გადაწყვეტილება №18366/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 18366/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18366/2/2022

2.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ -ის 4.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18366/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საბაზრო ფასის მიხედვით ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №002-129 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28681 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 146 230,76 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 86 975

ქონების გადასახადი (მიწა)- 75

ქონების გადასახადი - 5 400

საშემოსავლო გადასახადი - 81 500

ჯარიმა - 43 487,5

საურავი - 15 768,26

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 19.07.2022 წლის №002-129 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28681 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემული უძრავი ქონების ღირებულების დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარებინა შემცირებას;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28681 ბრძანება არ დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საბაზრო ფასის მიხედვით ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი 1.01.2019 წლიდან 30.07.2021 წლამდე ქალაქ ---------- ში ფლობდა 174.1 კვ.მ. საოფისე ფართს (საკადასტრო კოდი: ----------) და 79 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: ---------- ). აღნიშნული ქონების ღირებულება შეფასებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, რომლის დასკვნის მიხედვით, საოფისე ფართის ღირებულებამ 31.12.2019 წლის მდგომარეობით შეადგინა 252 000 ლარი, 31.12.2020 წლის მდგომარეობით - 288 000 ლარი, ხოლო 4.08.2021 წლის მდგომარეობით - 273 000 ლარი. 79 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულებამ 31.12.2019 წლის მდგომარეობით შეადგინა 49 000 ლარი, 31.12.2020 წლის მდგომარეობით - 56 000 ლარი, ხოლო 4.08.2021 წლის მდგომარეობით - 53 000 ლარი.

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ და 41 ნაწილებზე, 203-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებს. განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონების ღირებულებამ შეადგინა 252 000 ლარი, რომლის 1% არის 2 520 ლარი. გადამხდელი თვლის, რომ აღნიშნული თანხა უნდა დარიცხულიყო როგორც 2019 წელს, ისე 2020 წელზე. შემოწმებით კი 2020 წლის ქონების გადასახადი გაზრდილია და შეადგენს 2 880 ლარს. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილზე და №1417 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე. ასევე, არ ეთანხმება აღნიშნულ ნაწილში 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვას. მიუთითებს, რომ ქონებას საბალანსო ღირებულება აღარ გააჩნია და გადასახადი დაერიცხა შემოწმებისას მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ქონების გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ ეთანხმება ყოველი წლის ბოლოს საბაზრო ფასების ხელახლა გაანგარიშებას და ამგვარად სხვადასხვა ღირებულების 1%-ის დარიცხვა არასწორია. ამას გარდა, შემოწმებით გაანგარიშებულ ქონების გადასახადზე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხულია ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის, რაც არამართებულია. კომპანიის ქონებას საბალანსო ღირებულება აღარ გააჩნია და გადასახადი დაერიცხა მხოლოდ შემოწმებისას მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრიდან გამომდინარე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, 2019 წლისათვის განსაზღვრული ქონების საბაზრო ღირებულება ფიქსირებულად უნდა გამოიყენებოდეს შემდეგი 3 წლის განმავლობაში. ამასთან, ვინაიდან მომჩივნის ქონებას საბალანსო ღირებულება აღარ გააჩნია და გადასახადი დაერიცხა მხოლოდ შემოწმებისას მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის „ა’’ პუნქტის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო, საურავი მომჩივანს უნდა დაეკისროს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანს დაერიცხა ჯარიმა - 43 487,5 ლარი და საურავი - 15 768,26 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერია, ქონების გადასახადში დარიცხვა გამოწვეულია შეცდომის გამო. მომჩივანი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28681 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მოახდინოს პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.