გადაწყვეტილება №86195/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№86195/1/2023
30 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 22.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №86195/1/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და ფასნამატის ოდენობა;
2. ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №002-228 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32236 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 260 306 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 167 458
დღგ - 65 279
საშემოსავლო გადასახადი - 102 179
ჯარიმა - 83 729
საურავი - 9 119
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით. იმპორტის გზით შემოაქვს საქონელი და რეალიზაციას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 25.10.2022 წლიდან 1.05.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 სექტემბრის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №24721 ბრძანება და №002-228 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.12.2023 წლის №32236 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 21 დეკემბერს ელექტრონულად რეგისტრირებული №86195/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №132326-21-04 წერილით კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება ნაწარმოები აქვს პროგრამა „ინფოში“, სადაც საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერას ახორციელებს დღის ბოლოს, ჯამურად. ამასთან, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი პროგრამულად მერყეობს 7%-დან 10%-მდე, მაშინ როდესაც დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 93%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 156-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე,163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, განმარტავს, რომ ვინაიდან შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება განხორციელდა მართლზომიერად, აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების იმგვარი/სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიერ საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ყოველდღიურად, რაზეც ინფორმირებული იყო შემმოწმებელი, შესაბამისად, დღის ჭრილში იდენტიფიცირდება რეალიზებული საქონელი, როგორც სახელობითად ასევე რაოდენობრივად, შესაბამისად, ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს სრული წესების დაცვით და შემმოწმებლის მითითება, რომ ვერ ხერხდება რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება და თვითღირებულების დადგენა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ასევე, დღის ჭრილში საქონლის ჩამოწერა არის ნამდვილად მაქსიმუმი, რისი განხორციელებაც შეუძლია კომპანიას. კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ღია ბაზრის ტერიტორიაზე და ძირითადი მომხმარებლები არიან ფიზიკური პირები, სწორედ ამიტომ, რეალიზებული საქონლის დოკუმენტალური წილი შეადგენს მხოლოდ 9%-ს, ვინაიდან ფიზიკურ პირს დოკუმენტი არ სჭირდება.
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, დაბეგვრის ობიექტის დადგენა შესაძლებელია და შესაბამისად, არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. შემოწმების პროცესში თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მისი მხრიდან ხდებოდა საქონლის იდენტიფიცირება, ნაწარმოები ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, ამასთან საქონლის შეძენა ხდებოდა მხოლოდ იმპორტის გზით და გადასახადის გადამხდელის მხრიდან საბაჟო დოკუმენტაციაც წარდგენილია, შესაბამისად ფინანსთა სამინისტროში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით და საგადასახადო ომბუცმენის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დღის ჭრილში, როცა ხდება საქონლის ჩამოწერა, საქონლის შეძენა და რეალიზაცია სახელობითი და რაოდენობრივი კუთხით იდენტიფიცირდება, არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. ასევე, დამატებით აღნიშნავს, რომ კომპანია არასდროს ყოფილა დაჯარიმებული. საცალოდ რეალიზებულ საქონელს არ ყიდიდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. აღსანიშნავია, რომ შემმოწმებელმა მიუყენა კომპანიის დოკუმენტალური რეალიზაციის ფასნამატი, რაც არასწორია, ვინაიდან დოკუმენტალურად რეალიზებულია მხოლოდ 82 133 ლარის (დღგ-ის გარეშე) საქონელი, მაშინ როცა კომპანიის სრული რეალიზაცია შეადგენს 628 198 ლარს (დღგ-ის გარეშე), ანუ საცალოდ რეალიზაცია არის 546 064 ლარი, შესაბამისად, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება აღნიშნულ შემთხვევაში საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დოკუმენტალური ფასნამატის მიყენება, ვინაიდან დოკუმენტით საქონელი არის რეალიზებული კომპანიებზე, რომლებიც ბუნებრივია იღებენ საუკეთესო ხარისხის პროდუქციას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ, არაპირდაპირი მეთოდი ჩაითვლება მართლზომიერად, ითხოვს დაევალოს შემმოწმებელს ანალოგიური პროფილის შემოწმებულ კომპანიაზე დადგენილი ფასნამატის გამოყენება, მაგალითად შპს „-------“ (ს/ნ -------), რომელიც იდენტურ საქმიანობას ახორციელებდა, რომელიც შემოწმებულია და შემოწმებით დარიცხული თანხები არის აღიარებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, საცალო მიწოდების ჩათვლით.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად, შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობები, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით.
