გადაწყვეტილება №18759/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18759/2/2023
24.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 31.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18759/2/2023).
დავის საგანი:
საწესდებო კაპიტალიდან ქონების დამფუძნებლის საკუთრებაში მიღების დასაბეგრ ოპერაციად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №067-21 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32966 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 111 288,46 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 60 954
ჯარიმა - 16 931,67
საურავი - 33 402,79
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 25.07.2017 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია ფიზიკური პირი „----------“ (პ/ნ ----------). საგადასახადო შემოწმების პროცესში დგინდება, რომ 27.07.2017 წელს „----------“-მა წნორში, ---------- ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ----------) კაპიტალში შენატანის გზით გადასცა მომჩივანს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ქონება მოიცავს 10 000 კვ. მ მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობანაგებობას, ხოლო ღირებულება განსაზღვრულია 240 000 ლარის ოდენობით. 18.02.2019 წელს ---------- ის მიერ მოხდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების გამოტანა საწარმოს კაპიტალიდან. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, კომპანიის მიერ საგადასახადო ვალდებულებები დეკლარირებული არ არის.
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა - იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმებით დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კაპიტალის შემცირების გზით ფიზიკური პირისთვის აქტივების მიწოდება. ამასთან, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 338 633 ლარით (399 587/1,18). მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №067-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32966 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 177-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე4 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ფ/პ „----------“-მა 27.07.2017 წელს ---------- ში, ---------- ში მდებარე უძრავი ქონება კაპიტალში შენატანის გზით გადასცა შპს „----------“-ს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ქონება მოიცავს 10 000 კვ. მ მიწის ნაკვეთს და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობას, ხოლო ღირებულება განსაზღვრულია 240 000 ლარის ოდენობით. 18.02.2019 წელს ფ/პ „----------“-ის მიერ მოხდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების გამოტანა საწარმოს კაპიტალიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, შპს „----------“-ის მიერ საგადასახადო ვალდებულებები დეკლარირებული არ არის.
გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს საწარმოს კაპიტალიდან გატანილი ქონების მიწოდებად განხილულ იქნას 675 კვ. მ შენობა-ნაგებობის და მასზე მიკუთვნებული იმ ფართობის მიწის მიწოდება (2 907 კვ. მ), რომელიც აუცილებელი და საკმარისია ზემოაღნიშნული შენობანაგებობების სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის და დღეის მდგომარეობით შენობასთან ერთად ერთ საკადასტრო კოდშია მოქცეული.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, მიწისა და შენობანაგებობის მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის განხილულ უნდა იქნას დამოუკიდებელ ოპერაციებად გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ფიქსირდება სადავო ქონების (ს/კ ----------) გამიჯვნა (30.09.2022 წლის განცხადების საფუძველზე), კერძოდ უძრავი ქონება (ს/კ ----------) დაყოფილია და ირიცხება ორ საკადასტრო კოდად: ს/კ ----------, რომელზეც მიკუთვნებულია 7 093 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და ს/კ ----------, რომელზეც მიკუთვნებულია 2 907 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 675 კვ. მ. შენობანაგებობით.
ასევე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარზე თანდართულ უძრავი ქონების (ს/კ ----------) საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს კაპიტალიდან უძრავი ქონების გამოტანის პერიოდისთვის, 27.07.2019 წლის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთის (10 000 კვ. მ.) საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 256 044 ლარით, ხოლო შენობა-ნაგებობის (675 კვ. მ.) საბაზრო ღირებულება - 143 542 ლარით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირების გზით დამფუძნებლისთვის ქონების საკუთრებაში გადაცემის ოპერაციის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილოს უძრავი ქონების დაყოფის შედეგად საკადასტრო კოდზე 56.04.55.481 რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის და მასზე მიკუთვნებული მიწის ფართობის მიწოდება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 25.07.2017 წელი, მისი დამფუძნებლის მიერ ქონების კაპიტალში შეტანა მოხდა 27.07.2017 წელს, იმავე ქონების (ყოველგვარი სახეცვლილების გარეშე) გამოტანა მოხდა 18.02.2019 წელს, ისე, რომ აღნიშნულ პერიოდში კომპანიას არანაირი საქმიანობა არ განუხორციელებია და შესაბამისად, შენობა და მიწა საერთოდ არ გამოუყენებია რაიმე საქმიანობაში/არ უსარგებლია აქტივებით, არც დამფუძნებლების ცვლილება მომხდარა კომპანიაში მოცემული პერიოდის განმავლობაში.
