გადაწყვეტილება №18725/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 18725/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18725/2/2023

2.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 26.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18725/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეკლარაციაში განხორციელებული ცვლილების შედეგად საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანისთვის ჯარიმის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 17.10.2022 წლის №ა181-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2022 წლის №26980 ბრძანება;

3. საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2022 წლის №007-291 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 11.01.2023 წლის №115 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 4 040 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 616

ჯარიმა - 3 424

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელმა 7.09.2022 წლის №---------- განცხადებით ითხოვა №---------- იმპორტის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, საბაჟო ღირებულების შემცირება 2 536,31 ევროს ოდენობით, ანუ 4 970,85 ევროს ღირებულების საქონლის ჩანაცვლება 2 434,54 ევროს ღირებულების საქონლით. გადასახადის გადამხდელის განმარტებით:

საბაჟო დეკლარაციის დარეგისტრირება მოხდა №---------- ინვოისის მიხედვით და №---------- საბაჟო დეკლარაციით იმპორტის რეჟიმში მოექცა 27 კგ. წონის, 4 970,85 ევროს ღირებულების ტვირთი. დანიშნულების ადგილზე მიტანის შემდეგ, აღმოჩნდა როგორც დანაკლისი (1. 723,5 ევროს ღირებულების 25 ერთეული წინდების ნაცვლად 260,46 ევროს ღირებულების 9 ერთეული წინდა; 2. 4 437,35 ევროს ღირებულების, 165 ერთეული ელასტიური ბანდაჟის ნაცვლად 786,96 ევროს ღირებულების 27 ერთეული ელასტიური ბანდაჟი); ასევე, ზედმეტობა (1 197,12 ევროს ღირებულების 43 ერთეული ბიუსტჰალტერი).

დეკლარირებისას კომპანიის მიერ შეცდომით იქნა მიწოდებული ინვოისი. ხსენებული ფაქტის დასადასტურებლად, აღნიშნულ ტვირთთან დაკავშირებით, კომპანიამ №---------- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა №---------- ინვოისი, ---------- ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია და გამომგზავნი კომპანიის წერილი (----------), რომლითაც ადასტურებს შეცდომის ფაქტს და რეალურად გამოგზავნილი საქონლის რაოდენობასა და ღირებულებას (2 434,54 ევროს).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დაკმაყოფილდა კომპანიის თხოვნა №---------- იმპორტის საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებასთან დაკავშირებით 22-ე გრაფაში (ვალუტა და საქონლის საერთო ფაქტურული ღირებულება) მიეთითა 1 047,42 ევრო, პირველი პოზიციის 31-ე გრაფაში (საქონლის აღწერა და რაოდენობა) - ელასტიური ბანდაჟი 27 ერთეული, 35-ე გრაფაში (ბრუტო წონა) 16.2 კგ., 38-ე გრაფაში (ნეტო წონა) 14 კგ., 42-ე გრაფაში (საქონლის ღირებულება) 260,46 ევრო; მეორე პოზიციის 31-ე გრაფაში (საქონლის აღწერა და რაოდენობა) - წინდები, 33-ე გრაფაში (საქონლის კოდი) - 61151010000, 35-ე გრაფაში (ბრუტო წონა) 5 კგ., 38-ე გრაფაში (ნეტო წონა) 4 კგ., 41-ე გრაფაში (დამ. ზომის ერთეული) - 9 ცალი, 42-ე გრაფაში (საქონლის ღირებულება) 786.96 ევრო.

კომპანიას დამატებით გადასახდელად განესაზღვრა იმპორტის გადასახდელი (დღგ) 616,26 ლარი და საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - 3 423,64 ლარის ოდენობით.

