ბრძანება N 20572
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20572
19 სექტემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
თურქეთის მოქალაქე ----ის
(პასპ/ნ ---) 2024 წლის 21 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №99) განიხილა ----ის (პასპ/ნ ---) №139889/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №EL259065 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოში შემოვიდა თურქეთიდან, ---ის სასაზღვრო პუნქტის გავლით. კონტროლის გავლისას მებაჟემ მისთვის გაუგებარ ენაზე, დაბალი ხმით დაუსვა კითხვები და მხოლოდ იმის გაგება მოახერხა, რომ ეკითხებოდნენ ნარკოტიკის შესახებ. მისი პირადი ჩანთის ჩხრეკის შედეგად ჩამოართვეს ოქროს ნივთები, რომლებიც შეძენილი ჰქონდა საჩუქრად და მიზეზი არ ჰქონდა მათი დამალვის. აღნიშნულზე მითითებით მიაჩნია, რომ სადავო აქტით დაკისრებული პასუხისმგებლობა არამართლზომიერია. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას და ნივთების დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 16 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა ამავე ქვეყნის მოქალაქე --- (---, პ/ნ ---, პაპს/ნ ---), რომელიც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შეჩერებულ იქნა საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით.
ზეპირი გამოკითხვისას (საუბარი წარიმართა მგზავრისათვის გასაგებ თურქულ ენაზე, რაც ასახულია სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერში) დასმულ შეკითხვაზე „ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი (მედიკამენტი, ოქრო, ვერცხლი, თანხა)“ მგზავრმა უარი განაცხადა. ეჭვის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის ფიზიკური/მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რაც ეცნობა მოქალაქეს და მიეცა წინადადება დამალული საქონლის (არსებობის შემთხვევაში) ნებაყოფლობით გადაცემის შესახებ. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული დათვალიერების შედეგად (მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი №69601/000472, 16.08.2024), მგზავრის ხელბარგში (ხელჩანთაში) აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი:
4 ცალი ოქროს მონეტა 900 სინჯის, საერთო წონით 16.18 გრამი, რომლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 3 155.4 ლარით (საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის“ ექსპერტის დასკვნა №008264/2024, 16.08.2024). ვინაიდან, არ იყო შესრულებული ფიზიკური პირის მიმართ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის წარდგენისა და დეკლარირების ვალდებულებები და ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, 2024 წლის 16 აგვისტოს საბაჟო გამშვებ პუნქტ „---ში“ შედგენილ იქნა №EL259065 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----ს (----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის – 3 155.4 ლარის ოდენობით. არადეკლარირებული საქონელი ჩამორთმეულ იქნა სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად, დაილუქა საბაჟო ლუქით --- და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის“ ადმინისტრაციულ შენობაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:
შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168- ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ზეპირი გამოკითხვა მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ თურქულ ენაზე, გარკვევით, რასაც მომჩივანმა ასევე გარკვევით და ადეკვატურად უპასუხა. აღნიშნული დასტურდება საქმეზე არსებული ვიდეო ჩანაწერით.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით, მას განზრახული ჰქონდა საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით შემოეტანა საქონელი და მებაჟეოფიცრისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----ის (---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანს მიაჩნია, რომ სადავო აქტით დაკისრებული პასუხისმგებლობა არამართლზომიერია. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას და ნივთების დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ვინაიდან, არ იყო შესრულებული ფიზიკური პირის მიმართ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის წარდგენისა და დეკლარირების ვალდებულებები და ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, მომჩივნის მიმართ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის – 3 155.4 ლარის ოდენობით, ხოლო არადეკლარირებული საქონელი ჩამორთმეულ იქნა სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168.