აუდიტის დეპარტამენტი 29.02.2024 წლის №19221-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის ჩამოწერას ახორციელებს ყოველდღიურად, თუმცა ჩამოწერა ხდება ჯამურად (წონით და ღირებულებით) და ვერ იდენტიფიცირდება გაყიდული და ჩამოწერილი საქონელი. ამასთან, პროგრამული ფასნამატი მერყეობს 7%-დან 10%-მდე, როდესაც დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 93%-ს. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან შეძენაში შეადგენს 13.7 %-ს.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს ან/და მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის რეალური შემოსავლების და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ასევე, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება მართებულია. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა განკარგვადი თანხა. ამასთან, იმპორტირებულ საქონელზე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი (მოწოდებულია მხოლოდ 3 მომწოდებელზე გადახდა, რომელიც ფულის მოძრაობაში გათვალისწინებულია როგორც სრულად გადახდილი), თუმცა სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია. ვინაიდან, შემოწმებით ვერ დადგინდა არარეზიდენტ მომწოდებლებზე თანხის ანაზღაურება, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით (არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის, რომლებზეც ურთიერთშედარება არ იქნა წარდგენილი), საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. შემოწმების შედეგად, დადგენილი შემოსავლებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, განმარტავს, რომ ფულადის სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის ანგარიშვალდებული პირის ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად, აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტების იმგვარი/სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ, იმ არარეზიდენტი პირებისაგან იმპორტირებული საქონლის შეძენისას, სადაც არ დასტურდება თანხის გადახდა, არსებობს ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, ასეთ საქონელზე გათვალისწინებული იქნა მხოლოდ ინვოისში დაფიქსირებული თანხის 75%. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში საერთოდ ნამსჯელი არ არის აღნიშნულ საკითხზე, კერძოდ წარმოდგენილ შედარების აქტებზე, რომლის ნაწილი, შემოწმების დროსაც კი იქნა გათვალისწინებული, ხოლო მეორე ნაწილი (რომელიც იდენტური ფორმით არის შედგენილი) წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურში საჩივართან ერთად. როგორც აღნიშნა, აღნიშნულ შედარების აქტებზე შემოსავლების სამსახური საერთოდ არ მსჯელობს, რაც წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმების საფუძველს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
დადგენილია, რომ ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად შემოწმების მიერ გამოვლინდა განკარგვადი თანხა, ასევე იმპორტირებულ საქონელზე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი, შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მიწოდებული იქნა მხოლოდ 3 მომწოდებელზე გადახდა, რომელიც ფულის მოძრაობაში გათვალისწინებულია როგორც სრულად გადახდილი, თუმცა სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია. ვინაიდან, შემოწმებით ვერ დადგინდა არარეზიდენტ მომწოდებლებზე თანხის ანაზღაურება, საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. შედეგად, დადგენილ შემოსავლებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა განხილული იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.
მომჩივანი სადავო საკითხის ნაწილში აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში საერთოდ ნამსჯელი არ არის წარმოდგენილ შედარების აქტებზე, რომლის ნაწილი, შემოწმების დროსაც კი იქნა გათვალისწინებული, ხოლო მეორე ნაწილი (რომელიც იდენტური ფორმით არის შედგენილი) წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურში საჩივართან ერთად.
აუდიტის დეპარტამენტი 29.02.2024 წლის №19221-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტით შემოჰქონდა საქონელი, რომელზეც მომწოდებლებს თანხას უხდიდა ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელს ეთხოვა უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთშედარების აქტების წარდგენა, მაგრამ წარდგენილი იქნა ხსენებული დოკუმენტაცია არასრულად, კერძოდ მხოლოდ 3 მომწოდებელზე. შესაბამისად, შემოწმების მიერ, იმ უცხოელ მომწოდებლებზე, რომელზეც არ იქნა წარდგენილი ურთიერთშედარების აქტები, ფულის მოძრაობაში ხარჯად გათვალისწინებულ იქნა საინვოისო ღირებულების მხოლოდ 75%. ამჟამად, დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარზე გადასახადის გადამხდელს დამატებით აქვს წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტები (AQDAS AKHTAR, GROHE BAZARGANI RANGIN MIVEH KHAVARMIANE, KAVEH AZIMZADEH) რომლებიც შემოწმებისას ვერ იქნებოდა გათვალისწინებული, რადგან იმ პერიოდში არ ჰქონდა წარმოდგენილი ხსენებული დოკუმენტაცია.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა კვლავაც აღნიშნა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილ საჩივარზე, დანართის სახით წარმოდგენილია 3 ურთიერთშედარების აქტი, რომელიც მანამდე შემოწმების პროცესში არ წარუდგენია.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი მე-2 სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32236 ბრძანება;
3. მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და ფასნამატის ოდენობა;
2. ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით. იმპორტის გზით შემოაქვს საქონელი და რეალიზაციას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 21.12.2023 წლის №32236 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 21 დეკემბერს ელექტრონულად რეგისტრირებული №86195/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წერილით კუთვნილებისამებრ, გაიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება მართებულია. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი მე-2 სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5; 9); 101; 154; 159;