გადაწყვეტილება №25215/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25215/2/2025
12 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 26.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25215/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2025 წლის №136-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.05.2025 წლის №9099 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 71 528.39 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 35 713
დღგ - 33 661
საშემოსავლო გადასახადი - 1 235
ქონების გადასახადი - 817
ჯარიმა - 17 476
საურავი - 18 339.39
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22330 ბრძანებით მოცული საკითხებისა.
შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქართველოს ბანკთან გაფორმებული აქვს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლითაც კომპანია პერიოდულად იღებს სესხებს. შესამოწმებელ პერიოდში საქართველოს ბანკიდან აღებულ სესხ(ებ)ზე გაწეული საპროცენტო ხარჯი შეადგენს 376 025 ლარს, ხოლო ძირითადი თანხის დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 910 000 ლარს. სააღრიცხვო ინფორმაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელსა და შპს „---ს“ შორის 2022 წლის პირველი მაისის თარიღით გაფორმებული უპროცენტო (უსასყიდლო) სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 5 მაისს შპს „----ის“ გადარიცხული აქვს ჯამში 614 815 ლარი. აღნიშნულ პერიოდში (2022 წლის 27 აპრილი-2022 წლის 5 მაისი) ბანკიდან აღებული სესხის მოცულობა შეადგენს 663 000 ლარს, კონკრეტულად, 2022 წლის 5 მაისს 358 000 ლარს. ანალოგიურად, 2022 წლის 13 დეკემბერს შპს „--- ს“ ჩარიცხული აქვს ბანკის სესხის ტრანში 535 000 ლარი, ხოლო 2022 წლის 15 დეკემბერს გაცემული აქვს უპროცენტო სესხი შპს „--- ზე“ 180 000 ლარის, ხოლო 2022 წლის 29 დეკემბერს 240 000 ლარის ოდენობით. ასევე, ამ პერიოდში გადარიცხულია სხვა შედარებით მცირე თანხებიც. გადასახადის გადამხდელი პერიოდულად გასცემს უპროცენტო სესხს შპს „---“-ზე და პარალელურად ხდება საქართველოს ბანკის სესხის ტრანშების მიღებაც.
ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, ვინაიდან ბანკიდან აღებული სესხის ნაწილის გასესხება ხდება უსასყიდლოდ სხვა საწარმოებზე და არსებული/მოწოდებული ინფორმაცია-დოკუმენტაციით, მათ შორის, სესხის ხელშეკრულებით, არ ფიქსირდება სანაცვლოდ რაიმე სახის კომპენსაციის/სარგებლის მიღება, სესხის ძირითადი თანხის იმ ნაწილზე დარიცხული/გადახდილი საპროცენტო ხარჯი, რომელიც გამოყენებულ იქნა უპროცენტო სესხის გასაცემად, საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, განხილულ იქნა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. კომპანიას 2021 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული სასაქონლო ზედნადებით შეძენილი აქვს 23 885 ერთეული პროდუქტი დასახელებით „ლობიო 900 გრ“ შპს „---“-ისგან. სასაქონლო ზედნადებებში დაბეგვრის ტიპში მითითებულია „დაუბეგრავი“. ასევე, შესაბამის საგადასახადო ანგარიშფაქტურაში (ეა ---) დღგ-ის თანხა მითითებულია ნული ლარი. ასევე, 2021 წლის 23 დეკემბრის სასაქონლო ზედნადებით (№---) გადასახადის გადამხდელს ამავე კომპანიისგან შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „ჩაი 50 გრ“ სტატუსით „დაუბეგრავი“. შესაბამისად, როგორც მომწოდებელს, ასევე შემძენს აღნიშნული საქონელი განხილული აქვთ, როგორც ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტი და კომპანიაც აღნიშნული საქონლის რეალიზაციას განიხილავს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვად და არ არიცხავს დღგ-ს. აღნიშნული საქონლის მიწოდება არ ჩაითვალა დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციად. მომწოდებელს აღნიშნული საქონელი შეძენილი აქვს დასაბეგრი სტატუსით და მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლაც, ასევე, საწარმოს 2022 წელს შეძენილი აქვს სულ 8 521 კგ ყველი, რომელთაგან დაუბეგრავი სტატუსი აქვს 3 903 კგ-ს, ხოლო დასაბეგრია 4 618 კგ. აღნიშნული ყველის რეალიზაცია და დაბეგვრა გადასახადის გადამხდელმა განახორციელა შემდეგნაირად: დღგ-ისგან გაათავისუფლა 6 997 კგ ყველის რეალიზაცია და დაბეგრა 1 523 კგ ყველის რეალიზაცია. აღნიშნულ ნაწილში ნაჩვენები დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეუსაბამობაშია შეძენის დოკუმენტაციასთან ანუ გათავისუფლებულის სტატუსით გაყიდული აქვს იმ საქონლის ნაწილი, რომელიც დასაბეგრი სტატუსით აქვს შეძენილი/მიღებული აქვს ჩათვლა.
არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებული/წარმოდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და საპირისპიროდ, მომწოდებლის საქონლის მოძრაობის და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია არ არის განხილული, როგორც დღგ-ისგან გათავისუფლებული მიწოდება, შემოწმების მიერ დასაბეგრ ოპერაციაზე არ გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაწესი და რეალიზაციაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 23.12.2024 წლის №26990 ბრძანება და 24.12.2024 წლის №136- 19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან (საპროცენტო ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, კომერციული ბანკიდან აღებული სესხის დასაფარად გაწეული/გასაწევი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.05.2025 წლის №25089/2/2025 გადაწყვტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 43 093 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 29 461 ლარით, ჯარიმა 13 632 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 4.04.2025 წლის №6534 ბრძანება და 7.04.2025 წლის №136-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.05.2025 წლის №9099 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 31 მარტის №5947 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-საგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე). წარმოადგენს შპს „---“-ის წერილს, რომლითაც მომწოდებელი ადასტურებს, რომ 2021 წლის 23 დეკემბერის ზედნადებით N--- (ჩაი 50გრ 1194.25 კგ) და 2021 წლის 25 დეკემბრის ზედნადებით N--- (ლობიო 900გრ 23885 ცალი) მიღებული პროდუქტები წარმოადგენენ საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. აღნიშნული საქონელი კომპანიის მიერ შეძენილი არის ფიზიკური პირებისგან. შპს „---“-მა პროდუქტი დააფასოვა მის მიერ შეძენილ პარკებში (შპს --- სასაქონლო ზედნადები N---, ---) და მოახდინა მისი რეალიზაცია. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ მის მიერ რეალიზებული საქონელი გათავისუფლებულია დღგ-საგან ჩათვლის უფლებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან (საპროცენტო ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, კომერციული ბანკიდან აღებული სესხის დასაფარად შპს „---ს“ მიერ გაწეული/გასაწევი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ 3.04.2025 წელს გამოცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა კომერციული ბანკიდან აღებული სესხის დასაფარად კომპანიის მიერ გაწეული/გასაწევი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 43 093 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 29 461 ლარით, ჯარიმა 13 632 ლარით. საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობის უფლება), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მომჩივნის მიერ საჩივარში დასახელებულ ზემოთ დასახელებულ სადავო საკითხზე 17.04.2025 წელს წარმოდგენილი საჩივარი დავების განხილვის საბჭოს 2.05.2025 წლის №25089/2/2025 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, ვინაიდან ბანკიდან აღებული სესხის ნაწილის გასესხება ხდება უსასყიდლოდ სხვა საწარმოებზე და არსებული/მოწოდებული ინფორმაცია-დოკუმენტაციით, მათ შორის, სესხის ხელშეკრულებით, არ ფიქსირდება სანაცვლოდ რაიმე სახის კომპენსაციის/სარგებლის მიღება, სესხის ძირითადი თანხის იმ ნაწილზე დარიცხული/გადახდილი საპროცენტო ხარჯი, რომელიც გამოყენებულ იქნა უპროცენტო სესხის გასაცემად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, განხილულ იქნა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.
არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებული/წარმოდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ საქონელი წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და საპირისპიროდ, მომწოდებლის საქონლის მოძრაობის და პირველადი დოკუმენტაციის ანალიზით დგინდება, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია არ არის განხილული, როგორც დღგ-ისგან გათავისუფლებული მიწოდება, შემოწმების მიერ დასაბეგრ ოპერაციაზე არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაწესი და რეალიზაციაზე განხორციელდა დღგ-ის დარიცხვა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №5947 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21 .