ბრძანება N 24514

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.11.2024
№ დოკუმენტი 24514
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24514

20 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----------ის (ს/ნ ---------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------,იურ. მის.: -------------------------)

2024 წლის 10 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 აგვისტოს და 7 ნოემბრის სხდომებზე (ოქმი №86, №119) განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ ---------------) 2024 წლის 10 ივლისის №90640/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 ივნისის №001-131 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და აცხადებს, რომ მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები უნდა გაანგარიშდეს ჩატარებული ინვენტარიზაციების ფარგლებში განხორციელებული აღწერის მასალებში დაფიქსირებული თვითღირებულებებისა და სარეალიზაციო (საბაზრო) ფასების მიხედვით განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით ან უკიდურეს შემთხვევაში, იმავე საბაზრო სივრცეში მსგავსი საქმიანობის მქონე მეწარმეებთან საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი სამართლიანი ფასნამატის გამოყენებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 მაისის №12093 და 18 ივნისის ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ -------------ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 ივნისის №15155 ბრძანება და ამავე თარიღის №001-131 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 498 541 ლარი, მათ შორის, გადასახადი 271 051 ლარი, ჯარიმა 133 179 ლარი და საურავი 94 310 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა ტანისამოსის -------დან იმპორტი და ------- ბაზრობის ტერიტორიაზე რეალიზაცია მაღაზიის ტიპის ობიექტიდან. საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით 2021 წლის შემოსავალი შეადგენს 603 638 ლარს, 2022 წლის - 273 995 ლარს, 2023 წლის - 362 040 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №2950 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა. 2024 წლის 21 მარტის №CB1604411 ოქმის საფუძველზე გამოვლინდა 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის დანაკლისი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 10%-ის ოდენობით. ინვენტარიზაციის ფასნამატად განისაზღვრა 91%. აღნიშნულის შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და ამავე სამსახურის 2024 წლის 28 მაისის №12330 ბრძანებით არ იქნა დაკმაყოფილებული. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 მაისის №12071 ბრძანების საფუძველზე კიდევ ჩატარდა მეწარმესთან სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ პირი აღნიშნული თარიღისთვის ფლობდა სმფ-ების ნაშთს 1 117 614 ლარის საბაზრო ღირებულებით. შემოწმებისთვის წარმოდგენილია საბანკო ანგარიშთა ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებული არ აქვს, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სმფ-ების ინვენტარიზაციებზე დაყრდნობით, ფასნამატად გამოყენებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატი 91%-ის ოდენობით. შემოსავალი შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად, ზემოაღნიშნულ ფასნამატზე დაყრდნობით. 2024 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებულ იქნა 2024 წლის 21 მარტის №CB1604411 ოქმის საფუძველზე გამოვლენილი 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის დანაკლისის მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

. გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯებია: 2021 წელს შეძენილი საქონელი 334 381 ლარის ოდენობით, ხელფასის ხარჯი - 1500 ლარი, სხვა ხარჯები - 19 679 ლარი, 2022 წელს შეძენილი საქონელი 158 990 ლარის ოდენობით, ხელფასის ხარჯი - 3 438 ლარი, სხვა ხარჯები - 13 967 ლარი, 2023 წელს შეძენილი საქონელი 453 427 ლარის ოდენობით, ხელფასის ხარჯი - 3 875 ლარი, სხვა ხარჯები - 18 678 ლარი. შემოწმების შედეგად გაანგარიშებულმა შემოსავალმა შეადგინა 2021 წელს - 1 016 890 ლარი, 2020 წელს - 401 549 ლარი, 2023 წელს - 362 040 ლარი. ასევე, ჩატარებული ინვენტარიზაციის საფუძველზე კორექტირებას დაექვემდებარა 2023 წლის საბოლოო სმფ-ის დეკლარირებული ნაშთი 788 088 ლარით ნაცვლად 705 194 ლარისა, შეძენილი სმფ - 447 855 ლარით, ნაცვლად 453 427 ლარისა. ასევე, შემცირებას დაექვემდებარა გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ხოლო 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის დანაკლისი. მეწარმეს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებული არ ჰქონდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

რაც შეეხება გამოყენებულ ფასნამატს, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №2950 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად პირი დაჯარიმდა 24724,9 ლარის ოდენობით, აღნიშნულზე შედგა 2024 წლის 21 მარტის №CB1604411 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურსა და შემდგომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 მაისის №12330 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 სექტემბრის №23313/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანება, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, ფასნამატისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული საბაზრო ფასებით ხელმძღვანელობა.

. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება ი/მ -------------ის (ს/ნ ---------------) მიმართ 2024 წლის 21 მარტს შედგენილი №CB1604411 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე დაერიცხოს №CB1604411 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული 24724,9 (247249 X 10%) ლარის ნაცვლად ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად 7564,02 (75640.21 X 10%) ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე გამოიცა 2024 წლის 29 ოქტომბრის №001-94 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, გადამხდელს განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 7 564,02 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიუთითებს, რომ ვინაიდან შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის შედეგად შეიცვალა ინვენტარიზაციის შედეგები, აუდიტის დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს საბოლოოდ დადგენილი შედეგების გათვალისწინებით.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ -------------ის (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს .

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12093 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №15155 ბრძანება და №001-131 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 498 541 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით მომჩივანის 2021 წლის შემოსავალი შეადგენს 603 638 ლარს, 2022 წლის - 273 995 ლარს, 2023 წლის - 362 040 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №2950 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა. №CB1604411 ოქმის საფუძველზე გამოვლინდა 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის დანაკლისი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 10%-ის ოდენობით. ინვენტარიზაციის ფასნამატად განისაზღვრა 91%. აღნიშნულის შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და ამავე სამსახურის №12330 ბრძანებით არ იქნა დაკმაყოფილებული.

შემოსავლების სამსახურის №12071 ბრძანების საფუძველზე კიდევ ჩატარდა მეწარმესთან სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ პირი აღნიშნული თარიღისთვის ფლობდა სმფ-ების ნაშთს 1 117 614 ლარის საბაზრო ღირებულებით. შემოწმებისთვის წარმოდგენილია საბანკო ანგარიშთა ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებული არ აქვს, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სმფ-ების ინვენტარიზაციებზე დაყრდნობით, ფასნამატად გამოყენებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფასნამატი 91%-ის ოდენობით. შემოსავალი შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად, ზემოაღნიშნულ ფასნამატზე დაყრდნობით. 2024 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში გათვალისწინებულ იქნა №CB1604411 ოქმის საფუძველზე გამოვლენილი 247 249 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ის დანაკლისის მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1);