რეალურად მოხდა ისე, რომ ის გარემოებები/ფაქტორები შეიცვალა, რომელთა საფუძველზეც მოხდა პირველი ოპერაციის განხორციელება (აქტივების კაპიტალში შეტანა), ამიტომ აღნიშნული ოპერაცია გაუქმდა და დამფუძნებელმა აქტივი უკან გამოიტანა სახეუცვლელი ისე, რომ კომპანიას საერთოდ არანაირ ეკონომიკურ საქმიანობაში არ გამოუყენებია ხსენებული აქტივი და არც რაიმე კონტრიბუცია შეუტანია აღნიშნული აქტივის ღირებულების ან რაიმე სხვა ცვლილებაში.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილში განმარტებულია საქონლის მიწოდება. ასევე, 2019 წლისთვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება თუ გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია.
საგადასახადო კოდექსი მიჯნავს დღგ-ის მიზნებისთვის მიწოდებას და მიწოდებული საქონლის ოპერაციის გაუქმებას, აღნიშნულ ოპერაციებზე დღგ-ის დარიცხვაც განსხვავებული წესით ხდება.
კერძოდ, თუ ჩაითვლება, რომ საქონლის უკან დაბრუნება მიწოდების დამოუკიდებელი ოპერაციაა, საქონლის თავდაპირველი მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს დღგ, ხოლო თავდაპირველი გამყიდველი ჩაითვლის მას.
თუ საქონლის უკან დაბრუნება ოპერაციის გაუქმებად ჩაითვალა, ამ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ საქონლის თავდაპირველი მიწოდების ოპერაცია უქმდება და თავდაპირველი მიმწოდებლის მიერ დარიცხული დღგ ექვემდებარება გაუქმებას. ასევე, თავდაპირველი შემძენის მიერ ჩათვლილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას.
მაგალითად, თუ ერთხელ შედგა გამყიდველი X-ის მიერ მყიდველი Y-ისთვის საქონლის მიწოდების ოპერაცია, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ მყიდველმა Y-მა გამყიდველ X-ს უკან მიაწოდა საქონელი, აღნიშნული ოპერაცია ან უნდა შეფასდეს როგორც საქონლის მეორე, პირველისგან დამოუკიდებელი რეალიზაცია (ანუ ორი ცალ-ცალკე რეალიზაცია მოხდა: X-მა მიჰყიდა Y-ს, შემდეგ Yმა მიჰყიდა X-ს ერთი და იგივე საქონელი) ან უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც ოპერაციის გაუქმება და საქონლის უკან დაბრუნება (ამ შემთხვევაში X-ის მიერ Y-ისთვის საქონლის მიყიდვა განულდება და ჩაითვლება, რომ ასეთი ოპერაცია არ მომხდარა).
რა მიჯნავს საქონლის უკან მიყიდვას ოპერაციის უბრალოდ გაუქმებისგან?
აღნიშნული არ არის გაწერილი კოდექსში, თუმცა თუ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, საქონლის უკან მიყიდვის მიზანი უნდა იყოს მყიდველის მიერ საქონლის გამყიდველზე უკან გაყიდვის ოპერაციით დამატებით სარგებლის მიღება, განსაკუთრებით თუ მყიდველმა საქონლის უკან გაყიდვამდე საქონელი გამოიყენა ეკონომიკურ საქმიანობაში (მაგალითად, ოფისად გამოიყენა შენობა და შემდეგ უკან გაყიდა ის გაზრდილი ფასით).
საქონლის უკან დაბრუნების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ შემთხვევა, როცა ოპერაციის ერთ-ერთ ან ორივე მხარეს შეეცვალა ის თავდაპირველი გარემოება, რომელმაც განაპირობა საქონლის თავდაპირველი გაყიდვა ან/და ყიდვა, რის შედეგადაც მხარეები თანხმდებიან, რომ ის თავდაპირველი ოპერაცია არ უნდა განხორციელებულიყო და მხარეების მიერ უბრალოდ უქმდება ოპერაცია.
ოპერაციის გაუქმება ისეთი აქტივის მიწოდებისას, რომელსაც საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ესაჭიროება, უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს, რადგან საჯარო რეესტრში ფორმალურობა მოითხოვს, რომ ჯერ გამყიდველმა საკუთრების უფლება უნდა გადასცეს მყიდველს, ხოლო შემდეგ Y-მა საკუთრების უფლება უკან უნდა გადასცეს გამყიდველ X-ს, ოპერაციის შინაარსის მიუხედავად.
ისიც აღსანიშნავია, რომ 18.02.2018 წლის ოპერაცია საჯარო რეესტრში შემდეგი ფორმულირებითაა გატარებული: „იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე“.
