გადაწყვეტილება №16878/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№16878/2/2022
23.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------- ------------ (პ/ნ ------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------- -------ის 21.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №16878/2/2022).
დავის საგანი:
საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 18.10.2022 წლის №EL187455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 6.12.2022 წლის №30748 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
18.10.2022 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება №----------, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა 23.01.2022 წელს.
საბაჟო კონტროლის ზონაში დაგვიანებით გამოცხადების ფაქტზე, მომჩივანს 18.10.2022 წლის №EL187455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.12.2022 წლის №30748 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმის მასალებით დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ 2020 წლის ნოემბერში ჩამოვიდა საქართველოში და რამდენიმე დღეში მოხვდა კლინიკაში კორონავირუსული ინფექციის გამო ერთი თვის განმავლობაში გადიოდა რეაბილიტაციას, იყო ჟანგბად დამოკიდებული, გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთში წასვლისას დააჯარიმეს. მიუთითებს რომ დანართის სახით წარმოადგენს ჯანმრთელობის ცნობას, რაც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას.
კლინიკაში, ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა რეანიმაციაში, რის შემდეგაც დასჭირდა ხანგრძლივი რეაბილიტაცია, ვინაიდან კორონავირუსის ინფექცია მძიმედ გადაიტანა და ორგანიზმი ჰქონდა ძალიან დასუსტებული, დამოუკიდებლად გარკვეული დროის განმავლობაში ვერ აქცევდა ყურადღებას გარკვეულ საქმეებს, რადგან მთელი ენერგია და რესურსი დახარჯა იმაში, რომ სათანადოდ გაევლო რეაბილიტაცია.
საგულისხმოა, რომ არის საქართველოს მოქალაქე და საერთოდ არ ჰქონია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 90 დღის შემდეგ უნდა განებაჟებინა. რადგან ჩათვალა, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეს ეს წესი არ ეხებოდა. გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთში წასვლისას დააჯარიმეს სწორედ ამის გამო და მაშინ გაიგო ასეთი დათქმის თაობაზე. ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და მისთვის შეუძლებელი იყო რაიმე სხვა საქმიანობის განხორციელება, ამასთანავე ასეთი დათქმის შესახებ არ ფლობდა ინფორმაციას.
არ იყო ინფორმირებული და ასევე მსოფლიოში ეპიდემიური სიტუაციის გამო მისგან დამოუკიდებლად განვითარდა ეს გარემოებები და ფიზიკურად შეუძლებელი იყო მისი ჩარევა ამ პროცესში, რადგან ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა, მის ინტერესში საერთოდ არ შედიოდა კანონის დარღვევა და შემდეგ ასეთი მოცულობის ჯარიმის დაკისრება.
არის პენსიონერი და ასეთი თანხის გადახდა მისთვის სირთულეს წარმოადგენს, ითხოვს ადმინისტრაციულმა ორგანომ გადახედოს გადაწყვეტილებას გაითვალისწინოს ყველას ის დამაბრკოლებელი გარემოებები და თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მიიღოს სამართლიანის გადაწყვეტილება, რათა მისი უფლებები არ იყოს დარღვეული.
ითხოვს გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 18.10.2022 წლის №EL187455 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 6.12.2022 წლის №30748 ბრძანება.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახური არის ადმინისტრაციული ორგანო ფუნქციური გაგებით, რომელზეც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის თანხმად ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებები.
მიუთითებს ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სადავო აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას შეუსაბამოდ მძიმე მატერიალურ მდგომარებაში აყენებს.
გარდა ამისა სამართალდარღვევაზე პირის დაჯარიმება, წარმოადგენს შესაბამისი ორგანოს კანონით მინიჭებულ დისკრეციას. რომლის ფარგლებშიც შემოსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის ფარგლებით.
დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია, ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. შეუძლებელია ცალკე აღებული, რომელიმე საჯარო ან კერძო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდეს მათი შეპირისპირება. საჯარო ინტერების გათვალისწინებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს საჯარო ინტერესებისთვის მიყენებულ ზიანს.
მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლზე და განმარტავს, რომ მოცემული მუხლების სისტემური განმარტებით, არ შეიძლება პირს დაეკისროს სამართალდარღვევისთვის ისეთი პასუხისმგებლობა, რომელზეც საჯარო ინტერესი აშკარად ნაკლებია, კერძო ინტერესთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო დაჯარიმება ვინაიდან და რადგანაც არავინ მიუთითა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო როდესაც გაიყვანს მანქანას.
მიაჩნია რომ გამოყენებული ზომები არაპროპორციულია განხორციელებულ მოქმედებასთან და მნიშვნელოვნად ხელყოფს მის უფლებებს. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ დაუშვებელია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მომჩივანი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-1037- 1031(კ-17) და №1041-1035 (კ-17) გადაწყვეტილებებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლზე, 178-ე მუხლზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია რომ მისი მოთხოვნა სამართლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი აზუსტებს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშამოცულობა 50 სმ3-ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს. საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ 2020 წლის ნოემბერში ჩამოვიდა საქართველოში და რამდენიმე დღეში მოხვდა კლინიკაში კორონავირუსული ინფექციის გამო, ერთი თვის განმავლობაში გადიოდა რეაბილიტაციას, იყო ჟანგბად დამოკიდებული, გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთში წასვლისას დააჯარიმეს. მიუთითებს რომ დანართის სახით წარმოადგენს ჯანმრთელობის ცნობას, რაც ადასტურებს ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას.
მომჩივანი წარმოადგენს ფორმა №100 - რომელიც გაცემულია 25.12.2020 და 4.11.2022 და წელს, ხოლო ავტომობილი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა 23.01.2022 წელს ნიკოლოზ საფარიანის მიერ.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში დაგვიანებით გამოცხადების საპატიო მიზეზად ვინაიდან მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ფორმა №100 - გაცემულია 25.12.2020 და 4.11.2022 წელს ხოლო, ავტომობილი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა 23.01.2022 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.