ბრძანება N 8505
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8505
15 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 25 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მარტის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა სს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 25 იანვრის №87159/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №002-316 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ ქონების გადასახადის გაანგარიშებისას დასაბეგრი ბაზა შესამცირებელია დღგ-ს თანხით. ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი ფაქტორები: შესაფასებელი ფართი არ არის დაყოფილი სტატუსის და მახასიათებლების მიხედვით, არ არის შენობის გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისი მაკორექტირებელი გაანგარიშება, შეფასება გაკეთებულია 2023 წლის ბოლოს მდგომარეობით უცხოურ ვალუტაში (8 357 037 აშშ დოლარი) და შემდგომ 2020-2022 წლები გადათვლილია შესაბამისი წლის ბოლოს არსებული კურსებით (არ ითვალისწინებს პანდემიური პერიოდის დროს უძრავი ქონების ფასების სერიოზულ ვარდნას). ამასთან, გადამხდელი საჩივარს თან ურთავს უძრავი ქონების შეფასების დასკვნას და მიუთითებს, რომ შენობის ღირებულება გაანგარიშებულია შემოსავლების მეთოდით. ამ მეთოდით შენობის საბაზრო ღირებულება გამოდის დაახლოებით იგივე თანხა, რაც ამავე ექსპერტის მიერ ანალოგიების მეთოდით იქნა მიღებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №18992 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში ქონების გადასახადის დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33228 ბრძანება და ამავე თარიღის №002-316 საგადასახადო მოთხოვნა რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა ქონების გადასახადი 526 824 ლარის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კომპანია ფლობს უძრავ ქონებას (კომერციული ფართები) შემდეგ მისამართებზე: -------, -------. გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს განსაზღვრული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა (შენობა-ნაგებობების ღირებულება), კერძოდ, გადამხდელის მიერ დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები (2020წ. 7 738 734 ლარი, 2021წ. 7 728 981 ლარი, 2022წ. 7 700 902 ლარი) არ შეესაბამება აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებას. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით, რომლის მიხედვით, აღნიშნული ქონების ღირებულება 2020 წელს შეადგენდა 27 383 000 ლარს, 2021 წელს - 25 887 000 ლარს, 2022 წელს - 22 581 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით, რომლის მიხედვით, აღნიშნული ქონების ღირებულება განისაზღვრა 2020 წელს - 27 383 000 ლარით, 2021 წელს - 25 887 000 ლარით, 2022 წელს - 22 581 000 ლარით, რაც განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემებისგან (2020წ. 7 738 734 ლარი, 2021წ. 7 728 981 ლარი, 2022წ. 7 700 902 ლარი). აღნიშნულ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ დოკუმენტაციაზე, კერძოდ, წარმოდგენილია სს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შპს „-------“ (-----) მიერ მომზადებული საშემფასებლო ანგარიში (შეფასების დასკვნა).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს „-------“ (-----) მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს „-------“ (-----) მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კომპანია ფლობს უძრავ ქონებას (კომერციული ფართები). გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს განსაზღვრული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა (შენობა-ნაგებობების ღირებულება), კერძოდ, გადამხდელის მიერ დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები არ შეესაბამება აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებას. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით და პირს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შეფასების დასკვნა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202