გადაწყვეტილება №24502/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24502/2/2024
27 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 23.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24502/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2024 წლის №041-54 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.12.2024 წლის №25302 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 045 552,62 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 658 400,99
დღგ - 248 442
საშემოსავლო გადასახადი - 409 958,99
ჯარიმა - 329 200,5
საურავი - 57 951,13
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შპს „-------“ ახორციელებს ძირითადად ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის იმპორტსა და ადგილობრივ რეალიზაციას.
აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 3.02.2023 წლიდან 1.08.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით.
საწარმოს, 31.03.2023 წლის რეგისტრირებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატი (მის: -------, -------), რომელზეც ბრუნვები უფიქსირდება 2023 წლის აპრილის თვიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდებში. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვითაც, რეალიზებულია 86 585 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის თანახმად, საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 2 197 614 ლარს (დღგ-ის გარეშე). აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებში დეკლარირებული ბრუნვა კი - 2 152 526 ლარს. საგადასახადო შემოწმების პროცესში შპს „-------“ მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის ასლი („ორისი“), სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების თანახმად, სმფ-ის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგენს 205 221 ლარს.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.07.2024 წლის №17594 ბრძანების საფუძველზე, საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, დადგინდა, რომ 30.07.2024 წლის მდგომარეობით, სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 0-ს. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა, რადგან გადასახადის გადამხდელს სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ღირებულების ერთი და იგივე საქონელი აქვს შეძენილი და როგორც შეძენის, ასევე, რეალიზაციის დოკუმენტებში კონკრეტული საქონელი არ იდენტიფიცირდება. დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებული ბრუნვის 4%-ს შეადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები, კატეგორიების მიხედვით. საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 60.69%. შემოწმებით დადგინდა არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი პერიოდების მიხედვით, რაც შეადგენს სულ 3 446 188 ლარს (დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, შემოწმებით დადგენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა სულ 3 532 772 ლარი. ამასთან, შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის.
საბანკო ამონაწერებისა და ინვოისების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის ღირებულება სრულად არ არის ანაზღაურებული, კერძოდ, კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი შეადგენს 247 334 ლარს. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია აღნიშნული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, შესაბამისად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ გათვალისწინებით, ანაზღაურებულად ჩაითვალა დავალიანების 75%. შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 1 639 836 ლარი, რაც, აღნიშნული მეთოდური მითითებების მიხედვით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2024 წლის №041-54 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.12.2024 წლის №25302 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2024 წლის 7 ნოემბერს 15:00 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების პროცესში შპს „-------“ მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის ასლი („ორისი“), სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების თანახმად, სმფ-ის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგენს 205 221 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგად დადგინდა, რომ 30.07.2024 წლის მდგომარეობით, გადამხდელის სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 0-ს. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა, რადგან გადასახადის გადამხდელს სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ღირებულების ერთი და იგივე საქონელი აქვს შეძენილი და როგორც შეძენის, ასევე, რეალიზაციის დოკუმენტებში კონკრეტული საქონელი არ იდენტიფიცირდება. დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებული ბრუნვის 4%-ს შეადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები კატეგორიების მიხედვით, რომლის საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 60.69% და აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და ინვოისების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის ღირებულება სრულად არ არის ანაზღაურებული, კერძოდ, კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი შეადგენს 247 334 ლარს. შემოწმების პროცესში პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, შესაბამისად, ანაზღაურებულად ჩაითვალა დავალიანების 75%. შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 1 639 836 ლარი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ აქვს აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას, რაც ასევე არ ფიქსირდება არც საბუღალტრო მონაცემებით არც სხვა რაიმე წყაროდან მიღებული მონაცემებით; ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი არ აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა; გამოვლენილი არ არის არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის. ამ ღონისძიებების შედეგად შემოწმების აქტის შედგენის პერიოდისთვის, კერძოდ 17.09.2024 წლის საერთოდ არ არის გამოვლენილი სხვაობები.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს შემოსავლების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, რადგან საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან დასძენს, რომ გავრცელებული აუდირებული ფასნამატი 61 პროცენტის სახით არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა მხოლოდ 9 პროცენტიანი ფასნამატით.
იგივე არგუმენტებით მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რასაც ადასტურებს ბუღალტრული აღრიცხვა და გადარიცხვები (საბანკო ამონაწერების მიხედვით), აგრეთვე ნაღდი ფულით დაფარულია კრედიტორული დავალიანება.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა. ამასთან, გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების თარიღისთვის არსებული საბუღალტრო ნაშთი 247 334 ლარის ოდენობით წარმოადგენს დანაკლისს და მხოლოდ ამ თანხაზე შეიძლება გავრცელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და არა არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ დასაბეგრ სიდიდეებზე.
