ბრძანება N 4836
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4836
05 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„----------“ (პ/ნ ----------)
(ფაქტ. მის: ----------.;
რეგ. მის.: ----------)
2024 წლის 7 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16), განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №20118/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის 17 იანვრის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ თანხებს და საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 17 იანვრის №14964776 შეტყობინებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება 2024 წლის 17 იანვრის №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4- ით დარიცხულ დღგ-ს და მომსახურების საფასურს და განმარტავს, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს ---------- საქართველოში შემოსვლის დროს (საჰაერო) ჩამოერთვა ორი ცალი მობილური ტელეფონი და კომერციული მოხმარების საფუძვლით დაეკისრა თანხების გადახდა. მომჩივანი მიუთითებს, რომ ტელეფონები არ იყო ახალი - ანუ გაუხსნელ მდგომარეობაში. მისი განმარტებით, ვინაიდან ფუზიკურ პირს არ ეკრძალება ჰქონდეს პირადი ნივთი საჭიროებისამებრ გამოყენებისთვის 2 ცალი მეორადი მოხმარების მობილური ტელეფონი, მის მიმართ არაკეთილსინდისიერად იქნა გამოყენებული საბაჟო შემოწმებისას თანამშრომლის უფლება-მოვალეობები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს, რეისით „----------“, ---------- საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა ფიზიკური პირი „----------“ (პ/ნ ----------). საბაჟო გამშვები პუნქტი „---------- თავისუფალი ინდუსტრიული ზონას“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ „----------“ (პ/ნ ----------) კუთვნილი ხელბარგის/ბარგის დათვალიერებისას გამოვლინდა 2 ერთეული მობილური ტელეფონი (----------, ----------). ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2024 წლის 17 იანვრის №---------- დასკვნის თანახმად, აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 2330,92 აშშ დოლარით (საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის გათვალისწინებით – 6193,954 ლარი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის 17 იანვარს „----------“ (პ/ნ ----------) სახელზე დარეგისტრირდა №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლის საფუძველზეც, მობილური ტელეფონები (----------, ----------) გაფორმდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და მითითებულ პირს გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ) – 1114,9 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები. საბაჟო ფორმალობა კი გულისხმობს დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება.
ამავე საკანონმდებლო აქტის 32-ე მუხლი ადგენს, რომ პირს შეიძლება დაეკისროს მომსახურების საფასურის გადახდის ან გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევისას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც:
გ) ხორციელდება საქონლის გამოკვლევა/ექსპერტიზა საბაჟო დეკლარაციის შემოწმების მიზნით ან საქონლის განადგურება, თუ გაწეულია სხვა დანახარჯები, გარდა საბაჟო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯებისა;
ე) საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევისას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაიწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას.
ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე გრაფების შესაბამისად, 3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმებისას მომსახურების საფასური ერთ საბაჟო დეკლარაციაზე შეადგენს 400 ლარს.
64-ე გრაფის შესაბამისად კი, დაინტერესებული პირის მოთხოვნით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა 5 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე მომსახურების საფასური შეადგენს 150 ლარი+5 000 ლარის ზევით თანხის 2%.
დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 30 დეკემბერს „----------“ (პ/ნ ----------) კუთვნილი ხელბარგის/ბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა 2 ერთეული მობილური ტელეფონი (----------, ----------), რომელის საბაჟო ღირებულება ექსპერტიზის №---------- 17.01.2024 დასკვნის თანახმად, განისაზღვრა 2330,92 აშშ დოლარით (საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის გათვალისწინებით – 6193,954 ლარი). შესაბამისად, 2024 წლის 17 იანვარს დარეგისტრირდა №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 და მობილური ტელეფონები (----------, ----------) გაფორმდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. გადასახდელად კი დაერიცხა დღგ – 1114,9 ლარის ოდენობით და მომსახურების საფასური 400 ლარი.
საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 17 იანვრის №14964776 შეტყობინებით კი დეკლარანტს წერილობით ეცნობა მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათით სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მომჩივანი ვერ ისარგებლებდა მის მიერ შემოტანილ საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ შემოტანილი საქონლის №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის დეკლარირება და დარიცხული თანხა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 30 დეკემბერს მომჩივანის კუთვნილი ხელბარგის/ბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდა 2 ერთეული მობილური ტელეფონი, რომელის საბაჟო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განისაზღვრა 2330,92 აშშ დოლარით (საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის გათვალისწინებით – 6193,954 ლარი). შესაბამისად, 2024 წლის 17 იანვარს დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 და მობილური ტელეფონები გაფორმდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. გადასახდელად კი დაერიცხა დღგ – 1114,9 ლარის ოდენობით და მომსახურების საფასური 400 ლარი. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 17 იანვრის შეტყობინებით კი დეკლარანტს წერილობით ეცნობა მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ შემოტანილი საქონლის საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის დეკლარირება და დარიცხული თანხა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199(დ.ზ)