„----------“-ის მიერ აქტივის დაბრუნება უნდა ჩაითვალოს თავდაპირველი ოპერაციის გაუქმებად და არ უნდა დაექვემდებაროს დღგ-ით დაბეგვრას.
როდესაც შემოწმებამ კაპიტალიდან აქტივის გამოტანა დღგ-ით დაბეგრა, ამ მიდგომით შემოწმებამ ჩათვალა, რომ თავდაპირველად დამფუძნებელმა მიაწოდა აქტივი კომპანიას, ხოლო შემდეგ კომპანიამ უკან მიჰყიდა აქტივი დამფუძნებელს, რაც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა.
გარემოება და არგუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ ოპერაციის რეალური შინაარსი იყო საქონლის უკან დაბრუნება და არა - მიყიდვა:
- არ არსებობდა დამატებითი ეკონომიკური სარგებელი/მოტივი, რის გამოც კომპანია მიღებულ საქონლის უკან მიაწოდებდა დამფუძნებელს;
- კომპანიის მიერ ხსენებული აქტივების დამფუძნებლის საკუთრებაში უკან გადაცემა არ განხორციელებულა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, ასეთი მიწოდება კი (რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში არ ხორციელდება) საგადასახადო კოდექსით არ ითვლება დღგით დასაბეგრ ოპერაციად;
- კომპანიას არცერთი წუთით არ უსარგებლია აღნიშნული აქტივებით. კომპანიას ეკონიმიკური საქმიანობა საერთოდ არ განუხორციელებია;
- შეიცვალა ის გარემოება/მიზეზი, რის გამოც განხორციელდა თავდაპირველი ოპერაცია: შენობის და მიწის საწარმოს კაპიტალში შეტანა;
- არ არსებობს დამატებით არანაირი გარემოება, გარდა თავდაპირველი ოპერაციის განმაპირობებელი ფაქტორების შეცვლისა, რომლის გამო კომპანია მის საკუთრებაში არსებულ აქტივ უკან მიაწოდებდა დამფუძნებელს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში;
- თავდაპირველი ოპერაციის (კაპიტალში შეტანა) განმაპირობებელი ფაქტორის ცვლილება კი იყო სხვა აქტივის სხვა კომპანიაში შეტანა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანიის მიერ შენობის და მიწის „----------“-ის საკუთრებაში უკან გადაცემა არ მომხდარა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, შემოსავლის მიღების მოტივით და ეს იყო უბრალოდ ოპერაციის გაუქმება.
საქონლის არაეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიწოდება არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
საქონლის უკან დაბრუნების დროს კი უქმდება თავდაპირველი ოპერაცია და არ იბეგრება მეორე ოპერაცია (უკან დაბრუნება).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს (ასევე, ვალდებულებაც) ოპერაცია შეაფასოს სწორად, მისი რეალურობის (შინაარსის) გათვალისწინებით. შესაბამისად უნდა გაანალიზდეს ოპერაციის რეალური სახე და გაუქმდეს კომპანიაზე დაკისრებული დღგ და შესაბამისი სანქციები.
როგორც შემოწმების აქტიდანაც იკვეთება, კომპანიის პარტნიორის 27.07.2017 წლის შეთანხმების საფუძველზე საწარმოს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა ქონებრივი შენატანით.
18.02.2019 წელს კი ზემოაღნიშნული შენატანი, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე დაუბრუნდა იმავე დამფუძნებელს (ქონება დარეგისტრირდა დამფუძნებლის ინდივიდუალურ საკუთრებაში), თან ისე, რომ ქონებაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა ამ პერიოდის განმავლობაში.
ანუ ფიზიკურმა პირმა შეიტანა აქტივი კომპანიის კაპიტალში და იგივე აქტივი გარკვეული დროის შემდეგ თავადვე გამოიტანა აქტივის ყოველგვარი სახეცვლილების გარეშე და მანვე შეიტანა მის დაფუძნებულ სხვა კომპანიაში.
ამ ოპერაციით ფიზიკურმა პირმა დამფუძნებელმა დაუშვა შეცდომა და დაიზარალა საკუთარი თავი, რადგან კომპანიიდან პირდაპირ რომ მიეყიდა მეორე დაფუძნებული კომპანიისთვის აღნიშნული აქტივები, კომპანია დაბეგრავდა, ხოლო მეორე კომპანია ჩაითვლიდა ამ დღგ-ს და რეალური ფისკალური შედეგი კომპანიებისთვის იქნებოდა 0. ასევე, რეალურად აღმოჩნდა, რომ ოპერაციის განმახორციელებელი ფაქტორი შეიცვალა, ეს ოპერაცია შესაძლოა საერთოდ არ მომხდარიყო (არაფერი შეიცვლებოდა ამით) და ასეთი ოპერაციის განხორციელების მიზეზი აღმოჩნდა დამფუძნებლის შეცდომა.