მომჩივანმა 1.02.2025 წლის წარმოადგინა დაზუსტებული №24677/2/2025 საჩივარი, სადაც აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას აღებულია სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვებია აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია კომპანიისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებით არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როცა საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრა მათი შემოსავალი.
მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ პარალელურად ჩატარდა შპს „-------“-ის საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე 60,69%-იანი ფასნამატი?
აღნიშნული ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „გროსვა“ და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2025 წლის №10124-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის ასლი („ორისი“), სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების თანახმად, სმფ-ის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგენს 205 221 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.07.2024 წლის №17594 ბრძანების საფუძველზე, საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტიური მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც, 30.07.2024 წლის მდგომარეობით, სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 0-ს. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა, რადგან გადასახადის გადამხდელს სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ღირებულების ერთი და იგივე საქონელი აქვს შეძენილი და როგორც შეძენის, ასევე რეალიზაციის დოკუმენტებში კონკრეტული საქონელი არ იდენტიფიცირდება. დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებული ბრუნვის 4%-ს შეადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები, კატეგორიების მიხედვით. აღნიშნულის თანახმად, საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 60.69%. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დადგინდა არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავალი პერიოდების მიხედვით, რაც შეადგენს სულ 3 446 188 ლარს (დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, შემოწმებით დადგენილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა სულ 3 532 772 ლარი. ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და ინვოისების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის ღირებულება სრულად არ არის ანაზღაურებული, კერძოდ, კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი შეადგენს 247 334 ლარს. შემოწმების პროცესში პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, შესაბამისად, შემოწმებით, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების თანახმად, ანაზღაურებულად ჩაითვალა დავალიანების 75%. შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 1 639 836 ლარი, რაც, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, ჩაითვალა დირექტორ ------- (პ/ნ -------) გაცემულ ხელფასად. შედეგად, სსკ-ის 101-ე, 154-ე, 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა, სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით. შპს „-------“-ის საქმიანობის საგადასახადო შემოწმებით გამოყენებულ ფასნამატთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ აღნიშნულ კომპანიაზე შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა საბითუმო ფასნამატი, 26%-ის ოდენობით, ხოლო შპს „-------“ (ს/ნ -------) შემთხვევაში კი გამოყენებულია საცალო ფასნამატი, ვინაიდან, ჩვენი შეფასებით, კომპანია საბითუმო რეალიზაციას არ ახორციელებს. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიას სულ უფიქსირდება 2 019 278 ლარის სალაროს ბრუნვა, ჩეკების ამორტყმა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში განხორციელებულია სულ 7 თარიღში, თითოეულ თვის ერთსა და იმავე დღეს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს, შემოწმების პროცესში წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში, უდოკუმენტო რეალიზაციის შემთხვევაში დებიტორები აღრიცხული ჰყავს ერთ ანგარიშზე, დასახელებით „ფიზიკური პირები“. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის დოკუმენტაცია/მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ კომპანია ახორციელებდა საბითუმო რეალიზაციას. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში ხსენებულ ფულის ნაშთვის „აგროსვის“ საკითხს, ნაღდი ფულის ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგინა 1 639 836 ლარი (ნეტო), რაც აიგროსა 0,8-ზე და აგროსილ თანხას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები და სრულად არ არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატის გამოყენებით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის ასლი, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების თანახმად, სმფ-ის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგენს 205 221 ლარს, ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტიური მდგომარეობის აღრიცხვის მიხედვით, სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 0-ს. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა, რადგან გადასახადის გადამხდელს სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ღირებულების ერთი და იგივე საქონელი აქვს შეძენილი და როგორც შეძენის, ასევე რეალიზაციის დოკუმენტებში კონკრეტული საქონელი არ იდენტიფიცირდება. დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებული ბრუნვის 4%-ს შეადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები, კატეგორიების მიხედვით. აღნიშნულის თანახმად, საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 60.69%. ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და ინვოისების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საქონლის ღირებულება სრულად არ არის ანაზღაურებული. შემოწმების პროცესში პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, შესაბამისად, შემოწმებით, ანაზღაურებულად ჩაითვალა დავალიანების 75%. შესაბამისად, ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შედეგად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა,გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159