად და საწარმომ ისარგებლოს მოგების გადასახადში დადგენილი შეღავათით, ერთ-ერთი არსებითი გარემოებაა, რომ დაქირავებულ თანამშრომელზე (მათ შორის დირექტორზე) გაიცეს ანაზღაურება ხელფასის სახით. კერძოდ, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელმაც საწარმოს მოუტანა 238 318 ლარის შემოსავალი როგორც საწარმოს მიერ დაქირავებულ თანამშრომელს და დირექტორს, მიეღო ანაზღაურება ხელფასის სახით. ხოლო, ხელფასის ოდენობა უნდა განისაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული ხელფასის ანალოგიური ოდენობით. კანონი თავისუფალი ვირტუალური ზონის საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით, მიმართული არის საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან და განვითარებასთან. მათ შორის თანამშრომელთა დასაქმებასთან. აღნიშნულის გამო საწარმოს მინიჭებული აქვს სახელმწიფოსგან რიგი შეღავათები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №006-968 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.05.2022 წლის №13104 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 22.09.2022 წლის №16876/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №006-968 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 25.05.2022 წლის №13104 ბრძანება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს 22.09.2022 წლის №16876/2/2022 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით და მხარეთა არგუმენტაციით დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი არის საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი პირი, საწარმოს საქმიანობის ადგილია საქართველო, კომპანია ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რომლის მიწოდება ხდება უცხოეთში (გერმანიაში). ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ საწარმოს საქმიანობა შეესაბამება „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და განსახილველ შემთხვევაში შესრულებულია საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის დადგენილი მოთხოვნები.
გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 27.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების შესაბამისად გადაანგარიშდა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები. ვინაიდან დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ იყო დეკლარირებული დივიდენდის ნაწილში, გადაანგარიშებით დაუდეკლარირებელი შემოსავლის ნაწილი სახელფასო განაცემის 20%-ის ნაცვლად დაექვემდებარა დივიდენდის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. შესაბამისად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 28 959 ლარი, მათ შორის გადასახადი 19 225 ლარით, ხოლო ჯარიმა 9 734 ლარით. ნაცვლად აქტით დარიცხული 35 505 ლარისა.
აუდიტის დეპარტამენტის 27.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შეცდომა მოხდა მექანიკურად, მას შემდეგ რაც მოხდა აღმოჩენა, განხორციელდა 2021 წლის მაისის თვის დეკლარაციის დაზუსტება (დეკლარაციის №----------), თუმცა ვინაიდან აღნიშნული პერიოდი მოხვდა შემოწმებულ პერიოდში, შემოსავლების სამსახურის მიერ მისი ასახვა არ განხორციელდა პირადი აღრიცხვის ბარათზე. ასევე დეკლარაციით განსაზღვრული თანხა გადარიცხულია ბიუჯეტში.
აღნიშნული შეცდომა მოხდა მექანიკურად, მიზანი არ ყოფილა გადასახადის შემცირება, რაც ჩანს დაზუსტებულ დეკლარაციაში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, კომპანია უნდა გათავისუფლდეს ჯარიმასაურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.ამავე კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე და 36-ე ნაწილების თანახმად:
35.ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.
36. საინფორმაციო ტექნოლოგიები არის კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.
22.09.2022 წლის №16876/2/2022 გადაწყვეტილებით საბჭომ მიიჩნია, რომ საწარმოს საქმიანობა შეესაბამება „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს და განსახილველ შემთხვევაში შესრულებულია საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის დადგენილი მოთხოვნები. საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №006-968 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 25.05.2022 წლის №13104 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.
აუდიტის დეპარტამენტის 27.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების შესაბამისად გადაანგარიშდა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები. ვინაიდან დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ იყო დეკლარირებული დივიდენდის ნაწილში, გადაანგარიშებით დაუდეკლარირებელი შემოსავლის ნაწილი სახელფასო განაცემის 20%-ის ნაცვლად დაექვემდებარა დივიდენდის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დივიდენდის ნაწილის გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განხორციელებული დარიცხვა დაექვემდებარა შემცირებას, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.01.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 22.09.2022 წლის №16876/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად.
მომჩივანი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 22.09.2022 წლის №16876/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.