შემოწმების შედეგები აისახა 17.10.2022 წლის №ა181-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 25.10.2022 წლის №26980 ბრძანება და ამავე თარიღის №007-291 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 24.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.01.2023 წლის №115 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოცემული შემთხვევა წარმოადგენს განსაკუთრებული შეფასების საგანს და იგი არ შეიძლება განხილული და გადაწყვეტილი იქნას იმავე კრიტერიუმებითა და წესებით რა კრიტერიუმები და წესებიც გამოიყენება ე.წ. „სტანდარტული სამართალდარღვევის“ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამრღვევი პირი, თავისი ქმედებით, რეალურად ახორციელებს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობას. სახელდობრ, ხსენებული ნორმის თანახმად პირის სამართალდამრღვევად მისაჩნევად აუცილებელი და სავალდებულოა რომ ხორციელდებოდეს შემდეგ პირობათაგან ერთ-ერთი: ა) საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან ბ) მისგან მალულად შემოტანა, რომელთაგანაც არცერთის არსებობა არ იკვეთება ამ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.

ფაქტობრივ გარემოებებზე სრულფასოვანი სურათის შექმნის მიზნით განმარტავს რომ არსებული მოცემულობა გამოწვეულია ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო, არასწორად მოხდა საბაჟო ორგანოსადმი ინვოისის მიწოდება, კერძოდ ნაცვლად სათანადო პროდუქციის ინვოისის, განხორციელდა ძველი ინვოისის წარდგენა რომელზედაც უკვე დაბეჭდილი იყო დეკლარაცია. აღსანიშნავია რომ ინვოისი, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ და გამოავლინა დარღვევა კომპანიის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნითა დაცვით გახლდათ განბაჟებული. შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა აბსოლუტურად არ ასახავს საქმის რეალურ გარემოებებს და ფაქტს, რის გამოც მოცმული შემთხვევის შეფასებისა და რეგულირებისათვის ხელმძღვანელობა არ უნდა განხორციელდეს „შეცდომით“ წარმოდგენილი ინვოისის მიხედვით.

ის ფაქტი რომ კომპანიას საბაჟო წესების გვერდის ავლით პროდუქტის გატანის განზრახვა არ ჰქონია, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ კომპანიის ინიციატივისა და საბაჟო ორგანოსადმი მომართვის გარეშე, კონკრეტული საკითხი უდავოდ დარჩებოდა საბაჟო ორგანოების ყურადღებისა და რეაგირების მიღმა. შეცდომის გამოვლენისთანავე, მყისიერ რეჟიმში განხორციელდა საბაჟო ორგანოებისადმი შესაბამისი ახსნა-განმარტებისა და წერილობითი მტკიცებულებების წარდგენა და საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა მომხდარიყო დეკლარაციის კორექტირება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორციელდა. მიაჩნია რომ ზემოთმოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, სრულებით გაუმართლებელია საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნორმებზე დაყრდნობა, ვინაიდან მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს მხოლოდ იმგვარ შემთხვევებს, როდესაც საქონლის გატანა ხორციელდება კანონმდებლობისგან გვერდის ავლით ან მალულად, რისი ნიშნებიც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ამ საქმეზე არ იკვეთება, რამდენადაც კომპანიის დამოკიდებულება და ქმედებები, ინვოისთან დაკავშირებით შექმნილი გაუგებრობის ყველა ეტაპზე გახლდათ აბსოლუტურად კეთილსინდისიერი და არ არსებობს არცერთი გარემოება, რომელიც თეორიულად მაინც მისცემს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ კომპანიას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მალულად, ტვირთის შემოტანის სურვილი, განზრახვა ან მოტივი გააჩნდა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ მოქმედებდა კონკრეტული ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერად, კანონის ფარგლებში.

შექმნილ მოცემულობაში, სამართალდარღვევასთან მიმართებით ერთადერთი ახსნა რაც ბუნებაში შეიძლება არსებობდეს გახლავთ ის რომ გამოვლენილი ხარვეზი/ქმედება ჩადენილია არ ცოდნით/შეცდომით. განსახილველი შემთხვევის რეგულირება უნდა განხორციელდეს საქართველოს საბაო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით. რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან კომპანიას ყველა ქმედება საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე ნაკარნახევი გახლდათ კანონიერებისა და კეთილსინდისიერების აბსოლუტური დაცვით.

