ბრძანება N 14286

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.06.2024
№ დოკუმენტი 14286
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14286

18 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 21 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს ---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 21 მაისის №89747/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №042-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დარიცხულ ჯარიმას, ვინაიდან შემოწმების დაწყებამდე, ამავე წლის 18 თებერვალს, გააუქმა საგადასახადო შემოწმების აქტში ჩამოთვლილი ყველა საგადასახადო ანგარიშფაქტურა (მათ შორის კორექტირებული). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ განიცადა მატერიალური ზიანი, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს დარიცხული ჯარიმისგან (8483.16 ლარი) გათავისუფლებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, ყალბი/ფიქტიური ოპერაციების ამსახველი ანგარიშფაქტურების საფუძვლით, მის მიერ უკვე შემცირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემოწმების მიერ ხელახლა შემცირებას და მის საფუძველზე დარიცხულ თანხებს.

აცხადებს, რომ საწარმომ ვერ მოახერხა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაუქმება, რადგან არ იყო საწარმოს მიერ გამოწერილი და რეესტრიდანაც ვერ ამოიღებდა. აღნიშნავს, რომ 2021 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციაში შეიმცირა ჩათვლილი თანხა 2 118.42 ლარით, რაც შემოწმების მიერ კიდევ ერთხელ შემცირდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს შემოწმების მიერ ზედმეტად დარიცხული თანხისა (2 118.42 ლარი) და ჯარიმის სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 თებერვლის №3912 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 18 ივნისი 2024 N 14286 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში შპს „---'' მიმართ დადასტურებული გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დამატებული ღირებულების გადასახადში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 22 აპრილის №9254 ბრძანება და ამავე თარიღის №042-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 161 726 ლარი, მათ შორის, შეუმცირდა გადასახადი 114 563 ლარით, ხოლო დაერიცხა ჯარიმა 276 289 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით,საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში შპს „---ზე“ ---- გამოწერილი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დეკლარირებული აქვს 793 372 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-ის თანხა 121 023). შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ საწარმოს მიერ შპს ---- გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურები ეკ----- სულ თანხა 200 679 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ 30 612 ლარი); ---- გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები ეკ ---- სულ თანხა 167 852 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ 25 605 ლარი), ი/მ---- გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა --- სულ თანხა 3 290 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ 502 ლარი), შპს „----'' გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები ---- სულ თანხა 471 444 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ 71 915 ლარი); ი/მ --- გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ეა--- სულ თანხა 20 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, დღგ 3 051 ლარი), რომლის შესაბამისი მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება არ მომხდარა და ზემოაღნიშნული ანგარიშფაქტურები არის ყალბი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, შემცირდა საწარმოს დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 672 349 ლარი და შესაბამისი დღგ 121 023 ლარი, ხოლო გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის გამო, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით, ჯარიმა დაერიცხა ასევე კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურების ეკ ---- შესაბამისი დღგ-ის თანხაზე 10 661 ლარზე, ჯამში 263 369 ლარის ოდენობით.

2. შპს „---ს“ (ს/ნ----) 2021 წლის მაისის, ივლისის, 2022 წლის თებერვლის, აპრილის და 2023 თებერვლის, მარტისა და ივლისის საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა 71 793 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 6 460 ლარი წარმოადგენს შპს „----'' მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამის დღგ-ის თანხას. შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შპს „---გან“ --- მიღებული ანგარიშ-ფაქტურების --- შესაბამისი საქონელი/მომსახურება არ მიუღია და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით, შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2021 წლის მაისის, ივლისის, 2022 წლის თებერვლის, აპრილის, 2023 თებერვლის, მარტისა და ივლისის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი დღგ-ის თანხა 6 460 ლარი, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის მიხედვით უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელების გამო, ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის, 12 920 ლარის, ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა პირზე გამოწერილი აქვს ყალბი/ფიქტიური ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (მათ შორის კორექტირებული), რის გათვალისწინებით, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს შეუმცირდა ყალბი/ფიქტიური ოპერაციების ამსახველი დაკორექტირებული პირველადი ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა არ შემცირებულა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ბრუნვით (შემმოწმებლის განმარტებით, ყველა შემთხვევაში კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირებულია).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის გამო, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების დაწყებამდე გადასახადის გადამხდელმა თავად შეიმცირა 2021 წლის მაისის თვის ჩათვლილი დღგ-ის თანხა 2 118.42 ლარის ოდენობით, თუმცა შემოწმებამ აღნიშნული თანხით დამატებით შეამცირა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დააკისრა ჯარიმა დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლიდან გამომდინარე. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა შემდეგი: შემოწმებით შესწავლილი იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი 2021 წლის მაისის თვის საანგარიშგებო პერიოდზე წარმოდგენლი დღგ-ის პირველადი და დაზუსტებული დეკლარაციები და რადგან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ასახული იყო დეკლარაციაში, შემოწმებით იდენტიფიცირება ვერ მოხდა ჩათვლის რომელ ნაწილში იყო შემცირება განხორციელებული.

შესაბამისად, 2021 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის საბოლოო დეკლარაციის მიხედვით დეკლარირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა 7 736,68 ლარი დამატებით შემცირდა 2 118,42 ლარით.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის განსაზღვრა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დღგ-ის ჩათვლის საკითხი და თუ დადგინდა, რომ ყალბი/ფიქტიური ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლა არ განხორციელებულა, უზრუნველყოს აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირება/შემცირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დღგ-ის ჩათვლის საკითხი და თუ დადგინდა, რომ ყალბი/ფიქტიური ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლა არ განხორციელებულა, უზრუნველყოს აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირება/შემცირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დარიცხულ ჯარიმას;

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, ყალბი/ფიქტიური ოპერაციების ამსახველი ანგარიშფაქტურების საფუძვლით, მის მიერ უკვე შემცირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემოწმების მიერ ხელახლა შემცირებას და მის საფუძველზე დარიცხულ თანხებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ საწარმოს მიერ გამოწერილია/ჩათვლილია ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შესაბამისი მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება არ მომხდარა და არის ყალბი.

შემოწმების შედეგად, შემცირდა საწარმოს დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისი დღგ, ხოლო გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის გამო, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით, ასევე საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით, შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის მიხედვით უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელების გამო, ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 180; 282; 175; 178; 280.