ბრძანება N 21664
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21664
05 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ "------"-ის (პ/ნ "-------" )
(მის.: "-------" )
2023 წლის 2 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") 2023 წლის 2 აგვისტოს №82799/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №059-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანება ეხება მხოლოდ ფ/პ "------"-ს და აუდიტის დეპარტამენტი შემოწმების აქტის შედგენის დროს არ იყო უფლებამოსილი გადასახადი გამოეანგარიშებინა "------"-ის (მეუღლე) შემოსავლის და მისი ქონებების შეფასების მიხედვით გადასახადი დაეკისრებინა "------"-თვის . ხოლო, იმ შემთხვევაში თუ "-------"-ის უძრავი ნივთი ექვემდებარებოდა აუდიტის მიერ შეფასებას, არასწორადაა განსაზღვრული საბაზრო ფასი. აღნიშნული წარმოადგენდა და წარმოადგენს ამორტიზირებულ ნაგებობას. ასევე, არასწორადაა განსაზღვრული მის საკუთრებაში არსებული სხვენის საბაზრო ღირებულება. ამასთან, არ ეთანხმება ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობას. განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახური მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ლავირება 0.05%-სა და 0.2%-ს შორის, თუმცა შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას თუ რატომ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანო აუცილებლად მისთვის გადასახადის დარიცხვას ქონების საბაზრო ღებულების 0.2%-ის ოდენობით და რატომ არაა შესაძლებელი გამოყენებული იქნეს უფრო მცირე ოდენობით გადასახადის დარიცხვა, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა საურავის შემცირებასაც.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13130 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 5 ივლისის №15953 ბრძანება და ამავე თარიღის №059-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 6 626 ლარი, მათ შორის, გადასახადი 3 889 ლარი, ჯარიმა 1 945 ლარი, საურავი 792 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ ფიზიკური პირს და მის მეუღლეს "------"-ს 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარამდე შემოსავალი, ხოლო, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების შემოწმების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამხდელს შესაბამის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში აქვს დასაბეგრი ქონება.
საგადასახადო შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მსგავსი ან/და იდენტური უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ოჯახი არის პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.
ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით ფიზიკურ პირს (ოჯახს) 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარამდე შემოსავალი, ხოლო, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შესაბამისად, წარმოეშვა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, თუმცა მის მიერ არ იყო შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, ფიზიკურ პირს (ოჯახს) საგადასახადო წლების განმავლობაში უფიქსირდება 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, გადამხდელი ვალდებული იყო წარედგინა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია და გადაეხადა გადასახადი.
გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ქონების გადასახადი არის ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით ზღვრული განაკვეთების ფარგლებში შემოღებული გადასახადი და მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის სახით ან/და ამ ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ამავე კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება ქონების გადასახადის განაკვეთი, რომელიც დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, დასაბეგრი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. შესაბამისად, ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად, ამასთან, დასაბეგრი ქონების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს და მის მეუღლეს 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარამდე შემოსავალი, ხოლო, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამხდელს შესაბამის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში აქვს დასაბეგრი ქონება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით და დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
18,201,202,205(12,14).