ხაზგასასმელია რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თაობაზე რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს რომ საბაჟო სამართალდარღვევის არსებობისათვის პირის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო. ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს, რომ ქმედების მართლსაწინააღმდეგობის შესაფასებლად გადამწყვეტია იმის შეფასება აცნობიერებდა თუ არა პირი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და მართლსაწინააღმდეგოო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, აღნიშნული კრიტიკული ელემენტის შეფასებისას, პასუხი გახლავთ კატეგორიულად უარყოფითი, რადგან რასაკვირველია კომპანია ვერანაირი ფორმით ვერანაირ მოცემულობაში ვერ შეძლებდა განეჭვრიტა და გაეცნობიერებინა, რომ ლოჯისტიკურ შეცდომას დაუშვებდა თანამშრომელი და ინვოისს შეცდომით წარადგენდა. მაშასადამე სახეზე არ გვაქვს ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რაც ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პასუხისმგებლობის გამორიცხვისა და საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე ქმედების შეცდომით/არცოდნით ჩადენილად კვალიფიკაციის საფუძველს. აღნიშნულ მსჯელობას განამტკიცებს ისიც, რომ კომპანია არის გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელი, რომელიც მუდამ დროულად ასრულებს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. შესაბამისად ცალსახაა, რომ არ არსებობს კომპანიის მიერ სამართალდარვევისათვის დამახასიათებელი შემადგენლობა, კერძოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი და შესაბამისად არც ბრალი და დაშვებული შეცდომის მიმართ კომპანია არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერი შემთხვევაში გამოიყენოს საჯარიმო სანქცია. ამასთანავე, დამკვიდრებული და გაბატონებული შეხედულების თანახმად გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება. საგადასახადო კოდექსის გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების“ ან „არაკეთილსინდისიერების“ ცნებას. თუმცა, კეთილსინდისიერების საკითხის გადაწყვეტისა და კონკრეტული სამართალდარღვევის ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას ქმედებასთან დაკავშირებით. ცალსახა ფაქტია რომ კომპანიას დამოკიდებულება იყო შედეგის გამოსწორებისაკენ მიმართული. ამასთან იგი მოქმედებდა ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა. რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას, მაშასადამე მას არ გაჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. აღნიშნულს ადასტურებს სწორედ ის გარემოება, რომ კომპანიას სურდა დაუყონებლივ გამოსწორებულიყო დაშვებული შეცდომა. მოცემულ შემთხვევაში როგორც საბაჟო ასევე საგადასახადო კანონმდებლობის მიზანს წარმოადგენს პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, როდესაც ის მოქმედებს სამართლებრივ ფარგლებში, რაც უდავოდ დასტურდება განსხვავებული საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობით, აქვე სურს დამატებით აღნიშნოს რომ სანქციის სახით ბრძანებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება კომპანიისთვის წარმოადგენს რეპუტაციული იმიჯის შემლახავ პრეცედენტს რაც თავის მხრივ მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობაზე.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბრძანებით გამოყენებული მუხლები არანაირ შემხებლობაში არ იმყოფება მოცემულ საქმეზე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებასთან, ბრძანებაში მოყვანილი ნორმები წარმოადგენს სრულებით უკონტექსტოდ დასახელებულ ამონარიდებს საქართველოს საბაჟო კოდექსიდან, რომელიც საქმის არსის გარკვევის გარეშე იქნა მორგებული მოცემულ დავაზე. კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა სუბსუმცია, სახელდობრ - კონკრეტული სამართლებრივი ნორმის მისადაგება საქმეზე გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. უგულვებელყოფილია ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე პრინციპი, რომლის მიხედვით სამართლის ნორმის შეფარდება უნდა განხორციელდეს კონკრეტულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევის საფუძველზე. მოცემულ საქმეზე ნორმის სწორად შეფარდებისა და გამოყენებისათვის არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მხარის ნების დადგენას კონკრეტულ პოტენციურ სამართალდარღვევასთან მიმართებით. კერძოდ ის გარემოება რომ კომპანიას საბაჟო წესების გვერდის ავლით პროდუქტის გატანის განზრახვა არ ჰქონია, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება იმ გარემოებითაც რომ კომპანიის ინიციატივისა და საბაჟო ორგანოებისადმი მომართვის გარეშე, კონკრეტული საკითხი უდავოდ დარჩებოდა საბაჟო ორგანოს ყურადღებისა და რეაგირების მიღმა. უფრო მეტიც რომ არა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის კეთილსინდისიერი და გამჭირვალე მიდგომები, მოცემულ შემთხვევაში ვერ იდენტიფიცირდებოდა. აგრეთვე არსებულ საქმეში არსობრივად სამართალდარღვევის ფაქტი არ დამდგარა ვინაიდან ტვირთის „არადეკლარირებულობას“ რეალურად ადგილი არ ჰქონია.

