გადაწყვეტილება №18350/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 18350/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18350/2/2022

02.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 2.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18350/2/2022).

 

დავის საგანი:

გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-130 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28146 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 252 234,02 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 125 526

ჯარიმა - 62 763

საურავი - 63 945,02

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით.

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, მისგან ორჯერ იქნა მოთხოვნილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, თუმცა არ წარუდგენია, რაზეც ორივე შემთხვევაში დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მიხედვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სმფ-ების რაოდენობრივი ანალიზი. მომჩივანს არ უფიქსირდება რეალიზებული ჯართის შესყიდვის ელექტრონული დოკუმენტები. ასევე, არ იყო წარდგენილი ჯართის ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტები. რეალიზებული სმფ-ების ღირებულებაზე გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და სარეალიზაციო ღირებულების 75% ჩაითვალა შესყიდვის ღირებულებად. დადგენილი შეძენები ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილად. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირებისგან შეძენილი სმფ-ების ღირებულება დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით.

სმფ-ების საბოლოო ნაშთი განისაზღვრა გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ დოკუმენტურად რეალიზებულის ოდენობით, ხოლო რაოდენობრივი ანალიზის დროს გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის ფასად რეალიზებულად. განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, გამოვლინდა აღურიცხავი ფულადი სახსრები, რომელიც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, პერიოდების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი წესით.

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-130 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28146 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 1333 მუხლზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველ პუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28146 ბრძანებას და თვლის, რომ იგი მიღებულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევა-შეფასების გარეშე, რის შედეგადაც მიღებული იქნა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:~

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების პროცესში მომჩივანს მიეცა გარკვეული ვადა ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარსადგენად, თუმცა, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა დოკუმენტების აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდება. ამასთან, მომჩივანს არ ჰქონდა დოკუმენტური შეძენები. შესაბამისად, რეალიზებული სმფ-ების ღირებულებაზე გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და სარეალიზაციო ღირებულების 75% ჩაითვალა შესყიდვის ღირებულებად. თუმცა, გადასახადის გადამხდელმა ვერ დაასაბუთა, რომ შესყიდვის აქტებით ხარჯები შესაძლოა სარეალიზაციო ღირებულების 75%-ზე მეტი იყოს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელისგან ორჯერ იქნა მოთხოვნილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, თუმცა, მან არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და აღნიშნული დოკუმენტაცია არ წარადგინა. ამასთან, არც დავის წარმოების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.