რეალურად ფიზიკურმა პირმა უბრალოდ დაუშვა შეცდომა, მიიღო არასწორი გადაწყვეტილება კაპიტალში შენობის და მიწის შეტანის შესახებ, როცა ეს შეცდომა გაანალიზდა, ოპერაცია გაუქმდა და ქონება მას უკან დაუბრუნდა. ამ ოპერაციის არ განხორციელებით საქართველოს ბიუჯეტი არაფერს დაკარგავდა, არც ამ ოპერაციის განხორციელებით დაკარგა ბიუჯეტმა რაიმე.
ამ შემთხვევაში კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომით კომპანიამ ბიუჯეტს კიარ მიაყენა ზარალი, არამედ პირიქით, ზარალი მიაყენა საკუთარ თავს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამიტომ, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული უფლება და კომპანია გათავისუფლდეს დაკისრებული გადასახადებისგან და სანქციებისგან, რომელიც გამოწვეულია იმ ოპერაციიდან, რომლის განხორციელებით სახელმწიფოს არ უზარალია, არამედ - პირიქით.
რადგან კომპანიამ დაუშვა შეცდომა, არცოდნით შეასრულა ოპერაციები და ამ შეცდომით ბიუჯეტმა კი არ იზარალა, პირიქით - მოიგო და საწარმომ იზარალა, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჯარიმა და საურავი უნდა მოეხსნას კომპანიას.
იმასაც თუ დავუშვებთ, რომ კომპანიას ჰქონდა ბიზნეს მიზეზი ქონების კაპიტალში შეტანის და გატანის შესახებ და შეტანა და გამოტანა შეცდომით არ მომხდარა, თუმცა საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის გამოყენების მიზნებისთვის ეს ფაქტი არაფერს ცვლის და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლისთვის მთავარი მაინც ისაა, რომ კომპანიამ არ იცოდა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, რომელიც მოყვებოდა კაპიტალიდან აქტივის გამოტანას, სხვა შემთხვევაში ვერანაირი სარგებელი ვერ გადაწონიდა იმ ხარჯს და ზარალს, რაც ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას მოჰყვებოდა და რაციონალური მსჯელობით, მხოლოდ საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის უქონლობაა მიზეზი ასეთ მცირე დროში ქონების კაპიტალში შეტანა-გამოტანისა. არც ერთი რაციონალური ბიზნესი არ მოიქცეოდა ისე, რომ სცოდნოდა, რომ კაპიტალიდან ქონების გატანა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა.
ასეთი ცოდნა რომ ჰქონოდა კომპანიის წარმომადგენელს, ის ან განახორციელებდა ტრანზაქციას, ან მას ასე განახორციელებდა, რომ დღგ-ის დაბეგვრასთან ერთად ჩათვლის უფლებაც გაუჩნდებოდა (რის უფლებასაც კანონი აძლევს).
ამ ოპერაციით არ შექმნილა რაიმე ღირებულება, საიდანაც კომპანიის ვალდებულება ექნებოდა გადასახადის გადახდის. გადასახადის არსიც სწორედ ეს არის (რომ დაბეგროს ისეთი ტრანზაქცია, რითაც ეკონომიკური სარგებელი ირიბად ან პირდაპირ მიიღო პირმა) და ეს ტრანზაქცია დაბეგვრის არეალში შემთხვევით ექცევა, რადგან კანონ ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად ვერ ერგება.
ცხადზე ცხადია, რომ კომპანიისთვის არ იყო ცნობილი დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, როდესაც ხსენებულ ტრანზაქციას ახორციელებდა. ამიტომ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით მონიჭებული უფლების გამოყენებით კომპანიას უნდა შეუმცირდეს დაკისრებული სანქციები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად).
ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა 27.07.2017 წელს კაპიტალში შეტანის გზით კომპანიას გადასცა უძრავი ქონება (ს/კ ----------). კომპანიის დამფუძნებლის მიერ 18.02.2019 წელს მოხდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების გამოტანა საწარმოს კაპიტალიდან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით არ იკვეთება დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირდების საფუძვლები და ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32966 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილოს უძრავი ქონების დაყოფის შედეგად საკადასტრო კოდზე ---------- რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის და მასზე მიკუთვნებული მიწის ფართობის მიწოდება და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32966 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.