ბრძანება N 30930

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.12.2023
№ დოკუმენტი 30930
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30930

11 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 29 ივლისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის და 17 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №111 და №120) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 29 ივლისის №82696/1/2023 საჩივარი და 25 ოქტომბრის №84358/1/2023 დაზუსტებული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №007-158 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე განხორციელდა კომპანიის ტვირთის დამძიმება. სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ე.წ. არაპირდაპირი მეთოდით. გაუგებარია მისი გამოყენების საფუძვლები, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობასა და მართლზომიერებაზე. შემოწმების აქტითვე დადასტურებულია, რომ კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მთლიანი, 100% რეალიზაცია წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციებს. განსახილველ შემთხვევაში კი, საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არც ფაქტობრივ დასაბუთებას და არც სამართლებრივ საფუძვლებს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების დასადასტურებლად. აღნიშნავს, რომ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა შეადგენს 1 038 342 კგ-ს, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი ნაშთის ოდენობა შეადგენს 1 007 კგ-ს, შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის მხოლოდ 0,001% უფიქსირდება კომპანიას ნაშთად. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას შესყიდული პროდუქციის 99,999% რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, არაიდენტიფიცირებად პირებზე საქონლის რეალიზაციის ინტერესი არ შეიძლებოდა ჰქონოდა. აცხადებს, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი საბოლოო სმფ-ს ნაშთის არსებობის ფაქტი არ დადასტურებულა და თუ შემოწმებამ უტყუარად მიიჩნია, რომ აღნიშნული ნაშთი კომპანიას არ გააჩნია, უპირველესად, საგადასახადო ორგანოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი აღნიშნული ნაშთი მიეჩნია არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და ითხოვს განკარგვადი თანხების განსაზღვრისას კომპანიის მიერ გაწეული საკომისიო დანახარჯების და დებიტორული დავალიანებების გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32251 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი მარტიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 ივნისის №14772 ბრძანება და ამავე თარიღის №007-158 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 161 238 ლარი, მათ შორის, გადასახადი 100 235 ლარი, ჯარიმა 50 118 ლარი, საურავი 10 885 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 24 აგვისტოს №20941 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 4 ოქტომბრის №20845/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აგვისტოს №20941 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 ოქტომბრის №20845/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„1. დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის ნაშთი უნდა ჰქონოდა 1 007 კგ ჯართი. კომპანია 2021 წლის ივლისის შემდგომ აღარ საქმიანობს და აღნიშნული საქონლის ნაშთად არსებობა არ დასტურდება. შესაბამისად, საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად. ამასთან, ვერ მოხერხდა საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიას რეალიზაცია სრულად განხორციელებული აქვს სასაქონლო ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით. შესაბამისად, როდესაც 2 საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დადასტურებულია, რომ საწარმო მხოლოდ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით რეალიზაციას ახორციელებს, არამართებულია ნაშთად გამოვლენილი 1 007 კგ ჯართის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვა. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა შეადგენს 1 038 342 კგ-ს, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი ნაშთის ოდენობა შეადგენს 1 007 კგ-ს. შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის მხოლოდ 0,001% უფიქსირდება კომპანიას ნაშთად და როდესაც მთლიანად შესყიდული პროდუქციის 99,999% კომპანიას რეალიზებული აქვს დოკუმენტურად, ინტერესი არ შეიძლებოდა ჰქონოდა აღნიშნული ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზაციისთვის.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის პირობებში, დასაბეგრი ბრუნვა გაზრდილია უმნიშვნელოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები შეცვლილია (გაზრდილია) არაარსებითად. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

2. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ განკარგვადი თანხის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ხარჯები. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ხარჯები გათვალისწინებულია ჯამურად.

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საკითხი განხილულ იქნას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის საქმიანობის სახეა შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიას დოკუმენტურად სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ აქვს საქონელი, ასევე, რეალიზაციას ახორციელებს დოკუმენტურად ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, არ წარმოუდგენია საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმება დაეყრდნო წინა შემოწმების მიერ მოწოდებულ მასალებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებულ დოკუმენტებს (საბანკო ამონაწერები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის ნაშთი უნდა ჰქონოდა 1 007 კგ ჯართი, რაც საბაზრო ღირებულებით შეადგენს 8 916 ლარს. ვინაიდან ვერ მოხერხდა აღნიშნული საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება, 8 916 ლარი დაიბეგრა დღგ-ით. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი 2021 წლის ივლისის შემდგომ აღარ საქმიანობს და აღნიშნული საქონლის ნაშთად არსებობა არ დასტურდება, საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად.

ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სიტემის მონაცემების და საბანკო ამონაწერების დამუშავებით დადგინდა პირის ერთობლივი შემოსავალი და დოკუმენტურად დადასტურებული დანახარჯები. კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“-ის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 7 581 165 ლარი, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებულმა დანახარჯებმა - 7 191 757 ლარი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების წარუდგენლობის, აგრეთვე, სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში, სხვაობის თანხა ჩაითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები დაიბეგრა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ფულადი მოგების სალაროში არსებობის ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. შედეგად, სხვაობა 389 408 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 2023 წლის 26 ოქტომბერს 16:00 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებისთვის წარდგენილი არ ყოფილა საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის ნაშთი უნდა ჰქონოდა 1 007 კგ ჯართი. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი 2021 წლის ივლისის შემდგომ აღარ საქმიანობს და აღნიშნული საქონლის ნაშთად არსებობა არ დასტურდება, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად (გავრცელებულია გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი) და ვინაიდან საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოწმების მიერ გამოვლენილი სმფ-ების რაოდენობრივი სხვაობა არსებითია და აღნიშნულ სხვაობაზე დოკუმენტური ფასსნამატის გავრცელების საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 7 581 165 ლარი, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითმა ხარჯებმა კი - 7 191 757 ლარი (მათ შორის საკომისიო ხარჯებმა). ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შესაბამისი მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტება, აგრეთვე, სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაცია არ წარუდგენია, განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამასახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით განკარგვადი თანხების განსაზღვრისას გათვალისწინებულია მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, არ იქნა გათვალისწინებული ბანკის საკომისიო ხარჯები, რაც დადასტურებულია კომპანიის საბანკო ამონაწერით. ასევე, კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებები და მიმდინარეობს აღნიშნული დებიტორული დავალიანებების დადასტურებისთვის მტკიცებულების მოძიება. შესაბამისად, არამართლზომიერია შემოწმების შედეგად ყველა შემოსავლის უპირობოდ მიღების ფაქტის დადასტურება. ამასთან, გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა საჩივარი, რომელსაც თან ურთავს დოკუმენტებს და მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტები გასათვალისწინებელია გაანგარიშებისას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის არაიდენტიფიცირებად პირებზე რეალიზებულად განხილვის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და ითხოვს განკარგვადი თანხების განსაზღვრისას კომპანიის მიერ გაწეული საკომისიო დანახარჯების და დებიტორული დავალიანებების გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებისთვის წარდგენილი არ ყოფილა საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საქონლის მოძრაობა სახეობების მიხედვით, რის შედეგადაც გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის ნაშთი უნდა ჰქონოდა 1 007 კგ ჯართი. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი 2021 წლის ივლისის შემდგომ აღარ საქმიანობს და აღნიშნული საქონლის ნაშთად არსებობა არ დასტურდება, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად (გავრცელებულია გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი) და ვინაიდან საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 7 581 165 ლარი, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითმა ხარჯებმა კი - 7 191 757 ლარი (მათ შორის საკომისიო ხარჯებმა). ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შესაბამისი მტკიცებულებები ან/და ახსნა-განმარტება, აგრეთვე, სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაცია არ წარუდგენია, განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამასახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით განკარგვადი თანხების განსაზღვრისას გათვალისწინებულია მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, არ იქნა გათვალისწინებული ბანკის საკომისიო ხარჯები, რაც დადასტურებულია კომპანიის საბანკო ამონაწერით. ასევე, კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებები და მიმდინარეობს აღნიშნული დებიტორული დავალიანებების დადასტურებისთვის მტკიცებულების მოძიება. შესაბამისად, არამართლზომიერია შემოწმების შედეგად ყველა შემოსავლის უპირობოდ მიღების ფაქტის დადასტურება. ამასთან, გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა საჩივარი, რომელსაც თან ურთავს დოკუმენტებს და მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტები გასათვალისწინებელია გაანგარიშებისას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, განსახილველ შემთხვევაში შემოწმების მიერ გამოვლენილი სმფ-ების რაოდენობრივი სხვაობა არსებითია და აღნიშნულ სხვაობაზე დოკუმენტური ფასსნამატის გავრცელების საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, ო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“„ბ“); 172(4„ძ“).