ითხოვს სრულად გაუქმდეს დაკისრებული სანქცია და განხორციელდეს დეკლარაციის სათანადოდ კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

მომჩივნის განმარტებით არსებული მოცემულობა გამოწვეულია ტექნიკური ხასიათის შეცდომის გამო, არასწორად მოხდა საბაჟო ორგანოსადმი ინვოისის მიწოდება, კერძოდ ნაცვლად სათანადო პროდუქციის ინვოისის, განხორციელდა ძველი ინვოისის წარდგენა რომელზედაც უკვე დაბეჭდილი იყო დეკლარაცია. შეცდომის გამოვლენისთანავე, მყისიერ რეჟიმში განხორციელდა საბაჟო ორგანოებისადმი შესაბამისი ახსნა-განმარტებისა და წერილობითი მტკიცებულებების წარდგენა და საბაჟო დეპარტამენტს ეთხოვა მომხდარიყო დეკლარაციის კორექტირება. სამართალდარღვევასთან მიმართებით ერთადერთი ახსნა რაც ბუნებაში შეიძლება არსებობდეს გახლავთ ის რომ გამოვლენილი ხარვეზი/ქმედება ჩადენილია არ ცოდნით/შეცდომით. რასაკვირველია კომპანია ვერანაირი ფორმით ვერანაირ მოცემულობაში ვერ შეძლებდა განეჭვრიტა და გაეცნობიერებინა, რომ ლოჯისტიკურ შეცდომას დაუშვებდა თანამშრომელი და ინვოისს შეცდომით წარადგენდა. ცალსახაა, რომ არ არსებობს კომპანიის მიერ სამართალდარვევისათვის დამახასიათებელი შემადგენლობა, კერძოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი და შესაბამისად არც ბრალი და დაშვებული შეცდომის მიმართ კომპანია არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი.

დადგენილია რომ მომჩივანმა თავად მიმართა საბაჟო დეპარტამენტს №---------- საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განსახორციელებლად და მოითხოვა საბაჟო ღირებულების შემცირება 2 536,31 ევროს ოდენობით. ცვლილების მიზეზად მიუთითა, რომ საბაჟო დეკლარაციის დარეგისტრირება მოხდა შეცდომით წარდგენილი (№----------) ინვოისის მიხედვით და შედეგად აღმოჩნდა საქონლის როგორც დანაკლისი ასევე, ზედმეტობა. ფაქტის დასადასტურებლად, აღნიშნულ ტვირთთან დაკავშირებით, კომპანიამ წარადგინა სწორი ინვოისი №----------, ---------- ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია და გამომგზავნი კომპანიის წერილი (----------), რომლითაც ადასტურებს შეცდომის ფაქტს და რეალურად გამოგზავნილი საქონლის რაოდენობასა და ღირებულებას (2 434,54 ევროს).

აღნიშნული საფუძველი გახდა საბაჟო დეპარტამენტისთვის დაეკმაყოფილებინა კომპანიის თხოვნა და განეხორციელებინა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2022 წლის №007-291 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისაგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.